Logo

ეს გემრიელია

საცივი განახევრებული კალორიებით - ნატა გაგუას რეცეპტი

საცივი განახევრებული კალორიებით - ნატა გაგუას რეცეპტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ახალი წლის სადღესასწაულო დღეები ის პერიოდია, როცა ადამიანების უმეტესობა ჯანსაღი კვების ჩვევებს ივიწყებს და შედეგად ადღესასწაულის შემდეგ მომატებულ კილოგრამებს იღებს.

საცივი საახალწლო სუფრაზე შეუცვლელი კერძია - ტრადიციული, უდავოდ გემრიელი. თუმცა საკმაოდ კალორიული.

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გთავაზობთ ნაკლებად კალორიული საცივის რეცეპტს, რომელიც გემოთი, ტრადიციულისაგან არ გამოირჩევა.

საცივი

„საცივი, რომელიც არ ასუქებს?!

მეგობრებო, ნუ იჩხუბებთ! ვიცი, საცივი ქართული სუფრის „წმინდათა წმინდაა“, მაგრამ რა ვქნათ მათ, ვისაც გვინდა შობა-ახალი წელი წონის მატების გარეშე ვიზეიმოთ?

აღმოვაჩინე მეთოდი, რომელიც გემოს 1%-ითაც არ ცვლის, მაგრამ კალორიებს ანახევრებს!

საიდუმლო ინგრედიენტი? - ყვავილოვანი კომბოსტო!

გემო: ვერავინ გაარჩევს ტრადიციულისგან.

ტექსტურა: უფრო კრემოვანი და „აბრეშუმივით“ ნაზი.

შედეგი: შეგიძლიათ მიირთვათ სინდისის ქენჯნის გარეშე!

ყვავილოვანი კომბოსტო

მაღალი სამზარეულო (Haute Cuisine) ხშირად იყენებს ყვავილოვან კომბოსტოს სოუსებში. ის „გემოს ქამელეონი“ და სრულიად ნეიტრალურია, იღებს ნიგვზისა და სუნელების არომატს და ქმნის საცივისთვის საჭირო სისქეს „სიმძიმის“ გარეშე.

ინგრედიენტები:

  • ხორცი: 1 საშუალო ინდაური (გამოიყენეთ მხოლოდ თეთრი ხორცი, კანისა და ცხიმის გარეშე).
  • 400 გრ ნიგოზი (ღია ფერის) + 400 გრ ყვავილოვანი კომბოსტო.
  • 4 თავი თეთრი ხახვი, 3 კბილი ნიორი.
  • უცხო სუნელი (2 ჩ/კ), ხმელი ქინძი (1 ჩ/კ), ზაფრანა, დარიჩინი/მიხაკი (დანის წვერზე), თეთრი პილპილი.
  • ლიმონის ფრეში (ეხმარება რკინის შეთვისებას!).

ინდაური

მომზადების ტექნოლოგია:

ბულიონი: ინდაურს ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე. წყალში ვამატებთ ხახვს, ნიახურის ძირს და სტაფილოს (შემდეგ ამოვიღებთ). ქაფს ვიღებთ პერმანენტულად.

ბოსტნეულის მომზადება: ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ ძალიან კარგად (სანამ არ დაიშლება), რომ მისი სპეციფიკური სუნი გაქრეს.

ხახვის ტექნიკა (Confissage): ხახვს ვთუშავთ არა ზეთში, არამედ ცოტაოდენ ბულიონში ან წყალში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. შემდეგ ვაბლენდერებთ პიურედ! ეს სოუსს პრიალას ხდის.

შეზავება: ბლენდერში მოათავსეთ ნიგოზი, მოხარშული კომბოსტო, მოთუშული ხახვის პიურე, ნიორი და სუნელები. დაასხით გაციებული, ცხიმმოხდილი ბულიონი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ფინალი:

ჩააწყვეთ ხორცის ნაჭრები სოუსში, წამოადუღეთ სულ 1 წუთით და ბოლოს დაამატეთ ლიმონის წვენი.

ურწყული

„ურწყული“ (ნიგვზის ზეთი)

ალბათ ყველას გინახავთ, რა მდიდრულად გამოიყურება სუფრაზე მიტანილი ცხიმმოსხმული საცივი. ამ ზეთს „ურწყულს“ უწოდებენ. გთავაზობთ მისი მიღების ორ მარტივ მეთოდს:

  • მეთოდი 1 (კლასიკური): ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (მაქსიმალურად წვრილ დანაზე), დაუმატეთ მარილი, ზაფრანა და ცოტა ცხელი წყალი. მოზილეთ ხელით და რამდენიმე წამში შეამჩნევთ, რომ ზეთი გამოიყოფა.
  • მეთოდი 2 (მჭადის ფქვილით): ბულიონში ან ცხელ წყალში მოშუშეთ წვრილად დაფქული მჭადის ფქვილი. ფაფად რომ იქცევა, 1 ს/კ ეს მასა შეაზილეთ გატარებულ ნიგოზს - ზეთი წამებში გამოიხდება.

ეს საცივი შეიცავს ტრადიციული საცივის კალორიების ნახევარს და მდიდარია ომეგა-3-ით!

ავტორი: ზმნა

12/30/2025

კალორიანატა გაგუარეცეპტისაცივი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024