საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დათო ტურაშვილმა რადიო თავისუფლების პროექტში "8 ფოტო არქივიდან" თავის ძაღლზე, მალტეზე ტაფიზე ისაუბრა. მწერალი ამბობს, რომ ამ ოთხფეხა ოჯახის წევრმა, მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა, სულ სხვაგვარად შეხედა ყველაფერს და თუ აქამდე, სხვა ცხოველებს ვერ ამჩნევდა, ამ თოვლის გუნდას შემდეგ, ყველა ძაღლსა და ცხოველს ამჩნევს და უყვარს.
დათო ტურაშვილი: ეს არის მოვლენა (ადამიანზე მეტია), რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ბავშვობაში ძაღლი არ მყოლია, არც ჩემს მშობლებს ჰყოლიათ და ეს გამოცდილება არ მქონია და როდესაც ადამიანები ძაღლების და ცხოველების სიყვარულზე ლაპარაკობდნენ, რა ტიპის სიყვარული იყო, ვერ ვხვდებოდი. რამდენჯერ მივედით ზოო მაღაზიაში, თქვენ გაზრდითო, მკითხეს. მე ვერა, დრო არ მაქვს-მეთქი. ჩემი შვილები პატარები იყვნენ. აბა, ამათ ვერ ვანდობ, ეს დიდი პასუხისმგებლობააო, მითხრეს.
ერთხელაც ჩემმა ლიზამ მოიყვანა და თქვა, მე გავზრდიო. დაიწყო გაზრდა, მაგრამ მერე სწავლა მოუნდა, ისწავლა ესპანური, წავიდა ესპანეთში, იქ სწავლობს და მუშაობს. ტაფი დაგვრჩა ჩვენ.

ტაფი მალტურად "პატარა გოგოს" ნიშნავს. პირველად რომ მოიყვანეს, მეძინა და რომ გავიღვიძე, გულზე მედო თოვლის გუნდა. გუნდა, რომელსაც ვერ შეეხები. სამწუხაროდ, დაემართა ენტერო ვირუსი. კლინიკაში რომ მივიყვანეთ, გვითხრეს, ეს ვერ გადარჩებაო. ეტყობა, ვერ შევიკავე თავი, ცრემლი მომადგა, თუ ის კაცი მიხვდა, რომ მეც ვკვდებოდი მასთან ერთად. იქნებ გადარჩეს-მეთქი. აზრი არ აქვსო, მითხრა.
მახსოვს, შევიჭვრიტე იმ პალატაში, სადაც დააწვინეს და ორ დიდ, უშველებელ ნაგაზთან ერთად იწვა. გაოგნებული იყო, ამ "ხალხში" როგორ მოხვდა. ისინიც ამ თოვლის გუნდას გაკვრვებული დაჰყურებდნენ ზევიდან. ამას წვეთოვანები დაუყენეს. დეკემბრის ბოლოს, ერთი კვირის შემდეგ დაგვიბრუნეს. სახლში რომ მოვიყვანეთ, 31 დეკემბერი იყო. მე კოლექტიური დღესასწაულები არ მიყვარს. მაგრამ ეს იყო ახალი წელი, როცა ისეთი ბედნიერი ვიყავი, იმდენი დავლიე...
ტაფი საოცარი მოვლენა აღმოჩნდა. ის კი არა, რომ ოჯახის წევრი გახდა, როგორ შეცვალა ჩემი სამყარო. ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი თავიდან აღმომაჩენინა, სულ სხვანაირად დამანახა. თურმე, რამდენი რამე არ ვიცოდი. ამ ერთი ბეწო მოვლენამ, როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ახლაც ვგიჟდები. მთავარი, რაც აქვთ ძაღლებს და ცხოველებს, უანგარობა და უპირობო სიყვარულია. შვილებისგან განსხვავებით, არასდროს უთქვამს, 20 ლარი ჩამირიცხეო. მთავარი სიყვარულია მისთვის, არაფერი არ უნდა, არაფერს არ გთხოვს, მარტო სიყვარულს და თამაშს. შვილები ხომ იცით, როგორ არიან, სულ გინდა ჩაეხუტო, მაგრამ იზრდებიან და დიდები არიან, ვეღარ ეხუტები.
ეს სულ ბავშვია, სულ თამაში უნდა. არაფერი ამის სანაცვლოდ; "არაფერი სიყვარულის გარდა" - როგორც რეზო გაბრიაძე იტყოდა. გაიძულებს, რომ შეიცვალო და დაინახო სამყარო. აქამდე ცხოველებს ვერ ვამჩნევდი, ახლა ყველა ცხოველს, ყველა ძაღლს ვხედავ. ადამიანებზე სხვანაირად შემახედა და შეიძლება ისე შეიყვარო, როგორც მანამდე ვერც კი წარმოგედგინა. ღირებულებებზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე ისე დაფიქრდები. ასეთი საოცრება მოიტანა ტაფიმ. ასე რომ მადლობა მას.
06/17/2026