სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კვების ინსტრუქტორი გიორგი ქავჟარაძე იმ შეცდომებზე წერს, რომლებსაც ჭარბი წონის მოშორების მსურველები დიეტების დაცვისას უშვებენ.
ინსტრუქტორი ყურადღებას შიმშილის შეგრძნებებსა და მის ტიპებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ყველა ტიპის შიმშილთან აკრძალვებით ბრძოლა არასწორია.
„რატომ ვერ იცავთ „სიგიჟე“ დიეტებს, არ აქვს მნიშვნელობა ოპერაცია გაქვთ გაკეთებული, თუ ნემსებით არეგულირებთ წონას.
თუ საკვების მიღებისა და მისი გადამუშავების პროცესი ფიზიოლოგიაა(და ეს ნამდვილად ასეა), მაშინ პროცესის მართვა უნდა ვისწავლოთ ფიზიოლოგიის დონეზე, და არა ნებისყოფით ან მოტივაციით.

შესაბამისად, წონის მართვა ფიზიოლოგიაა. რადგან წონას ვიმატებთ ან ვიკლებთ კალორიების სიჭარბით ან მათი ნაკლებობით. ამ პროცესს მეტაბოლიზმი არეგულირებს, ხოლო მეტაბოლიზმს - შესაბამისი ჰორმონები.
პირველი ნაბიჯი ფიზიოლოგიურად ამ პროცესების მართვის კუთხით არის - შიმშილი და მისი მართვა.
შიმშილის ჰორმონი - გრელინი, ისე ჩნდება, რომ ჩვენ მის მოსვლას ვერ ვაკონტროლებთ. მას ორგანიზმი აკონტროლებს, როცა აკლდება ენერგია... და ის სიგნალია!
ადამიანს შეუძლია ნებისყოფით ან ყურადღების გადატანით, დროებით მართოს შიმშილი, მაგრამ მართვა ხანმოკლეა და ორგანიზმი ბოლოს მაინც დაგვამარცხებს. შიმშილი არის ორგანიზმის სიგნალი და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი სწორი და დროული ამოცნობა.
მაგრამ რაშია რეალური პრობლემა?

ყველა შიმშილი ერთნაირი არ არის. და სწორედ აქ იწყება შეცდომების ჯაჭვი. როცა ყველა შიმშილს ვებრძვით აკრძალვებით, ორგანიზმი აღარ გვენდობა და იწყებს ფიზიოლოგიურად ჩვენგან თავის დაცვას.
ფიზიოლოგიური შიმშილი - ენერგიის რეალური მოთხოვნა - შესაბამისი სიგნალი
ჰორმონალური შიმშილი - დისრეგულაციის სიგნალი
სტრესული შიმშილი - ნერვული სისტემის პასუხი სტრესზე
ჩვევითი შიმშილი - გარემოს და ცხოვრების რიტმის შედეგად შექმნილი სიგნალი
ბოლო სამს ხელს უწყობს ემოციური შიმშილი, საყვარელი პროდუქტებით სიამოვნების მიღება.

შიმშილი პრობლემა არ არის. ის ორგანიზმის შესაბამისი სიგნალია, რომლის უკან დგას ორგანიზმის მდგომარეობა - უენერგიობა, სტრესი, გადაღლილობა, გართობა, მოწყენილობა....
პრობლემაა, როცა მათ ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ. როცა ყველა შიმშილს „აკრძალვით“- რომელიმე დიეტით, ბრძოლით, შეზღუდვით და იგნორირებით ვპასუხობთ.
ახლაც ვერ მიხვდით რატომ ვიმატებთ? რატომ ბრუნდება წონა? თუ ფიზიოლოგიაზე არასწორი პასუხი გვაქვს - ვაშლს შეჭამ, კოწახურს მოაყრი, თუ ლიმნიან წყალს დალევ - ბოლოს მაინც ზედმეტს მიირთმევ.
ეს ფიზიოლოგიაა!
შეზღუდვებით და აკრძალვით სხეული სწავლობს ერთ რამეს - ენერგია საფრთხეშია.
მე არ ვასწავლი შიმშილის ჩახშობას. მე ვასწავლი მის სწორად წაკითხვას.
აქედან იწყება წონის რეგულაცია,“ - წერს კვების ინსტრუქტორი.
01/17/2026