საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საბჭოთა კავშირის კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, სომეხი მსახიობი - ფრუნზიკ მკრტჩიანი 96 წლის გახდებოდა. ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი) დაბადებული ბიჭის ბავშვობის ოცნებამ, ფრთების შესხმა კინომექანიკოსობით დაიწყო. ამ ჯადოსნურმა სამყარომ ისე მოწამლა, რომ შემდეგ უკვე, მთელი ცხოვრება კინოს გარეშე არ შეეძლო... თეატრის სცენაზეც ისეთივე ქარიზმატული იყო, როგორც კამერის წინ თამაშისას.
სევდიან თვალებიან ფრუნზიკას ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. ამაზე არ ლაპარაკობდა, ოჯახურ დრამას და ტკივილს ალკოჰოლში კლავდა. ქალიშვილის გარდაცვალებამ და ცოლ-შვილის მენტალურმა პრობლემებმა, ფაქიზი სულის მქონე არტისტის ფსიქიკა დააზიანა და ხელი სმას მიჰყო.
ფრუნზიკას პირად ტრაგედიაზე არაერთი დოკუმენტური ჟანრის ფილმია შექმნილი. ბავშვობიდან მასზე შეყვარებულ ქართველ პროდიუსერს, რა უნდა გადაეღო ახალი? არადა, პანდემიისას, სომეხ არტისტზე ფილმის გადაღების სურვილი, მოსვენებას არ აძლევდა.
დავით ბეჟიტაშვილის ფილმით, "ფრუნზიკ მკრტჩიანი: ინდოეთს ვახსოვარ", 2022 წელს, ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველო ამ ფილმით (და ასევე მეორე ფილმით "დარჩი ჩემთან") იყო წარდგენილი.
დავით ბეჟიტაშვილი: ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანს წარდგენა არ სჭირდება; ჯიბეში არ ჰქონდა არც პასპორტი და არც ფული, რადგან არ სჭირდებოდა. რესპუბლიკიდან რესპუბლიკაში მათ გარეშეც მშვენივრად მგზავრობდა.
ფართო ცნობადობა ფილმმა - "კავკასიელი ტყვე ქალი" - მოუტანა, თუმცა გია დანელიას "მიმინომ" თავბრუდამხვევი აღიარება, არნახული წარმატება და მისი პოპულარობა, ერთიორად გაზარდა.
"მიმინო" მისი პოპულარობის ზენიტი იყო.


ფრუნზიკა ბავშვობიდან მიყვარდა. ვინაიდან ჩვენი ინდოეთის საელჩოც ერევანშია, იქ ჩასული, ყოველთვის გავდიოდი ფრუნზიკას საფლავზე.
ფრუნზიკაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრი ფილმი გადაღებულა; დოკუმენტურ ფილმებში კი, ძირითადად, აქცენტს მსახიობის პირად ცხოვრებასა და ტრაგიკულ ბედზე აკეთებდნენ. პანდემიაში მასზე ფილმის გადაღების იდეა ამეკვიატა. მაგრამ რაღაც ახალი უნდა მეთქვა: და გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ მსახიობზე განსხვავებული ტიპის დოკუმენტური ფილმი გადამეღო; საერთოდ არ შევხებოდი მის პირად ცხოვრებას და სულ სხვა მიმართულება ამეღო.
ფრუნზიკა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და სომხეთის მასშტაბით, არამედ ინდოეთშიც იყო ცნობილი. მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ორ ინდურ ფილმში - "ალი ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი" და "ლეგენდა სიყვარულზე."
ფაქტობრივად, ფილმი - "ფრუნზიკ მკრტჩიანი: ინდოეთს ვახსოვარ" ისტორიული მოვლენა გამოვიდა. ინდოეთში ინდური კინოს ვარსკვლავები გადავიღეთ, რომელიც მას უწევდნენ პარტნიორობას იმ ორ ინდურ ფილმში. ბოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავები, ფრუნზიკას, სხვაგან არსად იხსენებენ, ეს მხოლოდ ჩემს მიერ გადაღებულ ფილმშია.

მართალია, ეს ფილმი მე და ფილმის რეჟისორმა, ოთარ მიქელაძემ, ფრუნზიკას ინდურ ფილმებში შესრულებულ როლებზე გადავიღეთ, თუმცა მაინც მივიჩნიეთ, რომ ბუბა კიკაბიძის გარეშე, ეს სურათი წარმოუდგენელი იყო. ჩვენი შეხვედრა, ფუნიკულიორზე შედგა.
2022 წლის ივლისში, ბუბას უკრაინულ სერიალში - "Сваты" იღებდნენ. რომ მივედით, ფუნიკულიორზე ქორწილის სცენის გადაღება მიმდინარეობდა. ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, ქართული კინოსა თუ თეატრის ვარსკვლავები ისხდნენ დიდ სუფრასთან და გადამღები ჯგუფი ბუბას ელოდა.
12 საათზე მოვიდა, მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, შეეგება უკრაინული გადამღები ჯგუფი, თავს ეხვეოდნენ, ემსახურებოდნენ და ამ დროს ბუბამ იკითხა: მოიცა, ფრუნზიკაზე სად ვილაპარაკოო? როგორც ჩანს, მასზე სასაუბროდ ემზადებოდა და მოვიდა თუ არა, ეს იკითხა. მონდომებული იყო, განწყობაც შესამჩნევად ამაღლებული ჰქონდა.
მას ბევრი ისტორია მოუყოლია ფრუნზიკაზე, მაგრამ ჩვენს ფილმში ძალზე ემოციურად გაიხსენა მეგობარი. ბევრჯერ, საუბრის დროს, ყელში ბურთი ეჩხირებოდა. პაუზებს აკეთებდა, ვერ აგრძელებდა საუბარს...


რაც შეეხება მის პიროვნებას; ამგვარი წარმატებების მიუხედავად, ფრუნზიკას ვარსკვლავური დაავადება არ ჰქონია. თუმცა როგორც მასზე ამბობდნენ, ცოტას საუბრობდა და იშვიათად იღიმებოდა. აქაც მომიყვნენ, სუფრასთან ვცდილობდით მისთვის გვესიამოვნებინა, თავი მოგვეწონებინა, ვხუმრობდით, ვხალისობდით, მაგრამ გაცინებული ვერ ვნახეთო.
ეკრანზე ბრწყინვალე კომიკოსი, ცხოვრებაში ტრაგიკული პიროვნება გახლდათ. მის გმირებსა და მის პიროვნებას შორის დიდი უფსკრული იყო.

ბავშვობიდან დაჩაგრული იყო. მამა ლოთობდა. შეიძლება სცემდა კიდეც, მსახიობობას უშლიდა.
მერე დაიწყო მის ცხოვრებაში ტრაგედიები: გარდაეცალა ქალიშვილი. შემდეგ ფრუნზიკას მეუღლე ფსიქიკურად დაავადდა. მისთვის საბოლოოდ დამანგრეველი აღმოჩნდა ის, რომ ვაჟს, დედისგან გენეტიკურად გამოჰყვა მენტალური პრობლემები. ამან მსახიობი გაანადგურა, შვებას ალკოჰოლურ სასმელში პოულობდა. ამის გამო ბევრი კარგი როლი აქვს დაკარგული. და ფაქტობრივად, სიკვდილის მოახლოება ამ გზით დააჩქარა კიდეც.
იცით, რომ გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, მკრტჩიანმა საქართველოს თეატრის სცენაზე უკანასკნელად ითამაშა?! თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ფართო სანაცნობო წრე...
მისი ნამდვილი სახელი (პასპორტის) იყო მგერ, რაც სომხურად "მზეს" ნიშნავს. და თავის თავზე ამბობდა, "თუ მზე, მაშინ ძალიან სევდიანიო..."
სევდიანი მზის მატარებელი კაცი იყო.
რუბიკჯან, ნათელი შენს ხსოვნას...

07/29/2026