ბიზნეს ამბები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფოტო CHANEL-ის უჩვეულო ფეხსაცმელი გახდა -
მოდელი, რომელსაც ტრადიციული გაგებით ფეხსაცმლის ძირიც კი არ აქვს.
ამ მოდელში ფეხი თითქმის მთლიანად შიშველია, დიზაინი კი მხოლოდ ქუსლის ნაწილსა და თხელ სამაგრებს აერთიანებს.
სოციალურ ქსელებში მას უკვე "ფეხშიშველა სანდალს", ‘"მხოლოდ ქუსლისგან შემდგარ ფეხსაცმელს" და ზოგჯერ "ანტი-ფეხსაცმელსაც" უწოდებენ.
უჩვეულო მოდელი შანელის ახალი კრეატიული ხელმძღვანელის, მატიე ბლაზის პირველი კრუიზ-კოლექციის ნაწილია. კოლექცია 2026 წლის აპრილში საფრანგეთის ატლანტიკურ სანაპიროზე, ბიარიცში წარადგინეს.

ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ. სწორედ ბიარიცში გახსნა გაბრიელ „კოკო“ შანელმა თავისი მოდის სახლი 1915 წელს და აქ დაიწყო იმ სტილის ჩამოყალიბება, რომელმაც მოგვიანებით ბრენდის იდენტობა განსაზღვრა.
მოდის სახლში განმარტავენ, რომ ბლაზის პირველი კრუიზ-კოლექციის ბიარიცში ჩვენება ერთგვარი „ფესვებთან დაბრუნება“ იყო.
ბლაზისთვის ბიარიცი პირადი მოგონებების ადგილიცაა. დიზაინერი Vogue-თან ინტერვიუში ჰყვება, რომ ბავშვობაში ოჯახთან ერთად აქ ზაფხულობით ჩამოდიოდა და ზღვაზე დადიოდა.
სწორედ ამიტომ მთელი კოლექცია ზღვის, პლაჟისა და დასვენების ატმოსფეროთი იყო გაჯერებული: ნიჟარები, მარჯნები, ზღვის ვარსკვლავები, საცურაო კოსტიუმების მოტივები და დეტალები, რომლებიც თითქოს სანაპიროდან პირდაპირ შანელის სამყაროში გადმოვიდა.
ამ კონტექსტში „ფეხშიშველა ფეხსაცმელიც“ უფრო გასაგები ხდება.
Vogue-ის აღწერით, პოდიუმზე გამოჩნდა მოოქროსფრო „სანდლები“, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ ქუსლის ნაწილს წარმოადგენდა და ფეხის დანარჩენ ნაწილს სრულიად შიშველს ტოვებდა.


ეს იყო იდეის უკიდურესი ფორმა, სადაც თითქოს ადამიანი სანაპიროზე ფეხშიშველი დადის, მაგრამ ფეხზე მაინც ძვირფასი აქსესუარი უკეთია.
პირველი დიდი სკანდალი მოდელმა ჯერ კიდევ აპრილის ჩვენების შემდეგ გამოიწვია, თუმცა მსოფლიო სოციალურ ქსელებში ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსახიობი და შანელის ბრენდის სახე მარგარეტ კუოლი 20 აგვისტოს, ლონდონში, ფილმ The Dog Stars-ის პრემიერაზე სწორედ ამ ფეხსაცმლით გამოჩნდა.
შავი ვერსია მხოლოდ ქუსლის ტყავის დეტალსა და კოჭზე შესაკრავ თასმებს მოიცავდა, ფეხისგული კი პირდაპირ წითელ ხალიჩასა და იატაკს ეხებოდა.


რეაქცია ისეთივე უჩვეულო აღმოჩნდა, როგორც თავად დიზაინი. ნაწილი მას არაპრაქტიკულ და ჰიგიენურად საეჭვო მოდელად მიიჩნევს, სხვებისთვის კი ეს არის მაღალი მოდის მთავარი დანიშნულების კარგი მაგალითი, არა აუცილებლად ყოველდღიური ნივთის შექმნა, არამედ ნაცნობი ფორმის სრულიად ახალი კუთხით დანახვა.
Vogue-ის რედაქციაშიც კი მოდელმა კამათი გამოიწვია: ზოგმა მას სახალისო და თამამი მოდური ექსპერიმენტი უწოდა, სხვებმა კი იკითხეს, რეალურ ცხოვრებაში სად შეიძლება ასეთი ფეხსაცმლით სიარული.
და ალბათ სწორედ ამაშია მისი წარმატების საიდუმლოც. CHANEL-მა შექმნა ნივთი, რომელიც ფეხსაცმელს მხოლოდ მინიმალური ნიშნებით ჰგავს.
თუმცა ერთი რამ უკვე აშკარაა, რამდენად პრაქტიკულიც არ უნდა იყოს ეს მოდელი, მატიე ბლაზიმ მიზანს მიაღწია. რამდენიმე სანტიმეტრისგან შემდგარი „ფეხსაცმელი“ 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოდურ ობიექტად იქცა.
08/25/2026