
10/04/2026
ირკუტსკის ოლქიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
თავდაპირველად რუსული მედია წერდა, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც ფილტვის ფორმის შავი ჭირი დაუდასტურდა, მისი 200-მდე კონტაქტი საავადმყოფოებში მოათავსეს.
მედიის ცნობით, 189 ადამიანი პროფილაქტიკური დაკვირვების მიზნით იყო ჰოსპიტალიზებული.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გარდაცვლილი ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომელი იყო.

4 ოქტომბერს რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის სამსახურმა განაცხადა, რომ გაფართოებული ლაბორატორიული გამოკვლევებით ქალის ნიმუშებში მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პათოგენური მიკროორგანიზმები არ გამოვლენილა და ოფიციალური ინფორმაციით, მას „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა.
უწყების განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება ირკუტსკსა და შელეხოვში სტაბილურია. დაკვირვების ქვეშ მყოფ კონტაქტებს შორის დაფიქსირდა COVID-19-ის ორი და რინოვირუსის ორი შემთხვევა, თუმცა სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევები არ გამოვლენილა.

თუმცა ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ინფექციის რეალურ მასშტაბებს ასაიდუმლოებს და ვითარება ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების სცენარს ემსგავსება.
The Sun-ის ცნობით, ირკუტსკის აფთიაქებში ანტიბიოტიკების მარაგი უკვე ამოიწურა, მოსახლეობა კი პანიკაშია.
მაინც რა არის რა არის შავი ჭირი და რატომ მიიქცია მისი დადასტურების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების განსაკუთრებული ყურადღება?

შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც Yersinia pestis იწვევს. ბაქტერიის ბუნებრივი რეზერვუარი ძირითადად მცირე ზომის ძუძუმწოვრები და მათი რწყილებია.
ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ინფიცირებული რწყილის ნაკბენით, დაავადებული ცხოველის ქსოვილებთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო კონტაქტით, ხოლო დაავადების ფილტვის ფორმის შემთხვევაში, ინფიცირებული ადამიანის სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი ნაწილაკების ჩასუნთქვით.

ყველაზე საშიში გადაცემის თვალსაზრისით ფილტვის ჭირია. ამ შემთხვევაში ინფექცია ფილტვებს აზიანებს და ავადმყოფ ადამიანს შეუძლია ბაქტერიის სხვა ადამიანისთვის რესპირატორული ნაწილაკებით გადაცემა.
ადამიანიდან ადამიანზე ძირითადად სწორედ ეს "ფილტვის ფორმა" გადადის და ამისთვის, როგორც წესი, დაავადებულთან ახლო და უშუალო კონტაქტია საჭირო.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ფილტვის ჭირი ჰაერით ისეთივე მარტივად არ ვრცელდება, როგორც, მაგალითად, ზოგიერთი ძალზე გადამდები რესპირატორული ვირუსი. თანამედროვე პირობებში ინფექციის გავრცელება, როგორც წესი, ახლო კონტაქტს მოითხოვს და ეფექტური ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შემდეგ პაციენტის ინფექციურობაც სწრაფად მცირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ 1–7 დღეში ჩნდება.
ფილტვის ფორმის შემთხვევაში დაავადება განსაკუთრებით სწრაფად შეიძლება განვითარდეს და მკურნალობის გარეშე სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშია.
შესაძლო ნიშნებია:
ფილტვის ჭირის დროს მკურნალობის დაწყების დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. WHO მიუთითებს, რომ დროული დიაგნოსტიკა და ანტიბიოტიკების დაწყება გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
WHO ფილტვის ჭირის მქონე ადამიანის ახლო კონტაქტებისთვის შვიდდღიან პროფილაქტიკურ მკურნალობასა და სამედიცინო დაკვირვებას ითვალისწინებს.

WHO-ს უახლესი მონაცემებით, 2019–2025 წლებში ორგანიზაციისთვის შეტყობინებული შემთხვევების უმრავლესობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მადაგასკარზე მოდიოდა. თუმცა თანამედროვე მედიცინის პირობებში მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება იმ ეპოქისგან, როდესაც ჭირის ეპიდემიებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა.
დღეს ცნობილია ინფექციის გამომწვევი, გადაცემის გზები და ეფექტური მკურნალობა. არსებობს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ანტიბიოტიკები, კონტაქტების მოძიებისა და იზოლირების სისტემები.
შავი ჭირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას პანიკის საფუძველი მხოლოდ დაავადების სახელწოდება არ უნდა გახდეს. საფრთხე რეალურია მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს კონკრეტული ეპიდემიოლოგიური კავშირი, მაგალითად, იმყოფებოდა დაავადების ბუნებრივ კერაში, ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველთან ან დაუცველი ახლო კონტაქტი ფილტვის ჭირით დაავადებულ ადამიანთან.
ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირება.
გააზიარე სტატია