ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დასრულდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული სანახაობა.
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა.
თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ მოედანზე გამართული შეხვედრების ერთობლიობა არ ყოფილა. ამ მოვლენამ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი გააერთიანა.

სულ ახლახან, სამეცნიერო ჟურნალ Translational Psychiatry-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სპორტის ცოცხლად ყურებისას წარმოქმნილი ერთიანობის განცდა, მხოლოდ სუბიექტური გამოცდილება არ არის.
კვლევის მიხედვით, საერთო სპორტულ სანახაობას შესაძლოა ადამიანების ჰორმონულ რეაქციებსა და გულისცემის რიტმების სინქრონიზაციაზეც ჰქონდეს გავლენა.
კვლევა 2026 წლის 8 ივლისს გამოქვეყნდა და მისი ავტორები იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და სპორტის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრები არიან. მეცნიერები დაინტერესდნენ, შეიძლებოდა თუ არა სპორტული მატჩის ცოცხლად ყურებას ორგანიზმში ბუნებრივად წარმოქმნილი ოქსიტოცინის დინამიკა და მაყურებლებს შორის ფიზიოლოგიური სინქრონიზაცია შეეცვალა.

კვლევაში 62 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეები ცუკუბას უნივერსიტეტში გამართულ ორ საკალათბურთო მატჩს ესწრებოდნენ. თითოეული მათგანი მხოლოდ ერთ თამაშს დაესწრო.
ეს არ ყოფილა პროფესიონალური ლიგის მრავალათასიანი ღონისძიება. მატჩებს შედარებით მცირე აუდიტორია, უმთავრესად სტუდენტები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ. მონაწილეთა უმრავლესობა გუნდის განსაკუთრებით თავდადებულ გულშემატკივრად არ ითვლებოდა.
მეცნიერებმა ნერწყვის ნიმუშები სამჯერ აიღეს: თამაშის დაწყებამდე, შესვენების დროს და მატჩის დასრულებისთანავე. ნიმუშებში ოქსიტოცინისა და კორტიზოლის კონცენტრაცია გაიზომა. ამასთანავე, სპეციალური სენსორების საშუალებით მატჩის განმავლობაში მონაწილეთა გულისცემას უწყვეტად აკვირდებოდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებში ოქსიტოცინის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. კვლევის მიმდინარეობისას მონაწილეთა ნერწყვში, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე შემცირდა, ხოლო ოქსიტოცინისა და კორტიზოლის თანაფარდობა გაიზარდა.
ავტორების შეფასებით, ეს შედეგი უფრო მეტად ოქსიტოცინით, ვიდრე სტრესით დომინირებულ ჰორმონულ მდგომარეობას შეესაბამებოდა.
კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მაყურებლების გულისცემის რიტმების შედარება იყო. შედეგების მიხედვით, თამაშის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეთა გულისცემის დინამიკა უფრო სინქრონული გახდა. მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ მაღალი ოქსიტოცინის დონე, გულისცემის უფრო ძლიერ სინქრონიზაციასთან მცირედ, მაგრამ დადებითად იყო დაკავშირებული. გულისცემის შეთანხმებული ცვლილებები კი, თამაშით დიდ სიამოვნებასთან, პროცესში ჩართულობასთან და მოთამაშეებსა თუ სხვა მაყურებლებთან ერთიანობის ძლიერ განცდასთან ასოცირდებოდა .

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ერთმანეთის მსგავსი გულისცემის დინამიკა უფრო მკაფიოდ იმ ადამიანებს შორის გამოვლინდა, რომლებიც ერთსა და იმავე თამაშს, დარბაზის ერთი და იმავე მონაკვეთიდან უყურებდნენ. მეცნიერთა ვარაუდით, საერთო სანახაობა, ერთსა და იმავე მომენტებზე ყურადღების გამახვილება და კოლექტიური ემოციური რეაქციები ადამიანების ფიზიოლოგიური პროცესების დროებით შეთანხმებას უწყობს ხელს.
კვლევის ავტორების აზრით, სპორტული ღონისძიებები შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციალური კავშირების ბუნებრივად გაძლიერების ერთ-ერთ ხელმისაწვდომ გარემოდ იქცეს. საერთო ყურადღება და ემოციები ადამიანებს სიახლოვისა და ჯგუფის ნაწილად ყოფნის განცდას უქმნის, რაც განსაკუთრებით საინტერესოა მარტოობისა და სოციალური იზოლაციის პრობლემების შესწავლის თვალსაზრისით.
კვლევა აჩვენებს, რომ სპორტული სანახაობის ცოცხლად ყურება მხოლოდ გართობა და საყვარელი გუნდის მხარდაჭერა არ არის. საერთო ყურადღება, დაძაბულობა და სიხარული ადამიანებს არა მხოლოდ ემოციურად აერთიანებს. შესაძლოა, გარკვეული დროით მათი ფიზიოლოგიური რეაქციებიც ერთმანეთთან უფრო შეთანხმებული გახდეს.
წყარო: Translational Psychiatry
07/20/2026