Logo

საზოგადოება

"საცხოვრებელი არ მაქვს, ბინას დღიურად ვქირაობ..." - როგორ ცხოვრობს, "კახეთოს" გულით მომღერალი, 37 წლის ედუარდ არზუმანოვი

"საცხოვრებელი არ მაქვს, ბინას დღიურად ვქირაობ..." - როგორ ცხოვრობს, "კახეთოს" გულით მომღერალი, 37 წლის ედუარდ არზუმანოვი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ედუარდ არზუმანოვთან, რამდენიმე წუთიანმა ნამღერმა, თავბრუდამხვევი პოპულარობა მოიტანა."კახეთო" ისეთი ანთებული თვალებით იმღერადა ისე გულწრფელად, რომ 37 წლის ახალგაზრდა, გულით მომღერალი მამაკაცი მაშინვე ყველამ მიიღო.

წელი კარგად დაიწყო. ამისთვის უფალს მადლობს. ოცნება ასრულებას იწყებს; ბავშვობაში დაწყებულ სიმღერას, უკვე სულ სხვა ჟღერადობას სძენს. დედის გარდაცვალებით განცდილ ტკივილს, ნამღერში დებს, მართალ გულს გამჭირვალობას აძლევს და ყოველდღიურ პრობლემებთან ჭიდილში ცხოვრობს.

რესტორნის სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავს, ალაგებს, დღიურად ქირაობს საცხოვრებელ ბინას. ფინანსურად ფეხზე დადგომას ნატრობს, განა ბევრს? მხოლოდ იმდენს, ქირის გადახდა და თავის გატანა რომ ყოველთვიურად შეძლოს. არავის აწუხებს, საკუთარ ძმასაც კი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს და საუბრისას ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის. სიმღერა რომ მოაწვება, მღერის ყველგან, ქუჩაში, სამზარეულოში, ჭურჭლის რეცხვისას. სწორედ ასეთი შემთხვევის დროს გადაუღო მეგობარმა და "ტიკ-ტოკზე" ატვირთა... მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით. დღეს მისი ტელეფონი არ ჩერდება.

"ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამხელა გამოხმაურებას და ინტერესს, არ ელოდა...

ედუარდ არზუმანოვი: ეს ყურადღება ერთის მხრივ სასიხარულოა, მეორეს მხრივ - დამღლელი. თან ვმუშაობ, ჩემი ტელეფონი კი არ ჩერდება.

არადა, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, ყველა მაქეზებდა, მიდი, რამე ქენი, თავი წარმოაჩინეო. ეტყობა, როცა უნდა მომხდარიყო, მაშინ მოვიდა ეს პოპულარობაც.

მინდოდა, როგორ არ მინდოდა მომღერლობა, მაგრამ იმის საშუალება არ მქონდა, რომ მეაქტიურა. ჩემი მეგობრები ქუჩაში მღერიან. ზოგჯერ შევუერთდები ხოლმე. ანსამბლი "ზარზმის" ბიჭებთან ვმეგობრობ... პროექტ "გვაჩვენე შენი ხმის" სუპერფინალისტი ვარ... 8 ათასიდან, 14 მონაწილეში აღმოვჩნდი...

ვცხოვრობ ჩემთვის და ახლა, 13 იანვარს, სამსახურში საქმიანობისას, ვიმღერე "კახეთო". ძალიან მიყვარს და გულით ვმღერი ამ სიმღერას. ლაშა ღლონტის მოსწავლე, ლუკა ობგაძე მღერის ამ სიმღერას და მის შემხედვარეს, მომინდა მემღერა, მეც მოვინდომე და ვისწავლე. იმ დღეს მეგობრებმა გადაიღეს სამზარეულოში, "ტიკ-ტოკზე" ჩააგდეს და 2 საათში მილიონ შვიდასი ათასი ნახვა ჰქონდა. სამი დღე არ მქონდა ტელეფონი. მერე ჩავრთე და მოცვივდა ათობით მესიჯი. ახლა მირეკავს ყველა ტელევიზია, გადაცემები მიწვევენ შოუებში. ვინ არ მირეკავს. ბევრ ადგილას მიმიწვიეს. საერთოდ, არ მოველოდი ასეთ გამოხმაურებას. დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა; ქუჩაში რომ გამოვდივარ, სელფებსაც იღებენ ჩემთან. ორ დღეში ასეთი ცნობადი თუ გახდებოდა ადამიანი, არ მეგონა.

მიყვარს აჩიკო ბერიძე, გელა დონაძე, ორივემ დამირეკა და იმედი მაქვს, მათთან ერთად შევასრულებ სიმღერას. დათო არჩვაძეს ჩემთვის დაუწერია "კახეთოს" საორკესტრე ვერსია. დათომაც დარეკა...

ბედნიერი ვარ. ვნახოთ, რა იქნება. ტყუპებზე წავიკითხე, თქვენი წელია ეს წელიო. ღმერთმა ქნას!

ვიდეო - "კახეთო"

ედუარდ არზუმანოვი

რა ხდებოდა პოპულარობამდე

"მე ბავშვობიდან ვმღერი. ჩემ ძმას დავყვებოდი რესტორნებში, იქ ვმღეროდი. სერგო "იუმორინაშიც" მღეროდა. "ჰოლანდიის ხმაში" მონაწილეობდა... იქ სერჟიო დაარქვეს. მას კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ახლა მოსკოვში მღერის რესტორნებში. მეც ვსწავლობდი მუსიკალურში, მაგრამ პედაგოგებმა მითხრეს, გარდატეხის ასაკში არ შეიძლება სიმღერაო. გავჩერდი იმ დროს. მერე, 19 წლის ასაკში, მუსიკალურ სტუდიაში მოვხვდი, ანსამბლ "მადლში" და მეორე დღიდან, გალა კონცერტზე გამიყვანეს.

მეძახდნენ ქორწილებში, ბანკეტებზე მეპატიჟებოდნენ სამღერლად.

7 თვის წინ ჩემმა პედაგოგმა მაკა ტრაპაიძემ დამპატიჟა კონცერტზე, მეზობელი ქვეყნების მონაწილეობით კონცერტი იყო, მამღერა.

ვმღერი ქართულ, სომხურ, ინგლისურ სიმღერებს, თუმცა უმეტესაც იტალიურს, ლუჩანო პავაროტის არიებს ვმღერი. მიყვარს პლასიდო დომინგო და ანდრია ბოჩელი. კლასიკურ რეპერტუარს ფირსაკრავებზე ვუსმენდი...

***

2020 წელს დედა რომ გარდამეცვალა, ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე. ორი წელი დეპრესიაში ჩავვარდი. ამ ქვეყანაზე არ ვიყავი. დავიბენი, დავიკარგე... მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა. და მუშაობა უნდა დამეწყო, თავი მერჩივნა.

ედუარდ არზუმანოვი

ხუთი წელია რესტორნის სამზარეულოში ვმუშაობ. ფინასურად გამიჭირდა. საცხოვრებელი არ მაქვს. დღიურად ვქირაობ ბინას. ეს არის ჩემი ნომერ პირველი პრობლემა. მინდა იმის შესაძლებლობა მქონდეს, რომ თვიურად ვიხადო ქირა. ელემენტარული მინდა, ნორმალური ცხოვრებით რომ ვიცხოვრო.

***

ჩემს ძმას, ჩემს თავს დამტყდარი აჟიოტაჟი, ძალიან უხარია. ცრემლებს ვერ იკავებდა. მე ხომ გეუბნებოდი, რომ შენ უნდა იმღერო და გამოჩნდეო, მითხრა... აი, გიჯერებ-მეთქი, ვუთხარი.

***

მე უფალთან ახლოს მდგომი ადამიანი ვარ. უფალს ვმადლობ ყოველი ლუკმითვის. ჩვენ უფლის შვილები ვართ, ყველა თანასწორნი და ზემოდან ყურების უფლება, თავს არავინ არ უნდა მისცეს. ზოგი მიმტანია, ზოგი მზარეულია, ზოგი მომღერალია - ეს სამსახურებია ჩვენი. არავინ არავისზე მეტი არ არის. მე ასე ვფიქრობ, რახან განთქმული გახდი, არ ნიშნავს, რომ მეტი ხარ ვიღაცაზე. ვიცი, არასდროს მექნება თავზე დიდი წარმოდგენა; რაც არ უნდა მოხდეს...

***

ედუარდ არზუმანოვი

როგორც ინტერვიუდან შეიტყვეთ, ედუარდს არ აქვს საცხოვრებელი. მას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა თავის გასატანად.

იქნებ, კარგ ადამიანს, ამ მკაცრ ზამთარში, მცირედით შევეხიდოთ და სურვილისამებრ დავეხმაროთ. ეს მისი პირადი ნომერია.

01011061970

ავტორი: ლილიანა ფალიანი

01/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024