საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რამდენიმე წლის წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის არქივში აღმოაჩინეს 1907 წლით დათარიღებული პეტიცია, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 3 000 წარმომადგენელი აწერდა ხელს. მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, სულხან გიორგის ძე ჭავჭავაძე, ზაქარია ვაჩნაძე, მაია იაშვილი, ელისაბედ რევაზის ასული ვაჩნაძე და სხვები. პეტიციაზე ხელმომწერები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ: ქალები, მამაკაცები, თავადები, გლეხები, ვაჭრები, მრეწველები, მასწავლებლები და სასულიერი პირები. გიყვებით ამ დიდ საქმეზე და მის ორგანიზატორ ვარლამ ჩერქეზიშვილზე.
პეტიციის ავტორები რუსეთის იმპერიის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით საქართველოს ანექსიას აპროტესტებდნენ. ისინი დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებს მოუწოდებდნენ, ზეწოლა მოეხდინათ რუსეთის იმპერიაზე, რათა საქართველოსთვის დაებრუნებინა ძალით წართმეული ეროვნული ავტონომია. პეტიციაში ვკითხულობთ:

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ერის ხმა არ დარჩება უყურადღებოდ და უთანაგრძნობოდ. ჩვენს სამართლიან და კანონიერ დავაში რუსეთის საიმპერატორო მთავრობასთან განიხილავთ საერთაშორისო ხელშეკრულების მუხლებს, რომელიც დადებულია და ფორმალურად დამტკიცებულია საქართველოს თავისუფალ სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის, და რომელიც რუსეთის იმპერიამ დაარღვია.“
პეტიცია ჰააგის საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას წარედგინა. მართალია, მისი განხილვა არ მომხდარა, ფაქტი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. პირველად საერთაშორისო ფორუმზე გაიჟღერა ქართველი ხალხის მოთხოვნამ ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის თაობზე. ახლა ეს ისტორიული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქართული ეროვნული მოძრაობა მე-20 საუკუნის დასაწყისში ცდილობდა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას.

ვარლამ ჩერქეზიშვილი
პეტიციის ინიციატორი და ორგანიზატორი ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო, გამორჩეული პატრიოტი, რომელსაც ევროპასა და რუსეთში საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად იცნობდნენ. დასავლურ პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, ჩერქეზიშვილი უპირველესად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეის დაუღალავი მხარდამჭერი იყო. იგი აქტიურად იცავდა დამოუკიდებელი საქართველოს კონცეფციას თავისი დროის წამყვან დასავლურ გამოცემებში.

რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაბადებული და იმპერიისგან იძულებით განდევნილი, 1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში 40-წლიანი იძულებითი განშორების შემდეგ. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის ჯარები დამოუკიდებელ საქართველოს უტევდნენ, მოხუცებულობაში შესული ჩერქეზიშვილი თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას,ჩვენი პირველი რესპუბლიკის რუსი ოკუპანტებისგან დასაცავად. ოკუპაციის შემდეგ საქართველოში აღარ დაედგომებოდა. ემიგრაციაში გარადიცვალა.

გრიგოლ რობაქიძე ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ:
„იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. ბრწყინვალედ იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წინ, როცა ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვებით , უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა და საუბარი.“
საქართველო პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის აკაკი ჩხენკელის მოგონებებიც ადასტურებს, რომ სიცოცხლის ბოლოს ჩერქეზიშვილს თავის ფრანგ მეუღლესთან საუბრისას ხშირად სჭირდებოდა თარჯიმანი, რადგან სხვა ენები დაავიწყდა და წმინდა ქართულით დაიწყო ლაპარაკი. ეს სულისშემძვრელი ამბავი ნათლად აჩვენებს, რამდენად ღრმა იყო ამ გამორჩეული ქართველის მიჯაჭვულობა სამშობლოზე, ვარლამ ჩერქეზიშვილს რამხელა მონატრება სტანჯავდა სამშობლოსი.

გასულ საუკუნეში მრავალი გამორჩეული ქართველი თავგანწირულად იბრძოდა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის დასაცავად. ბევრი ამ ბრძოლას შეეწირა. მათი უბედობის მიზეზი იყო რუსული ოკუპაცია და რუსეთის იმპერიის მუდმივი ინტერესები საქართველოს ტერიტორიებისა და ამოცანა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის განადგურებისა.
03/05/2026