ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, საზოგადოების ნაწილში, დღემდე არაერთი მცდარი წარმოდგენა უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, თითქოს HPV ვაქცინაცია მომავალში უნაყოფობის ან რეპროდუქციული პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამ მოსაზრებას არცერთი არსებული სამეცნიერო მონაცემი არ ადასტურებს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ რეალური საფრთხე თავად HPV ინფექციაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სხვა მძიმე დაავადებების განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. დაავადების შემთხვევაში საჭირო მკურნალობამ კი შესაძლოა ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
რატომ არ იწვევს HPV ვაქცინა უნაყოფობას და როგორ იცავს ვაქცინაცია როგორც ქალების, ისე კაცების ჯანმრთელობას? გინეკოლოგი ეკა კვირკველია განმარტავს.

"ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო/HPV ვაქცინა არ იწვევს უნაყოფობას/უშვილობას, ხოლო თვითონ ადამიანის პაპილომა ვირუსი/HPV კი შეიძლება სიცოცხლისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე გახდეს.
დღემდე არ არსებობს სარწმუნო სამეცნიერო მტკიცებულება, რომ HPV-ის ვაქცინა ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერებას ამცირებს. სამაგიეროდ, HPV ინფექცია არის საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი მიზეზი. თუ კიბო განვითარდა, მკურნალობა (კონიზაცია, ტრაქელექტომია, ჰისტერექტომია, ქიმიო- და სხივური თერაპია) ხშირად ამცირებს ან სრულიად აკარგვინებს ქალს ორსულობის შესაძლებლობას. მძიმე შემთხვევებში კი დაავადება შეიძლება სიცოცხლის დაკარგვის მიზეზიც გახდეს.

ფაქტები:
• HPV ვაქცინა არ იწვევს უნაყოფობას.
• ვაქცინაცია ამცირებს კიბოსწინარე დაზიანებების, ოპერაციების, უნაყოფობისა და HPV-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკს.

ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინაცოა შესაძლებელია დაიწყოს ბიჭებში და გოგონებში 9 წლიდან, საქართველოში იწყება 10 წლიდან.
შენ ირჩევ: თავიდან აირიდო კიბო (ქალმაც,კაცმაც) ან გარისკო რომ კიბო დაგემართოს. ," - გვირჩევს ეკა კვირკველია.
07/23/2026