
10/12/2026
"ბრძოლა - ბერი გაბრიელი" - გია კაჭარავას ამ ფილმის დახურულ ჩვენებას დიდი ინტერესით დავესწარი. ინტერესი მასთან დაკავშირებულმა ხმაურმა გამიმძაფრა. 67 წლის გია კაჭარავას 12 წელია ეს პროექტი ბრძოლით მოაქვს. ამ ხნის მანძილზე იყო სასამართლოც, ჭიდილიც, პროექტის გაჩერებაც, იმის მტკიცებაც, რომ ამ ფილმს ასაკრძალი არაფერი აქვს და უნდა გადაიღოს...
ცოტა დრო არ არის, არადა, არც მხრები ჩამოუყრია და არც იმედი გადაუწურავს. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც იქნა, დაიწყო ფილმის გადაღება და დაიწყო სასწაულებიც: სიკვდილს გადარჩა ორი ადამიანი, ვიღაც განიკურნა... იქით, გადაღების დროს, მოულოდნელად ამინდი იცვლებოდა, ცხოველები მოდიოდნენ და გაწვრთნილებივით თამაშობდნენ.
ალბათ, ნორმაც არის - წმინდანზე იღებდე ფილმს და მას თან სასწაულების შლეიფი მოსდევდეს.
რეჟისორი და სცენარის ავტორი, გია კაჭარავაა. ის ამბობს, რომ მამა გაბრიელთან დიდ ხნიანი ურთიერთობა აქვს. ეს სულთა კავშირი იმ წიგნმა განაპირობა, რომელიც 1990 წელს მოსცა - "ვინ არის იესო ქრისტე", "ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულება".
გია კაჭარავა: სიზმარი ვნახე, მამა ელისესთან ვიყავი და ამ თემაზე აღსარება ჩავაბარე. გამომეცხადა მამა გაბრიელი. მკითხა, როგორ დასრულდა სიზმარიო, ბოლოს პირჯვარი გადამსახა-მეთქი. ნუ გეშინიაო, მითხრა მამა ელისემ. მერე მამა შალვამ მითხრა, ნუ გეშინია, ყველაფერი თავისით დალაგდებაო. ვერც კი ხვდებიან რამხელა წმინდანს დაუპირისპირდნენო.
ჩემი და მამა გაბრიელის ურთიერთობა დიდი ხანია დაიწყო. მე მასთან პირადად არ მისაუბრია, თუმცა მცხეთაში მინახავს. მითხრეს შენი გამოცემული წიგნი აქვს ბერ გაბრიელს და გლოცავს ამ წიგნის გამოო.

ფილმში ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის - ბერი გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის ცხოვრების იმ პერიოდს იხილავთ, როდესაც რეპრესიული სისტემა, მასზე ზეწოლით ცდილობდა მის მორალურ თუ ფიზიკურ განადგურებას. როგორ ხელოვნურად უგორებდნენ ჭორებს, რომ ვითომ იყო ლოთი, მამათმავალი, მექალთანე, ვერცხლის მოყვარული... და გიჟი! მის მონათხრობს, რომ იხილა ეშმაკიც და ხედავდა უფალსაც, უთვლიდნენ სიგიჟეში. მისთვის ამ სარჩულის მიკერება აწყობდათ, რადგან ბერს ერში სარწმუნოების ცეცხლი არ დაენთო და მრევლი აკრძალულ ტაძრებში არ მიეყვანა. გიჟია და რა უნდა მოსთხოვო - ზურგს უკან ამბობდნენ.
როცა საბჭოთა იმპერიის სიმბოლო - ლენინის 12 მეტრიანი პლაკატი დაწვა, ბერი გაბრიელი დაიჭირეს, სასიკვდილოდ სცემეს, დახვრეტის მოლოდინში ამყოფეს, რასაც ღვთისმშობლის კურთხევით, სასწაულებრივად გადაურჩა.
ცხადია, საინტერესოა, ვინ ასრულებს წმინდანის როლს. მსახიობი ზურა ავსაჯანიშვილი მოგაგონებთ მამა გაბრიელს. არის ვიზუალური მსგავსება. აქვს ღრმა თვალები. თამაშისას აღმოაჩენ, რომ კარგად აქვს შესწავლილი წმინდა ბერის მოძრაობები, ხელების გაშლა, გამომეტყველების მიღება, ხმის ტემბრის მამა გაბრიელისეული გარდასახვები. ოსტატურად ხან ამაღლება, ხან დადაბლება. არტისტულად საუბრობდაო, ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამთ მის სულიერ შვილებს. მის როლში ზურაც ასე საუბრობს.

ზურა ავსაჯანიშვილი: ვაღიარებ, რომ არ ვიყავი ეკლესიური. ბერი გაბრიელის როლზე რომ დამამტკიცეს, გადაღებაზე წასვლის წინ, მეუღლის თხოვნით, ჩავედი ჩვენს სახლთან მდებარე ტაძარში. მამა შალვას იქნებ დაელაპარაკოო. მესანთლემ მითხრა, მამა შალვა არ იქნება და მამა ლუკაა აქ და იქნებ მას გაესაუბროთო. დაველოდები-მეთქი. ვდგავარ, მამაო წირავს. გამოვიდა და ფეხებიდან ზევით ავაყოლე თვალი და ოლარზე მთლიანად ამოქარგულია მამა გაბრიელი! მამაო მაღალია და თვალი ბოლომდე ავაყოლე და მე და ოლარზე გამოსახული მამა გაბრიელი, ერთ სიმაღლეზე ვიყავით. ვიფიქრე, მეტი ნიშანი რაღა უნდა მომცეს-მეთქი. იმის მერე ჩემი სანთელი მამა ლუკაა... უკვე ვცდილობ ვიყო ეკლესიური.

ამ ფილმზე მუშაობის პროცესში სასწაული მოხდა ვახო ნოზაძის ცხოვრებაშიც. ის უარყოფით როლს ასრულებს, კაგებეს ჩინოვნიკია.
ვახო ნიზაძე: ჩემი ხელის ტკივილები ყველამ იცის. საშინელი ტკივილები მქონდა. 12 წელი აღსარება არ მქონდა ნათქვამი. ავედი კუკიის სასაფლაოზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, ღამის ლოცვაა. ველოდები მამა კონსტანტინეს. გაშეშებული ვდგავარ, ვერ ვჩერდები. ორ დღეში გადაღებებზე ფოთში მივდივარ და მინდა მოძღვარი ვნახო. ერთ მომენტში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ჯერ რომ არ მქონია, ისეთი, ხელი მომენგრა. გავიხედე და თურმე, მამა გაბრიელის ხატთან ვდგავარ. მანადე არ შემიხედავს. გამაყუჩებლები სულ ჯიბით დამქონდა. ერთი კვირის მერე მივხვდი, რომ წამალს აღარ ვსვამ, ხელი აღარ მტკიოდა. მერე მითხრეს, ხატს სცოდნია დასხივება, იქვე არჩენს ადამიანებს.

ზურა ავსაჯანიშვილი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ფილმის გადაღებისას განვლილ გზაზე ის უფალს დაუახლოვდა და მასში გაცილებით მძაფრად შემოვიდა ღმერთის სიყვარული.
ზურა ავსაჯანიშვილი: - უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება. უფალს ბოდიშს ვუხდი ასე რომ ვსაუბრობ. რაღაც რომ გეძლევა ადამიანს, იმ დროს ვერ აანალიზებ, რამხელა მადლი გადმოვიდა, როგორი ძალა მოგეცა.
სულ რომ ფილმი არ გამოსულიყო, იმად ღირდა, რომ ჩემში ღმერთის სიყვარული შემოვიდა. რწმენაში უფრო შევედი.
შეიძლება ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მე უფალთან მივსულიყავი. მე ეს ბევრ რამეში დამეხმარა. გარდა იმისა, რომ რწმენა შევიძინე, ბევრ რამეში დამეხმარა.
- რა შეცვალა თქვენში ეკრანზე მამა გაბრიელის სახის გაცოცხლებამ?
- ჩემში ყველაფერი შეცვალა. მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. სიყვარული მხოლოდ - მე შენ მიყვარხარ არ ყოფილა. სიყვარული უფრო დიდი და მასშტაბურია. მას შეგრძნება უნდა. ჯერ კიდევ გზას გავდივარ და დრო უნდა გავიდეს, რომ ვილაპარაკო. ჯერ ვერ ვაცნობიერებ.
თავდაპირველად, შემოთავაზებული როლი მივიღე, როგორც მსახიობმა. მერე ხვდები, რომ ეს მთლად როლი არ არის, შენ ამას ვერ გააკეთებ. მასზე მუშაობა რომ დავიწყე და პროფესიონალურად რომ მივუდექი ამ საკითხს, მივხვდი, რომ მხოლოდ მისი მანერები რომ გადმომეღო, შემეშინდა კარიკატურა არ გამხდარიყო. მას კი ვემსგავსებოდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ეს არ იქნება ის, რაც უნდა იყოს.
მამა გაბრიელმა რა პერიოდშიც იცხოვრა, რა ტკივილები დაითმინა და რა გზაც გაიარა საბჭოთა კავშირში, უწმინდურების და ათეისტების გარემოცვაში; 36 წლის ასაკში ამხელა იმპერიის წინააღმდეგ წახვიდე და დაუპირისპირდე მას, ადვილი არ არის. ის ადამიანი იყო და მინდოდა, მისი ადამიანური ბუნებაც - ტკივილები, შეგრძნებები მეჩვენებინა. მის მიმართ ყველას უნდობლობა ჰქონდა, გიჟად იყო შერაცხული. ძნელია ასეთ დროს მისი შინაგანი განცდების წარმოდგენა. მინდოდა ამ ახალგაზრდა კაცის ცხოვრება ამ შეგრძნებებით მეჩვენებინა, რომ ეს არ იყო უბრალო გზა. ასევე მინდოდა მეჩვენებინა, რომ არსებობს გმირი. შეიძლება ვიღაცისთვის რელიგია არ იყოს მთავარი ასპექტი და ბერის ფაქტორი - მნიშვნელოვანი, ვიღაცას ბერის არ სჯერა, მაგრამ სჯერა გმირის. ამ ყველაფრის გაერთიანება მინდოდა. ის გმირიც იყო, ბერიც იყო... ასეთი გზა დასაფასებელია და ჩვენ უნდა მოვტრილდეთ რწმენისკენ და უფლისკენ.

- რა მოჰყვა წმინდანის განსახიერებას?
- მინდა ფილმი ეკრანებზე მაყურებელმა ნახოს და ასე მაქვს ჩაფიქრებული, მერე მოვყვე სასწაულებზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ჯერ ნიშანს ველოდები.

ფილმი "ბრძოლა - მამა გაბრიელი" ეკრანებზე 22 ოქტომბრიდან გამოდის და ის აუცილებლად უნდა ნახოთ. მას შეუძლია რწმენაში განგამტკიცოთ, გაიხსენოთ, ან თუნდაც აღმოაჩინოთ, რა მორალურ წნეხს გადიოდა ჩვენი დროის უდიდესი წმინდანი საბჭოთა იმპერიის დროს და რა ძალისხმევის ფასად ცდილობდა ადამინების სულების გადარჩენას. ვინც არ იცის, მათ ეკრანიდან ეუბნება, რომ ეკლესიების გარშემო უამრავი ეშმაკია, რომ იქ ადამიანები არ შეუშვან, ამიტომ ინერწყვებოდა ტაძრებთან ჩავლისას, ხოლო რესტორნების წინ პირჯვარს იწერდა, რადგან იქ ანგელოზები ტრიალებდნენ, რომ იქნებ ვინმე ეხსნათ ცოდვებისგან. ბევრ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფრაზას და ფრაგმენტს გამოიყოლებთ კინოდარბაზიდან, რაც ბერი გაბრიელის ცხოვრებიდან ამ მხატვრულ ფილმშია გაცოცხლებული.
22 ოქტომბრიდან - კინოთეატრებში.
გააზიარე სტატია