ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, კითხვა „სოლარიუმი თუ ბუნებრივი მზე?“ სულ უფრო აქტუალური ხდება. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ თანამედროვე აპარატები და „გაფილტრული ნათურები“ უსაფრთხო გარემოს ქმნის, თუმცა რეალობა გაცილებით მკაცრია. სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ სოლარიუმი მელანომის (კანის სიმსივნის) განვითარების რისკს ორჯერ ზრდის.
რა იმალება მარკეტინგული ხრიკების მიღმა, რატომ არის ხელოვნური სხივები ბუნებრივზე მეტად დამაზიანებელი და რატომ განიხილავენ ევროპარლამენტში სოლარიუმებისთვის უზარმაზარი გადასახადების დაწესებას?
ამ კითხვებს, პოდკასტში “ყველაფერი ესთეტიკაზე”, დერმატო-ვენეროლოგმა ლალი მეკოკიშვილმა უპასუხა.
"სოლარიუმი ორჯერ უფრო ზრდის მელანომის განვითარების რისკს და გეტყვით რატომ...
გაგვიგია ალბათ მარკეტინგული ხრიკია ხოლმე „გაფილტრულია“, „ახალი ნათურებია“... კი ბატონო, გაფილტრული რისთვის? იმისთვის, რომ სწორედ ის ინტენსიური სხივი იყოს, რომ ორი საათი კი არ იწვე იქ, არამედ ხუთ წუთში გაირუჯო.

ყველა სოლარიუმში არის ინტენსიური სხივი. რადგან სხივი ინტენსიურია, მისი დამაზიანებელი ეფექტი გაცილებით მაღალია. მე ბელგიაში ვიყავი ძალიან საინტერესო შეხვედრაზე, რომელსაც ის პირები ესწრებოდნენ, ვინც ჯანდაცვის პოლიტიკას ეწევა ევროპარლამენტში.
არის ინიციატივა, რომ კანის დაავადებები ავიყვანოთ, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი ყურადღების ქვეშ... იმიტომ, რომ ფსიქოსოციალური გავლენა კანის დაავადებებს ძალიან მაღალი აქვს. ეს გავლენა მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე, მათ შრომისუნარიანობაზე, მათ თვითშეფასებაზე და ასე შემდეგ... ამიტომ ითვლება, რომ ზოგადად კანის დაავადებები, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან.
თქვენ იცით, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 18 წლამდე ბავშვებისთვის აკრძალულია სოლარიუმის გამოყენება. და ახლა საუბარია იმაზე, რომ მათ დაედოს ძალიან დიდი გადასახადები და ეს თანხა წავიდეს, დავუშვათ, კანის სიმსივნეების მკურნალობის ცენტრებისთვის და ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებისთვის," - ამბობს ლალი მეკოკიშვილი.
06/25/2026