
09/10/2026
ენცო ფერნანდესი „სიტიში“ 145 მილიონ ევროდ; მორგან როჯერსი „ჩელსიში“ 138 მილიონად; ელიოტ ანდერსონი „სიტიში“ 135 მილიონად; ბრედლი ბარკოლა „ლივერპულში“ 125 მილიონად; იან დიომანდე „რეალში“ ასევე 125 მილიონად; სანდრო ტონალი „ტოტენჰემში“ 108 მილიონად. 6 ტრანსფერი, რომელთა ღირებულებამაც 100 მილიონ ევროს გადააჭარბა - ეს სარეკორდო რაოდენობაა ერთი სატრანსფერო ფანჯრისთვის. სულ კი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას 25 ტრანსფერი ახსოვს, რომელთა ფასმაც 100 მილიონს გადააჭარბა. ამათგან მესამედი ბოლო ორ წელიწადზე მოდის, ასე რომ, ეს იმდენად ანომალია არა, რამდენადაც ახალი საფეხბურთო რეალობაა.
2010-იანების შუა წლებამდე 100-მილიონიანი ტრანსფერები სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური მოვლენა იყო. მაგალითად , 2013-ში „რეალმა“ „ტოტენჰემს“ გარეთ ბეილში 101 მილიონი რომ გადაუხადა. ამ რეკორდის დამხობა მხოლოდ სამი წლის მერე მოხერხდა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „იუვენტუსს“ პოლ პოგბაში 105 მილიონი მისცა.

თუმცა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად დღემდე რჩება 2017 წლის გარიგება, რომლითაც „პარი სენ ჟერმენმა“ „ბარსელონასგან“ ნეიმარი 222 მილიონად შეიძინა.
ხსენებული 25 ტრანსფერიდან კი 14 მოდის ინგლისის პრემიერლიგაზე. ამ სეზონის პროპორცია კიდევ უფრო რადიკალურია: ექვსიდან ხუთი 100-მილიონიანი ტრანსფერი პრემირლიგაში შედგა. შედარებისთვის: ამ ზაფხულში პრემიერლიგის კლუბებმა ტრანსფერებში საშუალოდ 205 მილიონი ევრო დახარჯეს. სხვა დიდი ჩემპიონატების მონაცემები კი ასეთია: სერია A - 53 მილიონი, ბუნდესლიგა - 42 მილიონი, ლა ლიგა - 37 მილიონი, ლიგა 1 – 33 მილიონი. სავსებით ცხადად ჩანს, რამხელა განსხვავებაა პრემიერლიგის სატრანსფერო ბიუჯეტებსა და სხვა დიდი ჩემპიონატების ბიუჯეტებს შორის.
ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პრემიერლიგის კლუბების შემოსავლებიც გაცილებით დიდია სხვებთან შედარებით. დიახ, ასეცაა. ბოლო 15 წელიწადში პრემიერლიგის კლუბების საშუალო შემოსავალი 99-დან 372 მილიონ ევრომდე გაიზარდა. შედარებისთვის: ბუნდესლიგის კლუბების საშუალო შემოსავალი 217 მილიონია, ლა ლიგის კლუბების - 194 მილიონი, სერია A-ს - 146 მილიონი და ლიგა 1-ს - 140 მილიონი.
პრემიერლიგის კლუბების შემოსავლის ზრდის მთავარი ფაქტორები ტელევიზია და კომერციაა. საერთოდაც, ინგლისური კლუბები სრულიად განსხვავებულ სატელევიზიო განზომილებაში ცხოვრობენ. შარშან გაფორმებული კონტრაქტით, პრემიერლიგა ტელეტრანსლაციების უფლების მხოლოდ ბრიტანეთში გაყიდვით, 2025/29 წლებში 6.7 მილიარდ ფუნტს მიიღებს. დანარჩენ მსოფლიოში ტრანსლაციების გაყუდვა კიდევ ცალკე ფულია...
ერთი საინტერესო დაკვირვებაც: სატრანსფერო ბაზარზე სწრაფად აგენტების ბაზარი იზრდება. ფიფას მონაცემებით, 2025 წელს საფეხბურთო აგენტების საკომისიო შემოსავალმა 1.2 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ერთი წლით ადრე კი ამის მხოლოდ ნახევარი იყო. ამასთანავე, ეს მხოლოდ საერთაშორისო ტრანსფერებში გამომუშავებული ფულია, თორემ შიდა ტრანსფერებით და კონტრაქტების გადასინჯვისას მიღებული პრემიები კიდევ უფრო საარაკო თანხაა.
და რა თქმა უნდა, რეკორდსმენი აქაც ინგლისია. პრემიერლიგის კლუბებმა აგენტებს 332 მილიონი ევრო გადაუხადეს, ანუ მსოფლიო მასშტაბით აგენტების შემოსავლების 27%.
რაკიღა ტანსფერებში ამხელა ფული ტრიალებს, ლიგიკურია, რომ საფეხბურთო აგენტებსდ შორისაც უზარმაზარი კონკურენციაა. ასე მაგალითად, სულ მსოფლიოში დაახლოებთ 11 ათასი აგენტია რეგისტრირებული. საერთაშორისო ტრანსფერები კი მათგან მხოლოდ 14-მა პროცენტმა გაჩარხა და შესაბამისად, უზარმაზარი ფულის უმეტესი წილიც სწორედ ამ ელიტამ გაინაწილა.
ბოლოს კი დასკვნის სახით ვთქვათ, რომ დარწმუნებული იყავით: +100 მილიონიანი ტრანსფერების რიცხვი უახლოეს წლებში მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება.
გააზიარე სტატია