საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ამბავი, რომელზეც აქ წაიკითხავთ, გორში, 34 წლის წინ მოხდა. საქართველოს სახელმწიფობრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ სულ ახალი გამოცხადებული იყო, როცა გორელი სკოლის მოსწავლე ზაზა კაკალაშვილი სტალინის სახელობის „ბოროტების იმპერიის“მორიგი მსხვერპლი გახდა. ის მშობლიურ ქალაქში საბჭოთა ოკუპანტის ტყვიამ შეიწირა. ეს იყო ძალიან გახმაურებული მკვლელობა, მოკლული ბიჭუნა მთელმა ქვეყანამ დაიტირა, დაკრძალვის დღეს მისი სკოლა ძაძებით და ყვავილებით იყო შემოსილი.
გორის მეცხრე საშუალო სკოლის მოსწავლეები სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ფეხბურთს თამაშობდნენ, როცა საბჭოთა ჯარისკაცები ბავშვებს გამოეკიდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. ეს 1991 წლის მაისში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მოხდა.
14 წლის ზაზა კაკალაშვილისთვის საბჭოთა ოკუპანტების მიერ ნასროლი ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა.
ეს ფოტო მოსწავლისა და პატარა ფეხბურთელის დაკრძალვის დღეს არის გადაღებული, მის მშობლიურ N 9-ე საშუალო სკოლასთან.

ფოტო იმ დღეების ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა, სადაც ეწერა:
„9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი „გმირის,“ მარშალ იაზოვის ერთგული ჯარისკაცების ავტომატის ტყვიით მოკლული გორელი მოსწავლის, ზაზა კაკალაშვილის დაკრძალვას სრულიად საქართველო დაესწრო. ნორჩი ფეხბურთელის მხეცურმა სიკვდილმა თხემით ტერფამდე შეძრა მთელი ქვეყანა. კიდევ ერთი ცრემლიანი და ტკივილიანი დღე გაგვითენეს ბოროტების იმპერიის დამცველმა ჯარისკაცებმა. სამგლოვიარო მრავალათასიანი პროცესია გორის მე-9 საშუალო სკოლასთან სუნთქვაშეკრული გაქვავდა. ძაძითა და ყვავილებით შეუმოსავთ ზაზას თანატოლებს სკოლა. აქ, სკოლასთან, გამოსათხოვებლად დაასვენეს მისი ცხედარი.ზაზას თანაკლასელები მაღლა სწევენ ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ ტრანსფარანტებს: „მკვლელებო, პასუხს აგებთ!“ „შეჩერდით, ბავშვებს ნუ გვესვრით!“
1991 წლის 16 მაისს, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი იაზოვს და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გვარად პატრიკეევს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა. მან გორელი სკოლის მოსწავლის მკვლელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა მოითხოვა.
„საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და ხალხი აღშფოთებულები ვართ ამ გაუგონარი ბარბაროსული აქტით. მოვითხოვთ სასწრაფო გამოძიებას და დამნაშავე პირთა დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ,“ - ეწერა გამსახურდიას მიმართვაში.

მსგავს დანაშაულებზე საბჭოთა კავშირში ვინ დაუსჯიათ? გავიდა დრო და 1991 წლის მაისში ჩადენილი სასტიკი დანაშაულის ამბავი საქართველოში სხვა ბევრმა სისატიკემ გადაფარა.
1991 წლის მაისში გასროლილი ტყვიის მსხვერპლი ახსოვთ ნათესავებს, თანაკლასელებს, მეზობლებს, ქვეყანამ კი დავიწყა. ამასობაში, დამოუკიდებელ საქართველოში თაობები გაიზარდა.
თუ დაგაინტერესებთ როგორია და სად მდებარეობს სკოლა, რომლის წინაც 34 წლის წინ ზაზას თანაკლასელები იდგნენ ქართულ და რუსულ ენაზე დაწერილი ტრანსფარანტებით — „მკვლელეობო, პასუხს აგებთ!“ „შეჩერდით! ბავშვებს ნუ გვესვრით!,“აღმოაჩენთ, რომ გორში N 9-ე საშუალო სკოლა 2014 წლიდან ვაჟა-ფშაველას სახელს ატარებს, ვინაიდან დიდი ისტორიისაა და მის კედლებში ვაჟა-ფშაველაც სწვალობდა.

საყურადღებო ისაა, რომ ვაჟა- ფშაველას სახელობის ეს საჯარო სკოლა, გორში დღესაც კი სტალინის გამზირზე მდებარეობს. იმ სტალინის, რომელმაც 1924 წლის საქართველოს ღირსების აჯანყების დამარცხების შემდეგ, თავის ჯალათებს, ყველაზე სასტიკად გორელები დაასჯევინა. აჯანყების ჩახშობის პირველსავე ეტაპზე გორში 500 პატრიოტი დაახვრეტინა, მათ ოჯახებში ბავშვებიც კი არ დაანდობინათ. სტალინი ხომ ლევან რაზიკაშვილთან ერთად, სიამოვნებით მოკლავდა მის მამასაც, იმ დროს ცოცხალი რომ ყოფილიყო.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ბევრი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი იმსხვერპლა სტალინურმა ტერორმა, უფრო გვიან, 1991 წლის მაისში, ფეხბურთის თამაშისთვის მოკლული ბიჭიც სტალინის მემკვიდრეობის ერთ-ერთი მსხვერპლია. არ დავივიწყოთ ზაზა კაკალაშვილი.
12/26/2025