კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
შარშან 4 აგვისტოს უჩუმრად წავიდა, ჩვეულებრივი მოკვდავის მსგავსად, ეს "არაჩვეულებრივი გამოფენის" და შემოქმედების კაცი; ვითომდა ამდენი გენიალური ფილმი მის ანგარიშზე არ ყოფილიყო და ცხოვრების ბოლომდე, საყვარელი საქმით გართულს, სიბერისთვის თვალი არ აერიდებინოს...
რომ არა მისი ცხოვრების ტრაგედია და შვილის გარდაცვალებით გამოწვეული გულზე გამოკერებული დარდი, კიდევ იცოცხლებდა. ფიზიკურადაც არ ჰგავდა 90 წელს გადაცილებულ, ხანდაზმულ ადამიანს. მაესტროს ქალიშვილის, მსახიობ ნატაშა შენგელაიას ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში ნათქვამი აქვს:
"მიხარია, რომ ამ ასაკამდე ასე მოვიდა. ვარდისფერი კანი აქვს და ბავშვივით გამოიყურება. ვერ გეტყვით, ამის საიდუმლო რა არის. ჯიშია-მეთქი რომ ვთქვა, ვერ ვიტყვი, რადგან ადრე გარდაიცვალნენ მისი მშობლები."

ძმები შენგელაიები ადრე დაობლდნენ. მშობლების უდროოდ წასვლით გამოწვეული ტკივილი უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა, ცხადია. თუმცა ტრაგედიებს არც ერთი არ გაუბოროტებია.
"ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ერთ საბედისწერო დღეს კი… მამას გული გაუსკდა, – მითხრეს. სიტყვა “ინფარქტს” სასაუბრო მეტყველებაში არ იყენებდნენ. "მერე რა მოხდა, შეუკერონ", – მიამიტად მივუგე. ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. მაშინ 9 წლის ვიყავი, ჩემი ძმა, გიორგი – 5-ის. რაც მოხდა, მხოლოდ წლების შემდეგ აღვიქვი. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო… დედა ყოველმხრივ ცდილობდა, ჩვენთვის მამით ობლობა არ ეგრძნობინებინა, ეს დანაკლისი თავად შეევსო" - იხსენებდა რეჟისორი.
მისი ცხოვრების ყველაზე უმძიმეს პერიოდს კი, ელდარი ასე იხსენებდა:
ელდარ შენგელაია: ჩემი მიმწუხრი და უდიდესი ტკივილია ჩემი უმცროსი ქალიშვილი – ელენე. ის რომ დაიღუპა, თავის მოკვლა მინდოდა. საოცარი გოგო იყო. სწავლობდა ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში. ყველაფერში უმაღლესი შეფასება ჩამოიტანა. ამბობდა, ინგლისურში მოწაფეებს ავიყვანო… მერე დასძენდა, – აბა, ჩემთან ვინ მოვა, ასეთი პატარა ვარო…
მისი გარდაცვალების მეორე დღეს პატრიარქი მობრძანდა. მაშინ მაინცდამაინც ეკლესიური არ ვიყავი. მართალია, ბავშვობაში ბებიას დავყავდი ეკლესიაში, წითელ კვერცხებსაც ღებავდა, მაგრამ სხვა შეხება არ მქონია ეკლესიასთან… და კიდევ არიადნა რომ შევირთე, ვუთხარი, წამოდი ეკლესიაში, სანთლები დავანთოთ და მერე მოვაწეროთ ხელი-მეთქი… თუმცა გაცნობიერებული არც მქონდა, ასე რატომ მოვიქეცი…
მას მერე, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა გვითხრა, ელენეს სული ცოცხალიაო, სხვაგვარად შევხედე ყველაფერს. შემდეგ გოგი ხარაბაძემ წაგვიყვანა ქაშუეთის ეკლესიაში მამა გიორგი ზვიადაძესთან… ასე დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ, ნელი შენგელაიამ ეკლესიური ცხოვრება…
ძალიან თუ შევიცვალე? ალბათ…
რამეს თუ შევცვლიდი? ცხადია, შევცვლიდი… თუმცა ბოროტება არასდროს ჩამიდენია, ეს სიმძიმე არ მაწევს გულზე.

ელენე მამასთან მის ფილმებზე არ საუბრობდა, თუმცა დედა ამჩნევდა, როგორ სიამოვნებდა ელდარის ფილმებზე საქებარ სიტყვებს რომ იგებდა და ჩუმად ამაყობდა. ბავშვობაში, ერთ ნახვაზე თითო ფილმს, ზედიზედ სამჯერ მაინც უყურებდა.
„დედა, შენ რა იცი, რატომ ვნახულობ ამდენჯერ. მამაჩემის ფილმებიდან მე ჭკუა მემატებაო“. ელენეს კურსელებმა მეორე კურსზე გაიგეს, რომ ის ელდარის შვილი იყო...

ოთხიოდე წლის წინ, როდესაც მაესტრო 89 წლის გახდა, თეატრისა და კინოს რუსმა და ამერიკელმა რეჟისორმა, სცენარისტმა ანდრეი კონჩალოვსკიმ მისალოცი ბარათი გამოუგზავნა:
"შენ ქართული კულტურის სიამაყე ხარ. ღმერთმა ფაქიზი, ნიჭიერი და ლამაზი შეგქმნა. ჩვენს მეგობრობას ვგიკში შეხვედრის პირველივე დღიდან ვაფასებ. სულით და გულით გილოცავ. გეხვევი. კონჩალოვსკი"
ლეო ანთაძე: თითქმის, მთელი ცხოვრება, ერთად გავატარეთ. საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ. სამი თვით ვარ მასზე უფროსი. სკოლაშიც, ერთ მერხზე ვიჯექით. სამწუხაროა, რომ აღარ დამრჩა ჩემი ასაკის მეგობრები, ყველა წავიდა, ერთი-ორი კაცი დავრჩით!

08/04/2026