ეს არ გამოგრჩეთ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლი, რომელიც მაყურებელმა „დივერგენტის“ სერიითა და HBO-ს პოპულარული სერიალით - „დიდი პატარა ტყუილები“ (Big Little Lies) გაიცნო, საქართველოში იმყოფება.
შეილინ ვუდლიმ წარმატებული როლები შეასრულა ფილმებში „The Fault in Our Stars“, „The Descendants“ და სერიალში „Big Little Lies“, სადაც პარტნიორობას ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი და მერილ სტრიპი უწევდნენ.

რაც შეეხება მის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს.
Netflix-ის საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება.
გადაღებები აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობდა. ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც ამ პროექტის წამყვანია, ადგილობრივ კულტურას, ტრადიციულ რეცეპტებსა და თითოეული რეგიონის უნიკალურ თავისებურებებს გაეცნო.
საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი სრულად საქართველოს მიეძღვნება და ქვეყნის ტურისტულ, გასტრონომიულ და კულტურულ მრავალფეროვნებას საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობს.
საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი ეპიზოდი სამეგრელოში, ეთნოსოფელ "სისატურაშიც" გადაიღეს.

აი, რას წერს მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი.
"წლების წინ, როცა გადავწყვიტე ჩემი ბედნიერების გზა საკუთარ ფესვებთან, ბუნებასთან და ადამიანებთან კავშირში მეპოვა, სწორედ მაშინ დაიბადა სისატურას იდეა.
სადღაც გულის კუნჭულში მჯეროდა, რომ ეს გზა ერთ დღეს საოცარ ადამიანებს შემახვედრებდა. ეს უფრო ოცნება იყო, ვიდრე მოლოდინი.
ორი დღის წინ, ჭიშკართან, ორნახადი ჭაჭით ხელდამშვენებულმა გავიგე, რომ ჩემი სტუმარი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰოლივუდელი მსახიობი, Shailene Woodley — ჩემი „დივერგენტელი“ გოგო იყო.
პირველი ემოცია რამდენიმე წამს გაგრძელდა… მერე კი დაიწყო მეგრული სტუმართმოყვარეობა.
ვუყვებოდით ჩვენი ოჯახის ამბებს, ძველ რეცეპტებს, სოფლის ცხოვრებას. იყო ბევრი სიცილი, ემოცია, ცრემლებიც…

დღის ბოლოს ყველაზე მეტად მისი ადამიანურობა, უბრალოება და გულწრფელი ცნობისმოყვარეობა დამამახსოვრდა. ის უსმენდა არა მხოლოდ ჩემს სიტყვებს, არამედ იმ ისტორიებსაც, რომლებიც მათ უკან იდგა, გრძნობდა, განიცდიდა , იმახსოვრებდა.
თან წაიღო ჩემი ოჯახის ამბები, სოფლის ორღობეები, მეგრული სტუმართმოყვარეობა და, ალბათ, ჩვენი ბედნიერების რეცეპტიც.
ალბათ, სწორედ ამიტომ მიყვარს ეთნო სოფელი "სისატურა" — აქ ადამიანები ერთმანეთს სტატუსებით კი არა, ადამიანური ისტორიებით ხვდებიან.
მეგრული ამბები — მალე Netflix-ზე 🤍

კი, ბედნიერი დღე იყო. ისეთი, რომელიც კიდევ ერთხელ გახსენებს, რომ როცა ფესვებთან, ბუნებასთან და ადამიანებთან კავშირს არ კარგავ, ცხოვრება ზოგჯერ იმაზე მეტს გჩუქნის, ვიდრე ოდესღაც გაბედე და იოცნებე. მადლობა."

ქვემოთ მოცემულ ბმულზე თქვენ ნახავთ, როგორ ამოზილა და გაწელა შეილინმა ელარჯი.
07/28/2026