რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
2 ნოემბერი მამა გაბრიელის გარდაცვალების დღეა...
ჩვენი დროის უდიდეს წმინდანს, ღირს მამა გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, 90-იანი წლების საქართველოში დიდი აუდიტორია არ ჰყოლია. რაღაც დროით, განკვეთილი იყო, თან სალოსი. ამდენად, არ იყო ადვილი მისთვის გაგეგო. თუმცა, ვინც მის კელიაში, ან უბრალოდ მის რადიუსში, ერთხელ მაინც მოხვდებოდა, მეორედ უკვე უხილავ ძალას მიჰყავდა მასთან.
ეკა სანაიამ მამა გაბრიელი გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე (1994 წელს) გაიცნო. ისევე, როგორც ყველა მის სულიერ შვილს, დიდი მამის დარიგებებია ეკასაც დღემდე რომ ამოძრავებს და სულიერად აძლიერებს.
მამა გაბრიელის გარშემო სასწაულებს რა გამოლევს. მაგრამ მსგავსი რამ მართლა გაგაოცებთ. ურწმუნოს, ამ ერთი ფაქტით, რწმენაში ვერ ჩააგდებ. მორწმუნე კი საოცრად განმტკიცდება.
ჩემმა მეგობარმა, ეს დაუჯერებელი ამბავი, მზიანი ტოსკანას საკურორტო ქალაქ ვიარეჯიოში მცხოვრებ იტალიელ სიძეზე მიამბო.
ეკა სანაია: – ჩემი დეიდაშვილი მარიკა მყავდა მიყვანილი მამა გაბრიელთან და დღესაც ამბობს, ხელი რომ დამადო და დამლოცა, მთელი ცხოვრება მყოფნისო. 1995 წელს, სვეტიცხოვლობას, მარიკას ქალიშვილები მივიყვანე მამა გაბრიელთან. მაშინ ისინი 14-15 წლისანი იყვნენ. გავიდა დრო. მარიკა იტალიაში წავიდა სამუშაოდ. უფროსმა ქალიშვილმა, ეკამ ენა ისწავლა. ინტერნეტით გაიცნო 46 წლის იტალიელი ჯინო ვანუჩი. ჯინო ისე მოიხიბლა ეკათი, რომ ჩამოაკითხა და შვილთან ერთად წაიყვანა ტოსკანაში.
ჯინო მორწმუნე კათოლიკეა, მედავითნე და მგალობელი. რომ შეხედავ, ტიპიური იტალიელია. საქართველოში მართლმადიდებლურად მოინათლა.
აი, რას მიყვება ჯინო: ეკას წასაყვანად რომ ჩამოვედი საქართველოში, მის სახლში, კედელზე ვნახე მამა გაბრიელის ფოტო. (მაშინ ჯერ მისი ხატები არ იყო). ეკას ვკითხე, ეს შენი ბაბუაა-მეთქი? არა, ეს ჩვენი წმინდანიაო, მითხრა. გავოცდი. კი, მაგრამ ამ წუთას ფანჯრიდან დავინახე, სამშენებლო ურიკაში იჯდა, ვიღაცას მოყავდა; უცებ ამომხედა, თვალი თვალში გამიყარა და თბილად მიღიმოდა. კიდევაც გავიფიქრე, ეს კაცი გიჟი ხომ არ არის, ურიკაში რა უნდა-მეთქი, მაგრამ მე მაშინ მისი ძალა ვიგრძენი და მივხვდი, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყოო.
ზუსტად ორ დღეში, ზემო ბეთლემის წინამძღვარმა, მამა იოანემ მონათლა ჯინო და მასაც იოანე დაარქვა… ნათლობიდან პირდაპირ მამა გაბრიელის საფლავზე წავედით…
მერე იყო ის პერიოდი, დედა პარასკევამ რომ თქვა, შობას, საფლავზე, სამ სურვილს თუ ჩაიფიქრებთ, მამა გაბრიელი აგისრულებთო. რიგი დადგა...

ამ დროს ჯინო მოხვდა ციხეში. გადასახადების გადაუხდელობის გამო, ყველაფერი დაუყადაღეს და დააკავეს.
მირეკავს დეიდაშვილი, მარიკა, ჯინოს საკანში ეცხადება მამა გაბრიელი და მთხოვს შენთან დარეკვას, იქნებ მითხრას - რატომ მეცხადება, თან ქართულად მელაპარაკებაო.
ვუთხარი, აქ მთელი საქართველო მამა გაბრიელის სასწაულებს ელოდება, შენ თუ მანდ გეცხადება, რაღაც სიურპრიზს გიწყობს, ალბათ, პირიქით, გეხმარება-მეთქი. მირეკავდნენ და ხილვებს მიყვებოდნენ - ცხადად ხან კედლიდან გამოდის, ხან კარიდან შემოდისო. ჯინო ტირილით გარბოდა ციხის ეკლესიაში და პადრეს უამბო ყველაფერი. ამდენი წლის მღვდელი ვარ და ვნატრულობ, წმინდანის გამოცხადებას. შენ თუ საკანში გეცხადება, ბედნიერი ყოფილხარო, უთქვამს.

ერთხელ ღვთისმშობელთან ერთად გამოცხადებია მამა გაბრიელი. ეს ჩვენი მადონა არ იყო, თქვენი ღვთისმშობელი იყოო, ჯინომ გვითხრა. აღწერა კიდეც, წითელა კაბა ეცვა და კელაპტარი ეჭირა, მამა გაბრიელი გრაგნილით იყო, თქვენს ენაზე მელაპარაკებოდნენო…
ბოლოს რაღაც წერილი მიუცია ჩვენს წმინდა მამას ჯინოსთვოს. და 8 წელი რომ ჰქონდა მისჯილი გამოიძახა ადვოკატმა და უთხრა, შენს საქმეს გადავხედეთ და სასჯელს გიხსნით, ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით ციხიდან გიშვებთო.
ჭკუაზე არ იყო ჯინო. სასწაულებრივად, ორ წელში გამოუშვეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ეკას და ჯინოს, მესამე შვილი შეეძინათ. ბიჭს, რა თქმა უნდა, გაბრიელი დაარქვეს.
10/20/2025