Logo

ჯანმრთელობა

სოციალური მედიის დროებითი შეზღუდვა, ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს - ზაზა წერეთელი ახალი კვლევების შესახებ

სოციალური მედიის დროებითი შეზღუდვა, ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს - ზაზა წერეთელი ახალი კვლევების შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ბოლო დროს, სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ სოციალური მედიის გამოყენების შემცირებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ექიმი, ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ამის შესახებ, სულ უფრო მტკიცებულება არსებობს.


"ამ დღეებში The Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატია აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ სოციალური მედიის გამოყენების შემცირება ან დროებითი შეზღუდვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ყურადღებას და ადამიანის საერთო კეთილდღეობას," - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთმა კვლევამ შეისწავლა ადამიანები, რომლებმაც ორი კვირის განმავლობაში სმარტფონის გამოყენება შეამცირეს. ისინი მთლიანად არ გამოთიშულან ციფრულ სივრცეს - უბრალოდ, იყენებდნენ აპლიკაციას, რომელიც ინტერნეტს ბლოკავდა, თუმცა ზარებსა და შეტყობინებებს ტოვებდა. შედეგები საკმაოდ თვალსაჩინო აღმოჩნდა. ეკრანთან გატარებული დრო თითქმის განახევრდა, მონაწილეებმა კი საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება შენიშნეს.

როგორც ზაზა წერეთელი წერს, „მონაწილეებმა აღნიშნეს განწყობის გაუმჯობესება, დეპრესიის სიმპტომების შემცირება და ზოგადი კეთილდღეობის ზრდა.“ განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, რომ კვლევის მონაწილეებს ყურადღების კონცენტრაციაც გაუუმჯობესდათ.

პოსტის მიხედვით, ეს ცვლილება დაახლოებით ისეთ ეფექტს ჰგავდა, თითქოს ადამიანი ყურადღების კუთხით 10 წლით „გაახალგაზრდავდა“.

საყურადღებოა ისიც, რომ გარკვეული სარგებელი იმ ადამიანებმაც მიიღეს, ვინც შეზღუდვები ბოლომდე ვერ დაიცვა.

ამ ეფექტების უკეთ გასაგებად ახლა უკვე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა მიმდინარეობს, რომელშიც 8,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს 23 ქვეყნიდან.

მონაწილეებს სთხოვენ, TikTok-ის, Instagram-ის, X-ისა და Facebook-ის გამოყენება ორი კვირის განმავლობაში დღეში მაქსიმუმ 5 წუთამდე შეამცირონ თითოეულ აპლიკაციაზე. მონაცემების შეგროვება სექტემბრამდე გაგრძელდება, შედეგები კი, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

კვლევის ავტორები ცდილობენ გაარკვიონ, სოციალური მედიის უარყოფითი გავლენა რამდენად ერთნაირია სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი კითხვა ისაა, არის თუ არა ეს ეფექტი უფრო ძლიერი აშშ-სა და სხვა დასავლურ საზოგადოებებში. ზუსტი მიზეზების დასახელებისგან მკვლევრები ჯერ თავს იკავებენ, თუმცა სავარაუდო ფაქტორებად განიხილავენ გამოყენების ინტენსივობას, სოციალურ კონტექსტს და ციფრული ჩართულობის მაღალ დონეს.

ექსპერტების შეფასებით, სოციალური მედიის გადაჭარბებული გამოყენება რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს. ერთი მხრივ, ის არღვევს ყურადღებას და ამცირებს კონცენტრაციის უნარს. მეორე მხრივ, ანაცვლებს ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორებიცაა პირისპირ ურთიერთობა, დასვენება და სრულფასოვანი განტვირთვა. გარდა ამისა, ტვინი მუდმივი სტიმულაციის რეჟიმში გადადის, რაც დროთა განმავლობაში მენტალურ გადაღლას, განწყობის გაუარესებას და კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას იწვევს.

ზაზა წერეთელი ასევე ხაზს უსვამს, რომ სოციალური მედიის გავლენა ყველასთვის ერთნაირი არ არის. განსაკუთრებით მგრძნობიარენი შეიძლება იყვნენ ისინი, ვინც უკვე განიცდის სტრესს, მარტოობას ან ემოციურ გადაღლას. თუმცა ამავე დროს, სოციალური მედია შეიძლება სასარგებლოც იყოს მაშინ, როცა მას ადამიანი კავშირის, მხარდაჭერისა და კომუნიკაციისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ტექნოლოგიაზე სრულ უარს არ გვირჩევენ. მთავარი აქცენტი დაბალანსებულ და გააზრებულ გამოყენებაზე კეთდება.

როგორც ზაზა წერეთელი აღნიშნავს, „დეტოქსი არ ნიშნავს სრულ უარყოფას“ — ეს უფრო ნიშნავს ჩვენსა და ტექნოლოგიას შორის ურთიერთობის გადახედვას.

პრაქტიკულ რჩევებად სახელდება ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა, არასაჭირო შეტყობინებების გამორთვა, დღის განმავლობაში „ტელეფონისგან თავისუფალი“ მონაკვეთების შექმნა და პასიური "სქროლინგის" ჩანაცვლება უფრო მნიშვნელოვანი საქმიანობით.

ავტორი: ზმნა

04/14/2026

ზაზა წერეთელიკვლევამენტალური ჯანმრთელობასოციალური მედია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024