საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დიკ ჰოიტის ისტორია ნამდვილად არის საუკეთესო მამის მაგალითი მსოფლიოს ისტორიაში. მან ეტლს მიჯაჭვულ შვილთან ერთად 42-კილომეტრიანი მარათონი 85-ჯერ გაირბინა. 8-ჯერ ნავგამობმულმა გაცურა ოკეანეში და 180,2 კმ მანძილზე ველოსიპედით ატარა შვილი. ასევე მოტოციკლეტით შემოატარა მთელი ამერიკა.
ეს სიყვარული 49 წლის წინ ვინჩესტერში, მასაჩუსეტსის შტატში დაიწყო: მშობიარობის დროს რიკს ჭიპლარი ყელზე შემოეხვია, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია – ის კიდურებს ვერ აკონტროლებდა. ”წაიყვანეთ ბავშვთა თავშესაფარში, არაფერი ეშველება”, უთხრეს ექიმებმა რიკის მშობლებს.
მშობლებმა ექიმებს არ დაუჯერეს. მათ შენიშნეს, რომ რიკი თვალებით მიჰყვებოდა მოძრაობას. 11 წლის რომ გახდა, ტაფტას უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე მიიყვანეს – გაეგოთ, შეიძლებოდა თუ არა რამის გაკეთება, რათა ბავშვს ურთიერთობა შეძლებოდა. ”აბსოლუტურად არაფრის, მის ტვინში არაფერი ხდება” – უპასუხეს. ”მოუყევით ანეკდოტი” – სთხოვა მამამ ექიმს. ასეც მოიქცნენ. რიკმა გაიცინა. თურმე მის ტვინში ბევრი რამ ხდებოდა…

რიკი კომპიუტერს დაეუფლა, მან მოახერხა კურსორის მართვა თავის ტვინის ერთი ნახევრით, ჯოისტიკზე შეხებით. ამით ურთიერთობის საშუალება მიეცა. ”წინ, ”ბრუინს!” (”ბრუინსი” – ბოსტონის ჰოკეის გუნდი) – ეს იყო მისი პირველი სიტყვები. როცა მისი კლასელი ავარიის შედეგად პარალიზებული აღმოჩნდა, სკოლამ გადაწყვიტა, საქველმოქმედო მარათონული გარბენა მოეწყო. რიკმა დაბეჭდა: ”მეც მინდა მონაწილეობა მივიღო”. აჰა, როგორ არა! დიკი, რომელსაც ერთ მილზე მეტი არასდროს გაურბენია, შეძლებს კი ხუთი მილი გაირბინოს ეტლს მიჯაჭვულ რიკთან ერთად?! ყველაფრის მიუხედავად, მან სცადა. ”მერე მე თვითონ გავხდი ავად, კუნთები 2 კვირა მტკიოდა”.

ამ დღემ რიკის ცხოვრება მთლიანად შეცვალა ”მამა, როდესაც ჩვენ მივრბოდით, ჩემი თავი უმწეო აღარ მეგონა!” . სიტყვებმა მამაზე ისე იმოქმედა, რომ მას მერე დიკს მხოლოდ ერთი აზრი ასულდგმულებდა, რაც შეიძლება ხშირად მიეცა შვილისთვის შესაძლებლობა, ეს შეგრძნება ჰქონოდა. ისეთ სპორტულ ფორმაში ჩადგა, რომ მზად იყო, 1979 წლის ბოსტონის მარათონში მიეღო მონაწილეობა. უარი უთხრეს, მარათონი ეტლით მონაწილეობას არ ითვალისწინებსო. რამდენიმე წლის განმავლობაში მამა-შვილი კონკურსგარეშე მარათონელებთან ერთად დარბოდა. 1983 წელს მათ დისტანცია ისე სწრაფად გაირბინეს, რომ შეჯიბრებაში ოფიციალურად მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს.

მერე ვიღაცამ უთხრა: – ეი, დიკ, არ გინდა ტრიატლონი სცადოო? როგორ უნდა მოეხერხებინა კაცს, რომელმაც არც ცურვა იცოდა და 6 წლის ასაკის მერე ველოსიპედზე არ მჯდარა, 50-კილოგრამიანი ბავშვი ტრიატლონზე ეტარებინა?! დიკმა ესეც სცადა. მათ 234 ტრიატლონი – აქედან ექვსი, 15 საათიანი ”აირონმენი” (Ironman – რკინის კაცი, ერთ-ერთი ურთულესი ტრიატლონი) გაიარეს. ტრასა სამ ნაწილად იყოფა: თავიდან 42 კმ სანაპიროს გასწვრივ უნდა გაირბინო, შემდეგ 3,86 კმ – ოკეანეში გაცურო და ბოლოს, 180,2 კმ ველოსიპედით გაიარო. მათ ეს შეძლეს და გაიმარჯვეს კიდეც. წარმოიდგინეთ, 25 წლის ბიჭის რეაქცია, როცა ასაკოვანი კაცი, რომელიც ნავს მიათრევს, ნავში კი მისი შვილი ზის და მას უსწრებს…

როცა ეკითხებიან, გინდა, დამოუკიდებლად სცადო მონაწილეობაო, უარობს. დიკი ამას მხოლოდ ”მაგარი შეგრძნებებისთვის” აკეთებს, რომელსაც შვილის სახეზე ღიმილის დანახვა ანიჭებს, ეს ხდება მაშინ, როცა დარბიან, მიცურავენ და ველოსიპედით მგზავრობენ.
2005 წელს 65 წლის მამამ და 43 წლის შვილმა ბოსტონის 24-ე მარათონში 5083-ე ადგილი აიღეს 20 000 მონაწილეს შორის. მათი საუკეთესო დრო, 2სთ და 40წთ (1992 წ.) მხოლოდ 35 წუთით ჩამორჩება ეტლში მჯდომი ყმაწვილის მიერ დამყარებულ მსოფლიო რეკორდს. ამ ყმაწვილმა ეს მანძილი დამოუკიდებლად დაფარა.
რიკ რაილი, ჟურნალი Sports Illustrated:
- ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. შვილებს ვანებივრებ. მუშაობაში ღამეებს ვათენებ, ყველაფრით რომ უზრუნველვყო. თუმცა დიკ ჰოიტამდე ბევრი მიკლია. უდავოა, მამაჩემი – საუკუნის მამაა!

დიკს 7 წლის წინ გულის შეტევა დაემართა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი არტერია 95%-ით იყო დახშული.
”ასეთ კარგ სპორტულ ფორმაში რომ არ ყოფილიყავით, 15 წლის წინ მოკვდებოდით”, – უთხრა ექმიმმა დიკს. შეიძლება ითქვას, რიკმა და დიკმა ერთმანეთს სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

რიკი ბოსტონში მუშაობს და ცალკე ცხოვრობს. დიკი უკვე პენსიონერია და ქალაქ გოლანდში, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს. მამა-შვილი ყოველთვის პოულობს ერთად ყოფნის გზებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სიტყვით გამოდიან, ყოველ უქმე დღეს რაიმე შეჯიბრში მონაწილეობენ. მამის დღის აღსანიშნავად რიკს მამა რესტორანში მიყავს. ოცნებობს, მამას ისეთი რამ აჩუქოს, რასაც ვერსად იყიდი.
”ჩემი უდიდესი სურვილია, რომ მამა ეტლში ჩავსვა, მე კი შევძლო მისი გასეირნება, თუნდაც ერთხელ”.
დიკ ჰოიტი, ხუთი წლის წინ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა...


02/16/2026