საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ტარიელ ხარხელაურს, რამდენიმე წლის წინ, 23 წლის ვაჟი სახლის ეზოში თოფით მოუკლეს. პოეტი ჰყვება, რომ თუ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა, ოდნავ მაინც შეძლო, ეს ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა. პირველ არხზე სტუმრობისას მან გაიხსენა უწმინდესთან პირველი სტუმრობა.
ტარიელ ხარხელაური: ჩემი პატრიარქთან ურთიერთობა, ჩემი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. ჩვენ მანამდე ახლო ურთიერთობა არ გვქონია. ბექას 40-ის წინა დღეს, ჩემთან შეხვედრა მოითხოვა. გამაოგნა, რატომ მაინცდამაინც 40-ის წინა დღეს? რა იცოდა, როგორ განჭვრიტა, მე ხომ ხმამაღალ არ განმიცხადებია, რა უნდა გამეკეთებინა?
თეთრ სამოსში გამოწყობილი ყვავილების ოთახში იჯდა. ჯერ ამან გამაოგნა, რადგან სხვანაირ პატრიარქს ველოდი.
- რას ფიქრობ? - რთული და დამაბნეველი კითხვა დამისვა.
- თქვენო უწმინდესობავ, მე რას ვფიქრობ, თქვენ არ უნდა გაგიკვირდეთ. მთიდან ვარ, მთიდან ხართ. ჩვენი წესი მე სხვას მავალებს. როდესაც გიკლავენ, მკვლელი ვალდებულია საზღაური მიიღოს.
პატრიარქს არაფერი უთქვამს. მომიყევით თქვენს შვილზე, მისი ცხოვრების წესზე, როგორ ცხოვრობდაო. ბექას ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, ყველაფერზე ვესაუბრე.
იცი, ტარიელ, თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობა. ახლა ის არის მამა, შენ ხარ შვილი. შენ, შენი მისია უნდა შეასრულო. სიტყვა მისია მაშინ არ ვიცოდი და თითქოს მამა-შვილობის გაცვლაზეც, ცოტა შევკრთი, ტრაგიკულად მეჩვენა ჩემთვის. დიდხანს ვისაუბრეთ. მერე გაავაანალიზე. პატრიარქმა წუთისოფლისკენ კი არ შემომაბრუნა, საწუთისოფლოდ შემომაბრუნა. მე ქართულ მწერლობაში ახალი შემოსული ვიყავი. რა ვიცოდი, რა მისია მევალებოდა. მან კი წინასწარ განჭვრიტა, რა უნდა გამეკეთებინა. აქედან შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი. შურისძიების გრძნობა - სიყვარულით ჩამინაცვლა. მიტევებისთვის მომამზადა. რაც მთხოვა, პირნათლად შევუსრულე.
03/20/2026