საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ყველაზე მთავარია რწმენა, სიცოცხლის ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული. ხანდახან ძალიან ცუდს გვთავაზობს, ხანდახან კარგს, მაგრამ სიცოცხლე არის სიცოცხლე – პატარა გაჩერება დედამიწაზე და შემდეგ ისევ მარადისობაა. ამიტომ ეს გაჩერება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ" - ეს მარინა ჯანაშიას სიტყვებია. მსახიობი ხუთი წლის წინ, 27 მაისს გარდაიცვალა.
ორი წლის შემდეგ მეუღლე, მხატვარი თემო გოცაძეც შეუერთდა მარადისობას.
გთავაზობთ სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუებიდან ამონარიდებს.
თემო გოცაძე: მარინა პირველად აღმოვაჩინე მიშა თუმანიშვილის „ანტიგონეში“, სადაც ის სერგო ზაქარიაძის მდივნის როლში გამოდიოდა. ეს ჩემთვის იყო დიდი მსახიობის აღმოჩენა. მე მაქვს ნათქვამი ფრაზა - მე რომ ერთი ნამუშევარი მაინც გამეკეთებინა იმ დონის, რა დონისაც მარინას შესრულებული მარტირიო იყო, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა ამ ქვეყანაზე.
მარინა ჩემთვის ღმერთის საჩუქარი იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ამ საჩუქრისთვის მე ბევრი ვიომე. მარი კიდევ სხვა რამე არის. მარი, ფაქტობრივად, იყო ჩემი გადარჩენა, იმიტომ, რომ ძალიან აშლილი, არეული ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ნამუშევრები დავწვი, როცა დილიდან საღამომდე ვსვამდი, როცა გადაბმული ვიყავი ვიღაცებზე და რას არ ვაკეთებდი. ესე იგი, მარის გამოჩენამ საზღვარი დაუდგა რაღაცებს. მასაც რომ ჰკითხოთ, ძალიან ძნელი იყო მისთვისაც, იმიტომ, რომ მე ვიყავი თავშეუკავებელი. სულიერი საზღვრის მიღმა ვიყავი, იმიტომ, რომ ყველაფერი ნებადართული იყო მაშინ ჩემთვის, არაფერი ფასეული არ იყო უკვე, რადგან იმ ნაბიჯს გადავაბიჯე, რასაც ვაკეთებდი, ის გავანადგურე და მერე უკვე ყველაფერმა დაკარგა აზრი.

მარინა ჯანაშია: იცით, ჩემი ოჯახი ჩემია, ჩემი ციხე-სიმაგრეა და ბევრი საუბარი მასზე არ მიყვარს. ის კი არა, ყველას უკვირს, სახლში რატომ არ მაქვს ჩემი ფოტოები, აფიშები, პროგრამები გამოფენილი, როგორც უნდა იყოს, ჩვეულებრივ, მსახიობის ოჯახში და იცით, რატომ? როდესაც ვხედავ საკუთარ ფოტოს ან აფიშას, ვიწყებ ფიქრს იმ სპექტაკლზე თუ ფილმზე, რა ვარგოდა, რა არ ვარგოდა, მაშინ როგორ ვითამაშე და ახალა როგორ ვითამაშებდი“...
14 ოპერაცია გადავიტანე. ორი ოპერაცია გაკეთდა საქართველოში და შემდეგ გერმანიაში წამიყვანეს. თბილისშივე გადამიყვანეს მორფზე. ამბობდნენ, რომ მეტასტაზებია ორგანიზმში. გერმანიაში კატეგორიულად გაგვაფრთხილეს ჩემი შვილიც და მეც, რომ მაქსიმალურად უნდა მოვერიდო ყველაფერს უარყოფითს. რანაირად გინდა, ისე იცხოვრო, რომ არაფერი შეუშვა ყურში, არაფერი დაინახო?! მოგეხსენებათ, რა პირობებში ცხოვრობს ქვეყანა, რა ხდება ჩვენ ირგვლივ. ამის რეცეპტი არ არსებობს. ადამიანმა თავის თავში უნდა იპოვოს ძალა, ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ რესურსს, რომელ ფერს ამოვწევთ და რომელს ჩავაქრობთ, ან გავანეიტრალებთ.

როდესაც ადამიანი იბადება - ეს არ არის ჩემი ნათქვამი და აღმოჩენა - მასში ყველაფერი დევს. შემდეგ უკვე გარემოზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება თითოეული ჩვენგანი. ხშირად ისიც კი მიფიქრია, რომ 16 წლის ასაკში გაცილებით უკეთესად ვაზროვნებდი. უფრო უკომპრომისოც ვიყავი. დიახ, ვეთანხმები ამ ციტატას. როდესაც აზროვნებას იწყებ, შენზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს აირჩევ, რომელს უფრო მეტად მოეფერები, რომელი უფრო ძვირფასი გახდება შენთვის. ადამიანმა თავის თავში უნდა ეძებოს ტყუილიც, მართალიც, კეთილიც, ბოროტიც. ყველაფერი ჩვენშია...
05/22/2026