Logo

სიმართლე ყავის შესახებ - ექიმი კახა ნურალიძის 4 წესი

სიმართლე ყავის შესახებ - ექიმი კახა ნურალიძის 4 წესი

09/17/2026

ტექსტის ზომა

ყავა ბევრისთვის დილის აუცილებელი რიტუალია. ზოგისთვის გამოფხიზლების საშუალება, ზოგისთვის კი უბრალოდ სასიამოვნო ჩვევა.

თუმცა ამ სასმელთან დაკავშირებით იმდენი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, რომ ხშირად რთულია გავარჩიოთ, სად მთავრდება მითები და სად იწყება ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციები.

როდის ჯობს ყავის დალევა, აქვს თუ არა მნიშვნელობა მის სახეობას, რას ვუმატებთ ფინჯანში და რამდენად საჭიროა ყავის შემდეგ წყლის მიღება? - ამ კითხვებზე ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი პროფესორი კახა ნურალიძე პასუხობს.

კახა ნურალიძე

"ამბობენ, რომ ყავა იწვევს თავის ტვინის სტიმულაციას. ასევე ამბობენ, რომ ყავის შემდეგ უნდა მივირთვათ დიდი რაოდენობით წყალი. ზოგს ჰგონია, რომ ყავა არის ძალიან კარგი ორგანიზმისთვის, ზოგს პირიქით, რომ ის არის ძალიან ცუდი.

მე თქვენ მოგიყვებით სიმართლეს," - ამბობს კახა ნურალიძე და გვიზიარებს რამდენიმე წესს, რომლებიც ყავის ყოველდღიურ ჩვევად ქცევისას უნდა გავითვალისწინოთ.

ყავა

"ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც რამ ყავის შესახებ უნდა ვიცოდეთ ისაა, რომ კოფეინი ბლოკავს ადენოზინის რეცეპტორებს. ადენოზინი გახლავთ დაღლილობის მოლეკულა, რომელიც გროვდება ორგანიზმში მანამ, სანამ თქვენ გღვიძავთ და ეუბნება ტვინს - "დროა დაიძინო".
კოფეინი იკავებს ადენოზინის ადგილს და ბლოკავს ამ ეგრეთ წოდებულ დაღლილობის სიგნალს. შესაბამისად, ყავა ტვინს კი არ კვებავს, ის ბლოკავს ამ სიგნალს, რის შედეგადაც ადამიანი თავს გრძნობს მხნედ და არის უფრო აქტიური, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია.
ყავა იძლევა მხნეობის პიკს, რომელსაც მალევე მოჰყვება ჩამოშლა და დაღლილობის კიდევ უფრო გაძლიერება. ამას მოჰყვება მეორე ფინჯანი ყავა, ვითომ ენერგიის მოსამატებლად და ჩვენ ვდგებით ძალიან არასახარბიელო სურათის წინაშე.

მე თქვენ არ მოგიწოდებთ, რომ უარი თქვათ ყავაზე, პირიქით, ის სწორად უნდა მიიღოთ. მე თქვენ გაწვდით ალგორითმებს და იმ წესებს, რაც აუცილებლად გამოგადგებათ და თქვენს ცხოვრებას ბევრად კომფორტულს გახდის.


1. არ დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე

ყავა

დილით კორტიზოლის, ეგრეთ წოდებული სტრესის ჰორმონის კონცენტრაცია ისედაც მაღალია და ის თქვენ გაძლევთ ენერგიას, ხოლო ყავა ბლოკავს და ამცირებს კორტიზოლისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას. თქვენ უნდა მიერთვათ ყავა გაღვიძებიდან ერთი ერთნახევარი საათის შემდეგ.

2. უნდა მიერთვათ მხოლოდ მარცვლოვანი ახლად მოხარშული ყავა

ყავა


ხსნადი ყავა საერთოდ ყავა არ არის, ის შეიცავს მხოლოდ კოფეინს, მასში არაფერი სასარგებლო არ გვაქვს, იქ არის ქიმია, არომატიზატორები, რაც ძალიან მავნე ზემოქმედებას ახდენს თქვენს ორგანიზმზე.

3. ვსვამთ ყავას შაქრისა და რძის გარეშე

ყავა

ყავაში ჩასხმული რძე, ეს გახლავთ კაზეინი და ინსულინური პასუხი ორგანიზმის მხრიდან.

გინდათ, რომ ყავამ სინამდვილეში ჩართოს თქვენი თავის ტვინი და გაგხადოთ ბევრად უფრო პროდუქტიული? მაშინ მასში რძის ნაცვლად დაამატეთ ისეთი კარაქი, რომელიც შეიცავს ეგრეთ წოდებულ სასარგებლო ცხიმებს, ანუ საშუალო სიგრძის ჯაჭვების მქონე ტრიგლიცერიდებს.

ის მიდის პირდაპირ ღვიძლში და იქ გარდაიქმნება კეტონებად, ხოლო კეტონები ეს გახლავთ პირდაპირი საწვავი ნეირონებისთვის. თავის ტვინი იწყებს ბევრად უკეთ ფუნქციონირებას, ჩქარდება მეტაბოლიზმი, ხდებით გაცილებით ენერგიული და უკვე სხვა ადამიანი ხართ.


4. უნდა დავაყოლოთ ყავას წყალი თუ არა?

ყავა


ყავა გახლავთ რბილი დიურეზული საშუალება. ერთ-ორ ფინჯანს ორგანიზმი თვითონვე ერევა, მაგრამ თითოეული შემდეგი ფინჯანი მოითხოვს მინიმუმ ერთი ჭიქა წყლის მიყოლებას.

და ასევე, თუ თქვენ დილით ვერ იღვიძებთ კოფეინის გარეშე, მაშინ მე თქვენთვის არ მაქვს კარგი ინფორმაცია. ეს ნიშნავს, რომ თქვენი თირკმელზე და ჯირკვლების ფუნქცია გამოსაკვლევია და აუცილებელია, რომ ის იყოს ნორმაში მოყვანილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

კახა ნურალიძემითებისიმართლეფაქტებიყავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026