საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1991 წელი საბჭოთა ხალხებისთვის გარდამტეხი იყო. „ბოროტების იმპერია“ იშლებოდა, რეგიონში კი, კრემლის წახალისებით ეთნიკური და ტერიტორიული კონფლიქტები სულ უფრო მწვავდებოდა - საქართველოში, ცხინვალის რეგიონში, მეზობლად კი - მთიან ყარაბაღში. მაშინ საქართველოს ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით გამოვიდა. ეს არის გადავიწყებული, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორიული ეპიზოდი და ღირს გასახსენებლად.

1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში მიმართა ზვიად გამსახურდიამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში შუამავლობა შესთავაზათ.

გამსახურდიას დღემდე ხშირად სწამებენ პოლიტიკურ სიხისტეს, ის კი, პრეზიდენტად არჩევის პირველსავე დღეებში გამოვიდა ხმამაღალი წინადადებით - თბილისი გადაექციათ დიალოგის სივრცედ და ადგილად, სადაც უმძიმესი შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკების გზით შეეცდებოდნენ მშვიდობის მიღწევას.
ზვიად გამსახურდია:
„საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ისეთი სადაო საკითხი, რომლის გადაჭრაც არ შეიძლებოდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. დაპირისპირებულმა მხარეებმა დროულად უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ამიერკავკასიაში სტაბილური სიტუაციის შექმნა დიდად შეუწყობს ხელს რესპუბლიკების რეალური სუვერენიტეტის მიღწევას, რაც, თავის მხრივ, საწინდარი იქნება დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისა მთელ რეგიონში. საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედებანი და დაიწყონ მოლაპარაკება ამიერკავკასიაში კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.“

დავაკვირდეთ ზვიად გამსახურდიას განმარტებას, მისი სიტყვებით: მშვიდობა იქნებოდა საწინდარი დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისა მთელ რეგიონში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი მიუთითებდა, რომ კონფლიქტების ესკალაციაში, მათ შორის ყარაბაღში შექმნილ უმძიმეს ვითარებაში, მოსკოვის როლი გადამწყვეტი იყო. მისი შეფასებით, კრემლი აღვივებდა დაპირისპირებებს, რათა შემდგომ სამხედრო ჩარევის საბაბი ჰქონოდა — „მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის“ მოტივით, მაგრამ დავუბრუნდეთ თბილისიდან გაჟღერებულ ინიციატივას. ის მხოლოდ ჰუმანიტარული მოწოდება არ იყო. ზვიად გამსახურდია ფიქრობდა ახალი რეგიონული წესრიგის კონტურებზე, სადაც საქართველო იქნებოდა ლიდერი და შუამავალი მეზობლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
დღევანდელი გადასახედიდან შორსმჭვრეტელურად აღიქმება:
გამსახურდია წინასწარ ხედავდა, რომ კავკასიაში კონფლიქტები გრძელვადიანი და დამანგრეველი ხდებოდა;
სწორად აფასებდა ამ დამანგრეველ პროცესებში კრემლის სივერაგეს;
ცდილობდა საქართველოსთვის დაემკვიდრებინა დამოუკიდებელი და პროაქტიური საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით უშუალო სამეზობლოში;
ესრაფვოდა მშვიდობას;
მეზობლების პასუხები
აზერაიჯანის პრეზიდეტმა აიაზ მუთალიბოვმა ზვიად გამსახურდიას შეთავაზება დიდი პატივისცემით მიიღო, მაგრამ აღნიშნა, რომ მშვიდობა შესაძლებელი იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით.
სომხეთის ლიდერის ლევონ ტერ პეტროსიანის პასუხი ფრთხილი იყო. არ გამორიცხა საქართველოს შუამავლობა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკვე მიმდინარეობდა უშუალო მოლაპარაკებები და საჭირო იყო პროცესების განვითარებაზე დაკვირვება, „ თუ წარმატებით განვითარდება ეს მოლაპარაკება, იქნებ საჭიროც აღარ გახდეს საქართველოს შუამავლობა.“ - ასეთი იყო პასუხი.
მოკლედ, 1991 წლის გაზაფხულზე საქართველო ამიერკავკასიაში სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატორის პოზიციაში იყო, მაგრამ მეზობლები ვერ აღმოჩდნენ მზად მისაღებად. გამსახურდიას სურდა ამიერკავკასიის პოლიტიკური მოდელი, სადაც საქართველო მშვიდობის ცენტრი გახდებოდა, მაგრამ რეალურმა პროცესებმა ამ ხედვას რეალიზაციის საშუალება არ მისცა. მოსკოვი ყველგან და ძალიან მძიმედ ერეოდა, არც საქართველოში იყო მშვიდობა, წინ კი ქაოსი და ნგრევა გველოდებოდა.
დღეს, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული კონფლიქტი დასრულდა, როცა საქართველოს უშუალო სამეზობლოში რუსეთის გავლენა სუსტდება და ახალი სამშვიდობო ფორმატები აქტიურდება, სად არის საქართველო? სად ისმის მისი ხმა?
05/04/2026