სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითის თანახმად, ძვალი ძაღლისთვის საუკეთესო საჩუქარი და ნამდვილი დელიკატესია. თუმცა, ვეტერინარები და ცხოველთა უფლებების დამცველები ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს ჩვეულება ოთხფეხა მეგობრებისთვის ხშირად ფატალური შდეგის ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება.
ცნობილი ბლოგერი და ცხოველთა უფლებების დამცველი პაატა წამალაშვილი განმარტავს, თუ რატომ არის ძაღლთვის ძვლის მიცემა უდიდესი რისკის შემცველი და რა უსაფრთხო ალტერნატვა არსებობს ოთხფეხა მეგობრების სტრესის შესამცირებლად?

„ძაღლისთვის ძვალი კარგი არ არის. უბრალოდ არ არის და ეს როგორმე უნდა მივიღოთ და გავითავისოთ.
რომ იცოდეთ, ვეტერინარიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადაუდებელი შემთხვევები ძვლებთან არის დაკავშირებული.
ძვალი განსაკუთრებით მოხარშული, ძალიან ადვილად ტყდება ბასრ ნატეხებად. ამ ნატეხებმა კი შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ, საყლაპავი, კუჭი ან ნაწლავები. ზოგჯერ კი ნაწლავების გაუვალობა გამოიწვიოს, რაც ქირურგიულ ჩარევას ასაჭიროებს.

რაც შეხება უმ ძვალს, რისკები აქაც არსებობს.
ამ შემთხვევაში არსებობს ბაქტერიული დაბინძურების, კბილის მოტეხილობისა, გადაყლაპული დიდი ნაჭრის გამო დახრჩობის ან ძვლის ნაწლავში გაჭედვის რისკი.
თუ გინდათ, რომ ძაღლმა ღეჭვის ბუნებრივი ინსტინქტი უსაფრთხოდ დაიკმაყოფილოს, ბევრად უკეთესი არჩევანია სპეციალურად ძაღლებისთვის შექმნილი საღეჭი სათამაშოები, ვეტერინარული დენტალური საღეჭები ან გამძლე რეზინის ნივთები, რომელშიც საკვებსაც ჩაუდებთ.

ასე ძაღლი ერთდროულად ერთობა, სტრესსაც ამცირებს და კბილებსაც უსაფრთხოდ იყენებს.
2026 წელია და უბრალოდ აღარაა არგუმენტი ის, რომ ადრე ძაღლები ძვალს ჭამდნენ. ჭამდნენ და უამრავი პრობლემაც ჰქონდათ. მეცნიერებამ შესანიშნავი ალტერნატივები შექმნა და ჯობია ამ ხაზს გავყვეთ. ამას პირადი გამოცდილებით გეუბნებით," - გვირჩევს ბლოგერი.
08/03/2026