ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სმენის დაქვეითება დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ამავე დროს, ყველაზე რთულად სამკურნალო პრობლემად ითვლება. დაზიანებული შიდა ყურის უჯრედების აღდგენა ფაქტობრივად გამორიცხულია, ამიტომაც მილიონობით ადამიანი იძულებულია, მთელი ცხოვრება სმენის აპარატებზე ან კოხლეარულ იმპლანტებზე იყოს დამოკიდებული.
თუმცა უკანასკნელი კვლევები მიუთითებს, რომ ეს რეალობა შესაძლოა შეიცვალოს.
ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღეროვანი უჯრედების შეყვანით, სმენის ბუნებრივი აღდგენა უკვე შესაძლებელი გახდა.

ყველაზე გავრცელებული პრობლემა - ე.წ. სენსონევრალური სმენის დაქვეითება, შიდა ყურში მდებარე უმცირესი სენსორული უჯრედების, ან სმენის ნერვის დაზიანებასთანაა დაკავშირებული. ადამიანის ორგანიზმს ამ უჯრედების ბუნებრივი რეგენერაციის უნარი არ აქვს, რის გამოც სმენის დაკარგვა დღემდე შეუქცევად პროცესად ითვლებოდა.
ღეროვანი უჯრედები უნიკალურობა იმაშია, რომ მათ სხვადასხვა სპეციალიზებულ უჯრედად გარდაქმნა შეუძლიათ.
ახლა მეცნიერები სწავლობენ, შესაძლებელია თუ არა ღეროვანი უჯრედების საშუალებით დაზიანებული სმენის ნერვული უჯრედების ჩანაცვლება და სმენის სენსორული უჯრედების ფუნქციის აღდგენა.

ეს მეთოდი რადიკალურად განსხვავდება სმენის აპარატების გამოყენებისაგან, რომლებიც მხოლოდ ხმას აძლიერებენ, მაგრამ დაზიანებას არ კურნავენ.
2024–2025 წლებში დიდ ბრიტანეთში დაიწყო პირველი კლინიკური კვლევა ადამიანებზე, რომელიც მიზნად ისახავს სმენის აღდგენას ღეროვანი უჯრედების დახმარებით. კვლევას ატარებს ბიოტექნოლოგიური კომპანია Rinri Therapeutics, ხოლო მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი ცნობილია Rincell 1-ს სახელით.
კვლევის ფარგლებში ხდება ლაბორატორიაში გამოყვანილი უჯრედების შეყვანა შიდა ყურში და მათი გარდაქმნა სმენის ნერვულ უჯრედებად.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღეროვანი უჯრედების საშუალებით, სმენის უჯრედების ნაწილობრივი აღდგენა შესაძლებელია.
თუმცა ადამიანებზე ჩატარებული კვლევები ჯერ მიმდინარეობს და სმენის სრული აღდგენა ღეროვანი უჯრედებით ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მედიცინა შეძლებს სმენის დაკარგვის მართვიდან, სმენის რეალურ აღდგენაზე გადავიდეს, რაც მილიონობით ადამიანს მისცემს შანსს, ბუნებრივად მოუსმინოს სამყაროს.
01/03/2026