ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ალბათ ხშირად შეგინიშნავთ ახლობლების ან უცნობი ადამიანების მაჯაზე შებმული წითელი ძაფის სამაჯურები.
ეს სიმბოლო უძველესი დროიდან ითვლება თილისმად, რომელიც ადამიანს უარყოფითი ენერგიისგან იცავს.
მაჯაზე წითელი ძაფის ტარება, განსაკუთრებულად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მსგავსი სამაჯურებით ამერიკული კინოსა და ესტრადის ვარსკვლავები წარდგნენ მაყურებელთა წინაშე.

ლეონარდო დი კაპრიო, მადონა, დემი მური, ეშტონი კატჩერი, გვინეტ პელტროუ, მიკ ჯაგერი ბრიტნი სპირსი, ანჯელინა ჯოლი - ეს იმ მსახიობების არასრული სიაა, რომლებიც მაჯაზე წითელ ძაფს ატარებენ.

რას ნიშნავს მაჯაზე შებმული წითელი ძაფი და რა დანიშნულებით იყენებენ მას ადამიანები?
წითელი სამაჯურების ტარების ტრადიციის ფესვები, სხვადასხვა ქვეყნებისა და რელიგიების წიაღში შეიძლება ვეძებოთ.
ცნობები წითელი სამაჯურების შესახებ გვხვდება მრავალ კულტურაში. მათ შორის - ინდუიზმში, ბუდიზმში, ქრისტიანობაში, კაბალასა და ძველ ჩინურ სწავლებაში.
ინდუიზმში წითელი ფერი განიხილება, როგორც წმინდა ფერი და გამოიყენება მრავალ რელიგიურ დღესასწაულსა და ტრადიციაში. ამ რელიგიის მიმდევრები წითელ ძაფს ატარებდნენ, როგორც წარმატებისა და დაცვის სიმბოლოს.

ბუდისტურ რელიგიაში წითელ ძაფს აკურთხებდა ლამა(ბუდისტი ლიდერი) და მას სპეციალური მანტრის წაკითხვის შემდეგ გადასცემდა სტუდენტებსა და პრაქტიკოსებს იმის მუდმივად შესახსენებლად, თუ რა ისწავლეს და რა აღთქმა დადეს.

წითელ ძაფს ყველაზე ხშირად უკავშირებენ იუდაიზმის ერთ-ერთ მიმდინარეობას - კაბალას.
ძველ ებრაული თქმულების მიხედვით, იოსების დედა, რაქელი, წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაორსულებას. ითვლებოდა, რომ ის უნაყოფო იყო, სანამ საბოლოოდ იოსები არ შეეძინა. რაქელი მეორე ვაჟზე მშობიარობისას გარდაიცვალა.
მისი სიკვდილის შემდეგ, ტრადიციად იქცა საფლავზე წითელი ძაფის 7-ჯერ შემოხვევა, შემდეგ ამ ძაფის სამაჯურების ზომაზე დაჭრა და მაჯაზე შებმა. მორწმუნეები მიიჩნევდნენ, რომ ძაფის მაჯაზე ტარებით, ადამიანები რაქელის მაგიურ ენერგიას იღებდნენ, რაც მათ ავი თვალისაგან იცავდა.
სწორედ აქედან მომდინარეობს ჩვეულება წითელი ძაფის მაჯაზე შვიდჯერ შემოტარების შესახებ.

ძველ ჩინური ლეგენდის მიხედვით, ბედის უჩინარი ძაფი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, სწორედ წითელი ფერისაა. ამიტომაც წითელი ძაფი ჩინური ტრადიციის მიხედვით ბედით დაკავშირებულ ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში და დაქორწინებაში ეხმარება.

ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, წითელი ძაფის ტარება ქრისტიანულ რელიგიას, კერძოდ, “დაბადების” 38-ე თავს უკავშირდება, სადაც ბიბლიურ ფიგურებს ფარეზსა და ზარას დაბადებისას მაჯაზე ალისფერი ძაფი შემოახვიეს.

ის, თუ რომელ ვარიანტს მიანიჭებთ უპირატესობას და რას დაუკავშირებთ თქვენს გადაწყვეტილებას წითელი ძაფის ტარებასთან დაკავშირებით, თქვენი გადასაწყვეტია.
როგორ შევიბათ ძაფი სწორად?
იმის გამო, რომ ტრადიცია სათავეს მრავალი განსხვავებული კულტურისგან იღებს, მას სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ქვეყნებში, განსხვავებულად გამოიყენებდნენ. ძაფის ტარების წესი დროთა განმავლობაში შეიცვალა და თანამედროვე პრაქტიკაში, ყველა ტრადიციას აერთიანებს.
ზოგი წითელ ძაფს მხოლოდ მარცხენა მაჯაზე ატარებს, რადგან კაბალაში მარცხენა მხარე ცნობილია, როგორც ენერგიის მიმღები მხარე,
ზოგს მიაჩნია, რომ ძაფი მარცხენა მაჯაზე იმიტომ უნდა ვატაროთ, რომ ეს ჩვენი გულის მხარეა.
არიან ისეთები, ვინც წითელ ძაფს მარჯვენა მაჯაზე იხვევს და ამას საქმეში გამარჯვების გარანტიად მიიჩნევს.
განსხვავებულია მოსაზრებები ნასკვების რაოდენობის შესახებაც. ყველაზე გავრცელებულია ტრადიცია ძაფის 7-ჯერ განასკვის და სურვილის 7-ჯერ გამეორების შესახებ.
წითელი ძაფი სასურველია იყოს შალის. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჭრილობების შეხორცებას, დადებითი ენერგიის მოზიდვას.

უმჯობესია ძაფი ახლობელმა ადამიანმა გაგიკეთოთ, რომელსაც ენდობით და მის კეთილ ზრახვებში ეჭვი არ გეპარებათ. ზოგიერთი სწავლების მიხედვით, ის, ვინც ძაფს შეგაბამთ, სასურველია მდიდარი, წარმატებული და ბედნიერი იყოს.

რაც შეეხება სამაჯურის ტარების ვადას, ისინი,ვინც წითელ ძაფს ატარებენ, მას საკუთარი ხელით არასოდეს იხსნიან და არ იჭრიან.
ტრადიციის მიხედვით სამაჯური თავისით უნდა გაწყდეს, რაც სურვილის ასრულების მოახლოებისაკენ მიგვანიშნებს.
11/02/2025