რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როგორ ავირჩიოთ მოძღვარი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სულიერი წინამძღოლი? ეს ის კითხვაა, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა მაძიებელ ადამიანს უჩნდება. გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას, მამა გურამ ოთხოზორიამ ამ თემაზე საუბრისას აქცენტი ადამიანის შინაგან მზაობაზე გააკეთა. მისი თქმით, მოძღვრის პოვნა ჩვენს საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რეალურად რას ვეძებთ ეკლესიაში.
„შენ როგორიც ხარ, ისეთ მოძღვართან შეგახვედრებს განგება. რასაც ეძებ, ზუსტად იქ მიხვალ. რას ეძებ, რა გინდა? ეს შენს თავს უნდა ჰკითხო.
ასეთი გამოთქმაც არსებობს - "როცა მოსწავლე მზად არის, მასწავლებელი ყოველთვის გამოჩნდება."
როგორც დეიდას დედის სურნელი ასდის, ისე მოძღვარს ქრისტეს სურნელი მაინც უნდა ასდიოდეს, თუ მთლად ქრისტე არაა. მეც, შეიძლება ცოტა ასეთი სურნელი ამდის,"- იღიმის მოძღვარი.
რაც შეეხება ეკლესიის მსახურებს, რომლებიც მრევლში ავტორიტეტის მოპოვებას ვერ ახერხებენ, მამა გურამი მიიჩნევს, რომ ნამდვილი მაძიებელი სასურველ მოძღვარს ადვილად იპოვის.
"ვინც ნამდვილი მაძიებელია, ის არ დაბრკოლდება, თუმცა ადამიანები ზოგჯერ მაინც ბრკოლდებიან. სასულიერო პირის დანახვისას ავტომატურად გგონია, რომ მან რაღაც კონკრეტული პირობები უნდა აკმაყოფილებდეს, წინასწარ წარმოგიდგენია, როგორი უნდა იყოს ის...
შეიძლება გარედან მართლაც ცუდად ჩანს ეს ყბადაღებული „ღიპი და ჯიპი“ და მართლა თვალში გვხვდება, მაგრამ რამდენიც გინდა, იმდენი სასულიერო პირია, სოფლებში თავდაუზოგავად რომ შრომობენ და იმათზე არავინ წერს. მეორე მხრივ, შეიძლება მღვდელს არც ჯიპი ჰყავდეს და არც ღიპი ჰქონდეს, მაგრამ თავი მოგაკვლევინოს, ისეთი უგუნური და უმეცარი იყოს. ეკლესია ადამიანებისგან შედგება, ქრისტე კი მის შიგნით არის. ის, რაც ხდება, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური, მაგრამ როგორებიც თავად ვართ, ისეთია ჩვენი საზოგადოებაც. საზოგადოება უნდა გაიზარდოს, განათლდეს და სწორედ ამ გაჯანსაღებული გარემოდან წამოვლენ ახალი სასულიერო პირებიც. რა ეშველება ამ ყველაფერს? ერთადერთი გზა განათლება, ახალი ცნობიერება და ეკლესიაში ახალი კადრების მოსვლაა.“ - ამბობს მოძღვარი.
06/21/2026