ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესში მრავალფეროვანი კვება მხოლოდ სურვილი არაა, ეს აუცილებლობაა. თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც თავისი შემადგენლობით ნამდვილ „სუპერსაკვებს“ განეკუთვნებიან.
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ბოსტნეული სტაფილოა, რომელიც არა მხოლოდ ფერითა და გემოთი იპყრობს პატარების ყურადღებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მათი თავის ტვინისა და მხედველობის ჩამოყალიბებაში.

რა ასაკიდან უნდა ჩავრთოთ სტაფილო ბავშვის მენიუში და რატომ არის კატეგორიულად აუცილებელი მისი ცხიმთან ერთად მიღება?
ცნობილი პედიატრი თამარ ობგაიძე გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, სანამ პატარისთვის სტაფილოს პიურეს მომზადებას დაიწყებს.
„მრავალფეროვანი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს, რომ ბავშვს ზრდა-განვითარებისთვის სჭირდება მთელი რიგი მიკრო და მაკრონუტრიენტები. თუმცა ხდება ხოლმე ხანდახან ისე, რომ რომელიმე კონკრეტული ვიტამინის თუ მინერალის უფრო მეტი რაოდენობით მიწოდება გვჭირდება.
მინდა A ვიტამინზე ვისაუბრო, რომელიც აუცილებელია ბავშვის არა მარტო ფიზიკური განვითარებისათვის, არამედ მისი თავის ტვინის, თვალის განვითარებისათვის. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, გახლავთ სტაფილო, რომელიც მდიდარია ასევე სხვა ვიტამინებით, მინერალებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მასში არის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტურობა.

როდესაც ვამზადებთ სტაფილოს პატარისთვის, გვახსოვდეს ორი მთავარი რამ:
პირველი ის, რომ პროდუქტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ბიოლოგიურად სუფთა (და თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პროდუქტის სისუფთავეში, მაშინ ჯობია, რომ სტაფილოს გამოაცალოთ გული).
და მეორე: A ვიტამინი გახლავთ ცხიმში ხსნადი ვიტამინი და აქედან გამომდინარე, მისი შეწოვისთვის აუცილებელია, რომ მომზადების დროს დაამატოთ რომელიმე ცხიმი, მაგალითად, ზეითუნის ზეთი, რომელიც ბავშვთა ასაკში გახლავთ განსაკუთრებულად ადაპტირებული და სასარგებლო.
სტაფილო შეგიძლიათ მისცეთ 6 თვის ასაკიდან და ის შეიძლება მომზადდეს როგორც სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად, ისევე ხორცთან და სხვადასხვა მარცვლეულთან ერთად," - ამბობს პედიატრი.
04/30/2026