Logo

კულტურა

სასწაული სპირიდონ ტრიმიფუნტელისგან, რომელსაც ანგელოზების მხატვარი ჰყვება

სასწაული სპირიდონ ტრიმიფუნტელისგან, რომელსაც ანგელოზების მხატვარი ჰყვება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მედეა კეიდიას საზოგადოება იცნობს, როგორც ანგელოზების მხატვარს. ხატვა გვიან დაიწყო. მანამდე ხილვა ჰქონდა. მერე მოვიდა ფერებით თხრობის ეტაპი და შიგნიდან ამოხეთქილ ნიაღვარს, ანგელოზები ამოჰყვნენ. დღეს, მედეა კეიდიას ანგელოზები, ბევრი ადამიანის სახლის კედლებს ამშვენებს. ეს ირეალური და მშვიდი არსებები იმდენად დადებით ენერგეტიკას აფრქვევენ, თვალი სულ მათკენ გაგირბის.

კეიდია

მედეა კეიდია: სანამ ხატვას დავიწყებდი, მანამდე საგალობლები დავწერე. ასი საგალობელი მაქვს დაწერილი. და ის ყველაფერი, რაც დახატული მაქვს, მანამდე სიტყვებში ჩავდე. პირველად იყო სიტყვა. მერე შეისხეს ხორცი ანგელოზების სახით.

ანა კალანდაძე იყო ამ საგალობლების წიგნის რედაქტორი. (1989 წელს დაიბეჭდა.) ანა ბოლომდე ვერ ხვდებოდა რწმენის იმ დონეს, რომ ადამიანს შეუძლია ღმერთს ასე "მიუჩოჩდეს" და პირდაპირ ელაპარაკოს. ჩემი ნახატებიც ღმერთთან ურთიერთობაა. 

კეიდია

ანგელოზების მხატვარს არაერთი სასწაული უხილავს. დღეს, 25 დეკემბერს - წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს, ამ ინტერვიუს თქვენთვის გაზიარება მომინდა. ნახავთ, რატომაც. აი, რა მიამბო მხატვარმა.

მედეა კეიდია: ვხატავდი, მოვიდა გოგონა, ნარიყალას ტაძრის მოძღვრისთვის საჩუქრად მინდა თქვენი ნახატიო. დადგა ოთახში და - თქვენ კერკირაზე უნდა წახვიდეთ! აუცილებლად უნდა წახვიდეთო! ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა. 

კერკირაზე მოვხვდი! იქ, სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების მოლოცვისას, სასწაული მოხდა. მანამდე გამარფთხილეს, რომ არ ხსნიან იმ ლუსკუმას, რაშიც არის დაბრძანებული წმინდანიო, მაგრამ მადლს წამოიღებო. მივედი და მაშინვე გახსნეს ლუსკუმა! მერე მეორედაც გახსნეს! კუნძულიდან წამოსვლისას, ჩალაგებული ბარგი დავტოვეთ სასტუმროში და გამოფრენამდე ერთი საათით ადრე მივედით და... მესამედაც გახსნეს! ეს დიდი სასწაული იყო... 

კერკირაზე გამგზავრებას წინ უძღოდა პატრიარქთან სტუმრობა... დამირეკეს საპატრიარქოდან, პატრიარქის დაბადების დღეზე დამპატიჟეს. იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს (ხერხემალი მაწუხებდა), ვერ წავედი. მერე დამირეკეს საშობაოდ - პატრიარქი გელოდებაო. ისევ ცუდად ვარ, მაგრამ ეს უკვე მოთხოვნა იყო. ჩამოვიფხატე შავი ქუდი და მეუღლემ მანქანით მიმიყვანა. იცით, იქ სტუმრობა უფალთან სტუმრობად აღვიქვი. სახლში ჩიტივით დავბრუნდი... სასწაული იყო. მთელი წელი იყო წარმატებული. მას შემდეგ იყო, რომ საბერძნეთში კუნძულ კერკირაზე მოვხვდი, ტაძარში, სადაც მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილები განისვენებს. ასევე მოვხვდი იერუსალიმში. სამი-ოთხი პროექტი გავაკეთე. თავაუღებლად ვხატავდი... სხვა ენერგია მქონდა. ალაგდა ხერხემლის ტკივილი. ეს იყო სასწაული!

კეიდია

ერთხელ დედა შვილი დავხატე. ჩემს გულში გავიფიქრე - სულიერებით ღვთისმშობელს როგორ გავს-მეთქი. შინაგანად რომ მიხვდები, რომ ის არის. შემოვიდა მეგობარი და მითხრა, მედიკო, ღვთისმშობელი დაგიხატავსო. რაკიღა ეს მითხარი, გაგიმხელ, მეც ასე გავიფიქრე-მეთქი. წაუღე პატრიარქს და თუ ისიც იგივეს იტყვის, ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ იქნება-მეთქი. საღამოს უწმინდესის თანდასწრებით დამირეკა და მითხრა: პატრიარქმა თქვა, მედეას ღვთისმშობელი დაუხატავსო... ისეთი ბედნიერი ვიყავი... ეს შეფასება ჩემთვის არის ჭერი! იმის იქით არაფერი არსებობს.

ავტორი: თამარ გონგაძე

12/25/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024