საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1921 წლის თებერვალში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამხობამ, დამფუძნებელი კრების უხუცესი წევრი, სილიბისტრო ჯიბლაძე, არჩევანის წინაშე დააყენა: ემიგრაცია ან სამშობლოში დარჩენა და საოკუპაციო რეჟიმთან დაპირისპირება. სილიბისტრო დარჩა და მისი ცხოვრების უკანასკნელი წელი ბოლშევიკური ტერორის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
სტალინის „ტრიუმფი“ და ნაძალადევის პროტესტი
1921 წლის ივლისში, თბილისში, ნაძალადევის რაიონში სტალინთან შეხვედრა იყო საქართველოს დამაქცევარი ბოლშევიკების მცდელობა, მუშათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ. მაშინდელი დოკუმენტური წყაროებიდან ირკვევა, ბოლშევიკებს ეს ჩანაფიქრი ჩაუვარდათ.
სცენაზე სტალინის გამოჩენამ დარბაზში აღშფოთება გამოიწვია. მაშინდელი ცნობილი პოლიტიკური ლიდერების, სოციალ-დემოკრატების: ისიდორე რამიშვილის, სილიბისტრო ჯიბლაძის და სხვათა გამოსვლებმა სტალინს დაანახა, რომ ქართველი მუშათა კლასი არ ეგუებოდა საბჭოთა - რუსულ ოკუპაციას.

ახლადოკუპირებულ საქართველოში, სტალინის წინააღმდეგ გამოსულ ორატორებს დარბაზი ტაშს უკრავდა. ისმოდა შეძახულები: „მოღალატე! მკვლელო!“ როდესაც ბოლშევიკებმა სცადეს თავიანთი ლიდერისთვის სიტყვის წარმოთქმის საშუალება მიეცათ, დარბაზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნი გაისმა. ამის მერე უთქვას იოსებ ჯუღაშვილს - საქართველო უნდა გადაიხნას სიგრძესა და სიგანეზეო.
სტალინთან შეხვედრას მოჰყვა რეპრესიები. დააპატიმრეს ისიდორე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ოკუპირებულ საქართველოში დარჩენილი სხვა პატრიოტი ფიგურები.


„გატაცებული“ ცხედარი და პოლიტიკური შიში
სილიბისტრო ჯიბლაძე ავადმყოფობის გამო მეტეხის ციხიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად დაუყოვნებლივ განაახლა იატაკქვეშა ბრძოლა. 1922 წლის 17 თებერვალს, კონსპირაციულ ბინაში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ბოლშევიკურმა „ჩეკას“ მისი ცხედარი ოჯახს მოსტაცა და გასაიდუმლოებულად დაკრძალვა ვერის სასაფლაოზე. ეს საოკუპაციო რეჟიმის სისუსტისა და შიშის გამოვლინება იყო. ბოლშევიკებს აშინებდათ, ჯიბლაძის უკანასკნელ გზაზე გაცილება მასშტაბურ საპროტესტო აქციად არ გადაქცეულიყო.

1922 წლის გზავნილი ტყეში გასულებს
სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანგატეხილმა სილიბისტრო ჯიბლაძემ მოახერხა სოციალ-დემოკრატების საიდუმლო კონფერენციის ორგანიზება და ამ კონფერენციიდან თავისი უკანასკნელი სიტყვა გაუგზავნა ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებულ პატრიოტებს:

„არალეგალური კონფერენცია შეკრებილი კავკასიონის მივარდნილ ტყეში, დევნილი დამპყრობელთაგან და კანონს გარეშე გამოცხადებული ოკუპანტების მიერ, მოგესალმებით ქართველი ერის საუკეთესო შვილებს, რომელნიც უცხო ძალამ გაიძულათ მიგეტოვებინათ სახლ-კარი, მშობლიური სოფლები, ხელი აგეღოთ საყვარელ საქმეზე და ამის ნაცვლად გახიზნულიყავით ტყეში, მთებში, მიუვალ კლდეებში. ამ უდიდესი ტრაგედიის დროს იმედი შეინახეთ გულში, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას მოწყურებულ ქართველ ხალხს ვერ მოდრეკს უხეში დამყრობელი რუსეთის ძალა.“

სილიბისტრო ჯიბლაძე ცხარე ცრმელებით დაიტირეს თანამებრძოლებმა ოკუპირებულ საქართველოშიც და ევროპაშიც. საფრანგეთის ემიგრაციაში მაშინ გამოცემულმა ქართულენოვანმა ჟურნალებმა შემოინახეს ამ კარგი ქართველის დაკარგვით გულდათუთქული ამხანაგების სამგლოვიარო განცხადებები თუ სამახსოვრო ლექსები.

„კარგი იყავი ჩემო კარგო, სულით მაღალი,
არც სიყვარულში, არც ბრძოლაში არ გყავდა ცალი,
წამების ჯვარი სიკვდილამდე ამაყად ზიდე,
და აწ მფარველად დაგვიტოვე შენი სიდიდე.
ნუ გეშინია, საქართველო აღდგება ისევ,
შენ ხომ სიცოცხლე მას შესწირე, მას ანაცვალე!”

სილიბისტრო ჯიბლაძის დაპატიმრებას, წამებას და შემდეგ მისი ცხედრის გატაცებას გამოხმაურება ჰქონია ევროპაში. ევროპის სოციალისტურ პრესას ერთუსლოვანი აღშფოთება გამოუთქვამს წითელი ჯალათების ბარბაროსული მოპყრობის გამო, ქართველი სოციალ-დემოკრატების გამოჩენილი ლიდერის მიმართ.
ნუ დავივიწყებთ საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლას შეწირულ გმირებს, ისინი ძალიან ბევრნი არიან.
06/24/2026