Logo

კულტურა

სხვანაირად სერიოზული, სახასიათოდ სევდიანი, გაუცინარი ღიმილით - რამაზ გიორგობიანი 80 წლის გახდებოდა

სხვანაირად სერიოზული, სახასიათოდ სევდიანი, გაუცინარი ღიმილით - რამაზ გიორგობიანი 80 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქართველ მსახიობს, რეჟისორსა და სცენარის ავტორს, საქართველოსა და დაღესტნის დამსახურებულ არტისტს, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატს - რამაზ გიორგობიანს 16 აპრილს 80 წელი შეუსრულდებოდა.

ინტელიგენტი, კეთილშობილი, საოცრად ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო, რომელიც შესანიშნავ მოთხრობებს წერდა და კარგად ხატავდა, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მას ამშვენებდა, მისი ალალი იუმორი და ისეთი ქარიზმა იყო, როგორსაც, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ მსახიობები ინატრებდნენ.

"სხვანაირად" სერიოზული სახისა და სახასიათოდ სევდიანი გამომეტყველებით დარჩა ჩვენს მახსოვრობაში. თითქოს მის თამაშთან დაკავშირებით, ერთგვაროვანი ამპულაც ჩამოყალიბდა, ყველგან იუმორისა და სევდის მონაცვლეობითი მანტიებით ჩნდებოდა. მაგრამ მისი ყველაზე დიდი განსხვავებულობა, სწორედ მის „იგივენაირობაში“ იდო, აშკარად გრძნობდი, რომ სწორედ მის სევდიან სერიოზულობაში იმალებოდა მისი ხიბლი და ქარიზმა.

რამაზ გიორგობიანი

კინოფილმებში განსახიერებული პრინციპული, პატიოსანი, უტეხი, ჯიუტი, გაბედული, სევდიანი თუ მხიარული პერსონაჟებით და თავისი თამაშის სტილით, გაუცინარი ღიმილით, საოცარი მიმიკით, უბოროტო, თბილი და სევდინი თვალებითა და მოძრაობითაც კი - თავისი საკუთარი, ანუ რამაზგიორგობიანისეული ხელწერა შექმნა ქართულ კინემატოგრაფში.

რამაზი უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე სწავლობდა, მერე კი თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგი თენგიზ აბულაძე იყო. ინსტიტუტში მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო მხატვრული ფილმი „მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა". (ფილმის სახელწოდებაც კი მის სტილშია.)

რამაზ გიორგობიანი

რამაზ გიორგობიანის, როგორც კინომსახიობის, დებიუტი შედგა (არც მეტი, არც ნაკლები) დიდი ოთარ იოსელიანის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში "გიორგობისთვე“, რომელშიც მან ღვინის ქარხნის პრინციპული ტექნოლოგის, ნიკო ნიჟარაძის როლი ითამაშა.

ოთარ იოსელიანმა ის შემ­თხვე­ვით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იპო­ვა. მის ასის­ტენტს მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე უნა­ხავს, ტი­პა­ჟი მოს­წო­ნე­ბია.

ამ ფილ­მით და რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ტი­პა­ჟით, რე­ჟი­სორ­მა ქარ­თულ კი­ნო­ში, ახა­ლი გმი­რი შე­მო­იყ­ვა­ნა. მისი წარმატება, იო­სე­ლი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან კი­ნო­ში ფეხი მან აად­გმე­ვი­ნა.

რამაზ გიორგობიანი

დაუვიწყარია გიორგობიანის ახალგაზრდა მწერლის როლი ელდარ შენგელაიას ფილმში „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", რისთვისაც მას სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა მიენიჭა. სოსო, რომელიც გამომცემლობაში ერთადერთია, ვინც წერს და საქმეს აკეთებს და მეორე, ვინც მის ნაშრომს კითხულობს, მუშაა. ეს არის ფილმი, რომელიც ყველა ნახვაზე სხვადასხვა ფრთიან ფრაზასა თუ მიზანსცენას აღმოგაჩენინებთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს ფილმი არ გიყვარდეს, პერიოდულად მისი ნახვის სურვილი არ გიჩნდებოდეს და გულიანად არ იცინოდე...

რამაზ გიორგობიანირამაზ გიორგობიანი

მან ბევრ ფილმში ითამაშა. რამაზ გიორგობიანის ფილმოგრაფია ასე გამოიყურება:

მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქოლგა“, რომლისთვისაც მან იუნესკოს კომიტეტის ყოველწლიური საპატიო ჯილდო "ვერცხლის დრაკონი" მიიღო, ქართლოს ხოტივარის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სერენადა“, გიორგი (ტიტო) კალატოზიშვილის „ფილატელისტის სიკვდილი“, ლევან ხოტივარის „მხიარული რომანი“, საშა რეხვიაშვილის ფილმები: „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (მაღალი) და „საფეხური“, გია მატარაძის ფილმები: „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ და „გამოცხადება“, ირაკლი კვირიკაძის „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ და ა.შ.

რამაზ გიორგობიანი

რამაზის სცენარითა და რეჟისორობით გადაღებულია სატელევიზიო მხატვრული ფილმი „თითქმის ორი თვე“ და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: "მოდი ვილაპარაკოთ", „ლოლიტა“ და „მორევი“, რომელიც მისი უკანასკნელი ფილმი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, რამაზმა „მორევი“ ბოლომდე ვერ დაასრულად და ფილმი გიზო გაბისკირიამ და გოგი ჩხაიძემ დაამთავრეს.

მან დაღესტნის დამსახურებული არტისტის წოდება ბაჰადურის როლისთვის მიიღო, თენგიზ აბულაძის ფილმში „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“.

რამაზ გიორგობიანი

რამაზ გიორგობიანს კიდევ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ განხორციელება არ დასცალდა და მხოლოდ 4 ფილმის გადაღება მოასწრო.

1995 წელს 49 წლის რამაზ გიორგობიანი, მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზეა დაკრძალული.

რამაზზე მისი და, მაია გაჩეჩილაძე ჰყვება:

"საოცრად სრიალებდა თხილამურზე, ხატავდა, ფეხბურთს ისე კარგად თამაშობდა, „დინამოშიც“ კი აიყვანეს. სტუდენტობის პერიოდში აარჩიეს უნივერსიტეტიდან და ავარჯიშებდნენ. ამბობდა, სულ ფეხებს მირტყამდნენ, ბუცები მხვდება, მამტვრევენ ყველაფერს, აღარ მინდა, უნდა დავანებოო. რა საქმესაც ხელს ჰკიდებდა, უმაღლეს დონეზე ასრულებდა, თითქმის, ყველა სფეროში ნიჭს ავლენდა."

ჰყავს მეუღლე ნუნუკა ქიქოძე, ქალიშვილი თიკო გიორგობიანი და შვილიშვილი - დაჩი მხეიძე. ცოლი რომ შეურთავს, „მხიარულ რომანში“ ნათამაშევი როლის წყალობით, უკვე ძალიან პოპულარული იყო.

რამაზ გიორგობიანი

ავტორი: ლილიანა ფალიანი

04/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024