Logo

სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვა მოზარდებში შფოთვას შეამცირებს?

სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვა მოზარდებში შფოთვას შეამცირებს?

10/14/2026

ტექსტის ზომა

შეიძლება თუ არა სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვამ მოზარდებში შფოთვა შეამციროს, ძილის ხარისხი გააუმჯობესოს და მეგობრებთან ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედოს?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დიდ ბრიტანეთში მასშტაბური სამეცნიერო ექსპერიმენტი ტარდება, რომელშიც დაახლოებით 4 000 მოზარდის ჩართვაა დაგეგმილი.

კვლევა

კვლევას, სახელწოდებით "რეალური ცხოვრების ექსპერიმენტი" (The IRL Trial), კემბრიჯის უნივერსიტეტი და ბრედფორდის ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ. ექსპერიმენტის მონაწილეები 12-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები არიან.

კვლევის ფარგლებში მოზარდები ორ ჯგუფად ნაწილდებიან. ერთი ჯგუფის წევრებს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით სოციალური ქსელებით სარგებლობის დრო ეზღუდებათ, მეორე ჯგუფი კი ინტერნეტპლატფორმების გამოყენებას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს.

შეზღუდვა ეხება ისეთ პოპულარულ პლატფორმებს, როგორებიცაა TikTok, Instagram, Snapchat და სხვა სოციალური ქსელები. ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ექსპერიმენტი ითვალისწინებს სოციალური ქსელების გამოყენების დღეში ორ საათამდე შეზღუდვას და ღამის საათებში, 21:00-დან 07:00-მდე, მათზე წვდომის დაბლოკვას.

კვლევა

ექსპერიმენტი ექვს კვირას გრძელდება. ამ პერიოდში მეცნიერები დააკვირდებიან, როგორ იცვლება მოზარდების შფოთვის დონე, ძილის ხარისხი, ემოციური მდგომარეობა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. შეფასდება ბულინგის შემთხვევები და მოზარდების თვითშეფასებასთან დაკავშირებული საკითხებიც.

მკვლევრების განმარტებით, სოციალური ქსელების გავლენის შესახებ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი არსებობს, თუმცა შედარებით ცოტაა ისეთი ექსპერიმენტული კვლევა, რომელიც უშუალოდ ამოწმებს, რა შედეგს იძლევა მათი გამოყენების დროის შემცირება.

კვლევის საბოლოო შედეგები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. კემბრიჯის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მონაცემების ანალიზის დასრულება 2027 წლის ზაფხულის შუა პერიოდისთვის იგეგმება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიღებული შედეგები მშობლებს, პედაგოგებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს დაეხმარება, უკეთ განსაზღვრონ, რამდენად ეფექტიანია სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვა მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

წყაროები: კემბრიჯის უნივერსიტეტი, Bradford Institute for Health Research, The Times.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

კვლევამოზარდისოციალური ქსელებიუძილობაშფოთვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026