ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ანდაზა „შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო“, ხალხურ სიბრძნეთაგან ერთ-ერთი იყო, რომელსაც ჩვენი მშობლების თაობის აღმზრდელობით მეთოდებში საპატიო ადგილი ეკავა. სიმკაცრე შვილების მიმართ, საზოგადოების ნაწილში, წლების განმავლობაში ნორმად მიიჩნეოდა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ტრავმული მითია მათ შორის,რომლებიც დღემდე აქტუალურია.
„შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო“ - ეს ანდაზა თაობებს გადაეცემა, თითქოს უდიდესი ხალხური სიბრძნე იყოს. სინამდვილეში კი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ტრავმული მითი, რომელიც ქართულ ოჯახებში დღემდე ცოცხლობს.
გეშტალტთერაპიაში ასეთ შეგონებებს კულტურულ ინტროექტებს ვუწოდებთ. ინტროექტი არის წესი, რწმენა ან იდეა, რომელიც ბავშვობაში გარემოდან მზა სახით მივიღეთ, „გადავყლაპეთ“ და ისე ვაქციეთ საკუთარ ნაწილად, რომ ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია.," - ამბობს ფსიქოთერაპევტი ოლიკო ნაკაშიძე და დეტალურად განიხილავს , თუ რას ნიშნავს ფსიქოლოგების გამოსახედიდან შვილი "მტრად გაზრდა".

"ბავშვის ფსიქიკას არ აქვს კრიტიკული ფილტრი, მისთვის ეს გადარჩენის მოცემულობაა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში ეს „სიბრძნეები“ ხშირად იქცევა შინაგან ციხედ.
მოდით, გულწრფელად გავარჩიოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ბავშვის „მტრად გაზრდა“? ეს გულისხმობს სიყვარულის დამალვას, ემოციების დათრგუნვას, სიმკაცრეს ალერსის ნაცვლად და ხელოვნურ დისტანციას იქ, სადაც შვილს ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხო სიახლოვე.
თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ როცა ბავშვს ემოციური სიცივითა და ზედმეტი სიმკაცრით ვზრდით, მისი ნერვული სისტემა ერთადერთ რამეს სწავლობს - გადარჩენას და არა კავშირის დამყარებას.
ამ „გადარჩენის რეჟიმში“ აღზრდილი ბავშვი ხდება ზრდასრული, რომელმაც ქვეცნობიერად ისწავლა, რომ:
ამას ჩვენ კონტაქტის წყვეტას ვუწოდებთ. ეს არის მომენტი, როცა ბავშვის ბუნებრივ იმპულსს — მოვიდეს, ჩაგეხუტოს, იყოს ისეთი, როგორიც არის — მშობლის მხრიდან ცივი, მკაცრი კედელი ხვდება. კონტაქტი წყდება და იბადება ღრმა, სულის შემძვრელი მარტოობა. ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ წლების შემდეგ, ეს ადამიანი თავადვე მოდის თერაპიაზე, რათა ბავშვობაში კრიტიკის გარეშე „გადაყლაპული“ ეს მტკივნეული წესები გადაამუშაოს და სამყაროსთან შეწყვეტილი კავშირი აღადგინოს (ხშირად თერაპევტის კაბინეტში, დიდი სევდისა და ცრემლების ფასად).
სიმკაცრე არ არის სიყვარულის ალტერნატივა. ჯანსაღი საზღვრები, დისციპლინა, პასუხისმგებლობის სწავლება - ეს ყოველივე აუცილებელია ფსიქიკის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სითბოთი, მხარდაჭერით და არავითარ შემთხვევაში სიყვარულის ხარჯზე. თერაპიული პროცესის მიზანი ამ ანდაზების ნგრევა კი არ არის, არამედ მათი „დაღეჭვა“ და გაცნობიერება, რომ ეს წესი ჩემი არ არის. ის ჩემს წარსულს ეკუთვნოდა. მე ვიტოვებ იმას, რაც დღეს ჩემთვის ფუნქციურია, ხოლო იმას, რაც მზღუდავს და მწამლავს, აქ ვტოვებ.
შვილი, რომელიც გრძნობს, რომ უპირობოდ უყვართ, გაიზრდება არა უბრალოდ მორჩილ მოყვრად, არამედ თავისუფალ, ფსიქოლოგიურად მთლიან ადამიანად. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი თავსმოხვეული წესი თუ ანდაზა," - ამბობს ოლიკო ნაკაშიძე.
07/13/2026