Logo

"შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციაა და არა ვირუსული" - ამირან გამყრელიძე

"შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციაა და არა ვირუსული" - ამირან გამყრელიძე

10/06/2026

ტექსტის ზომა

"რუსეთში მეორე ადამიანი გარდაიცვალა შავი ჭირისგან", - ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.

ირკუტსკის ოლქში 28 წლის ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებამ საერთაშორისო მედიისა და ეპიდემიოლოგების განგაში გამოიწვია. ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ინფექციის რეალურ მასშტაბებს ასაიდუმლოებს და ვითარება ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების  სცენარს ემსგავსება. ამჟამად 189 ადამიანი მკაცრ იზოლაციაშია. The Sun-ის ცნობით, ირკუტსკის აფთიაქებში ანტიბიოტიკების მარაგი უკვე ამოიწურა, მოსახლეობა კი პანიკაშია.

შავი ჭირი

პროფესორი ამირან გამყრელიძე "მედსკრიპტუმთან" ინტერვიუში შავ ჭირზე, მის გავრცელებასა და საჭირო უსაფრთხოების ზომებზე საუბრობს.

ამირან გამყრელიძე: არ მგონია, ახლა დიდი პანიკის საფუძველი იყოს, თუმცა მომხდარი საყურადღებოა. რუსეთის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ ლაბორანტი არადიფერენცირებული პნევმონიით გარდაიცვალა და შავ ჭირს უარყოფენ. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციითა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებიდან გამომდინარე, საქმე სხვაგვარადაა.

ირკუტსკში მოქმედებს 30-იანი წლებიდან არსებული, მაღალი უსაფრთხოების დონის „შავი ჭირის ინსტიტუტი“, სადაც განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს იკვლევენ. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევასა და პათოგენის გაჟონვას. თუკი გარდაცვალების მიზეზი მართლაც შავი ჭირია, დიდი ალბათობით, ეს ინფექციის ფილტვისმიერი (ინჰალაციური) ფორმა იყო.

შავი ჭირის ბუბონური ან კანის ფორმები დღეს ანტიბიოტიკებს კარგად ემორჩილება, თუმცა ფილტვისმიერი ფორმა ძალიან სწრაფად პროგრესირებს და დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის არარსებობის პირობებში სიკვდილიანობა თითქმის 100%-ს აღწევს.

ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები მეორე ლეტალური შემთხვევის შესახებაც. ფაქტია, საქმე გვაქვს სერიოზულ ინციდენტთან — წინააღმდეგ შემთხვევაში 200-მდე ადამიანს კარანტინში არ გადაიყვანდნენ და კონტაქტების ასეთ მასშტაბურ კვლევას არ დაიწყებდნენ.

შავი ჭირი

მიუხედავად ამისა, ახალი პანდემიის დაწყების საფრთხე მცირეა. შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციაა და არა ვირუსული. ის ეფექტურად იკურნება ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკებით (მაგალითად, ტეტრაციკლინის ჯგუფით), თუ მკურნალობა დროულად დაიწყება. დიდი ალბათობით, ეს შემთხვევები მხოლოდ ლოკალური ეპიდაფეთქებით შემოიფარგლება.

ახლა მთავარია ინფორმაციის გამჭვირვალობა. მეზობელმა ქვეყნებმა საზღვრებზე კონტროლი უკვე გაამკაცრეს. ასევე, გადასამოწმებელია სრულდება თუ არა ირკუტსკიდან ფრენები. ჩვენმა შესაბამისმა ორგანიზაციებმა — ძირითადად, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და სხვა ჩართულმა უწყებებმა — უნდა იხელმძღვანელონ დადგენილი პროტოკოლით, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ეგრეთ წოდებული მზადყოფნის რეჟიმი.

როგორც 2014 წელს ებოლას ეპიდემიის დროს, როცა საფრთხე შორს იყო, მაგრამ მზადყოფნის რეჟიმი მაინც ამოქმედდა, ახლაც მსგავსი ნაბიჯებია საჭირო“, — აცხადებს მედსკრიპტუმთან ინტერვიუში პროფესორი ამირან გამყრელიძე.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026