სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბევრმა თქვენგანმა იცის, ფეისბუქგვერდი "ექიმი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია" ქართველი ექიმის მიერ იმართება, რომელიც გამომწერებს სასარგებლო რჩევებს აძლევს. ამჯერად, ის შფოთვასა და მასთან გამკლავებაზე გაძლევთ რჩევას.
"არასდროს დაგავიწყდეთ:
შფოთვითი, ფობიური, პანიკური აშლილობისას, დეპრესიის, გადაღლილობის, დიდი სტრესის დროსაც პირველი სამიზნე ორგანოები ხშირად გული და ფილტვები ხდება.
ხშირად მიყვებით, რომ გაქვთ სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება, შიში რომ ვერ ჩაისუნთქავთ ან ამოისუნთქავთ...
ან რომ გული გაგიჩერდებათ, თუ მოეშვებით.
ან ძალიან აგიჩქარდებათ და გაგისკდებათ, თუ არ მოეშვებით.
ეს ყველაფერი არის ტვინის ტყუილები. კერძოდ, შიშის და პანიკის მინისტრი სახელად ამიგდალა აბდაუბდად სცემს განგაშის ზარს და გიგზავნით არასასიამოვნო შეგრძნებებს. აი, ეს შეგრძნები თქვენში მხოლოდ დისკომფორტს, შფოთვას თუ მთლად პანიკურ შეტევას გამოიწვევს, თქვენი კონტროლის ქვეშაა წესით. უბრალოდ თქვენ ეს ხან არ, ხან აღარ იცით და ხანაც საერთოდ არ გისწავლიათ.
მაგრამ მთავარი ესაა: ეს სიმპტომები მოდის ამიგდალასგან და არანაირ პირდაპირ კავშირში არ არის არც გულთან და არც ფილტვებთან. ამას თავისი სახელიც აქვს მეცნიერულ ფსიქოლოგიაში - ფსიქიკური სიმპტომების სომატიზება, ანუ მათი სხეულში შეგრძნება.

მინდა ესაც გითხრათ:
ჩვენ გვაქვს ცენტრალური და ავტონომიური ნერვული სისტემები.
პირველს ვაკონტროლებთ მეტნაკლებად - მოძრაობა, აზროვნება, მეტყველება, მხედველობა, მოტივაცია, მეხსიერება, დაგეგმვა...
აი, ავტონომიური ნერვული სისტემა, nomen est omen, ავტონომიურად არსებობს და ვერ კონტროლდება მარტივად ჩვენი ნებით, ფიქრებით, მონდომებებით თუ აზრებით.
ზუსტად ეს ამაყი, ძლიერი, დამოუკიდებელი ავტონომიური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს გულის და ფილტვების (და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების) შეუფერხებელ მუშაობას 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე.
ჩვენ რაც არ უნდა დაძაბული ვიყოთ, პანიკით და შიშით მოცული, ან მოთენთილი, ძალა გამოცლილი, გადაქანცული, დეპრესიული... ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა შეუფერხებლად და ერთგულად ზრუნავს ჩვენს გულისცემაზე, ჩასუნთქვაზე, ამოსუნთქვაზე, საკმარის წნევაზე, ტემპერატურაზე, ნივთიერებათა ცვლაზე...
გული ხომ საერთოდ! ის ორმაგად დამოუკიდებელია და თავად აწარმოებს საკუთარი გენერატორით იმ სასიცოცხლო იმპულსებს, რასაც ჩვენ პულსად აღვიქვამთ.
სხვათა შორის, პულსის ნორმა იმაზე ფართეა, ვიდრე ზოგადად ცნობილი: 60-დან 100-მდე!
ასე რომ, ჩემო კარგებო, 90 გულის ცემა წუთში არ არის ტაქიკარდია, არამედ გულის ბუნებრივი სიჩქარე და ტემპერამენტი. ბოლოს და ბოლოს ცხელსისხლიანი, სამხრეთული ერი ვართ.
თან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისას ხშირად გული ისედაც აჩქარებულია ან ადვილად ჩქარდება ხოლმე.
თუ არ გაქვთ გულის უკმარისობა ან რამე მსგავსი კარდიოლოგიური დაავადება, ეს აჩქარებები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
ჩვენი ორგანიზმი ერთი დიდი ორკესტრია და ჩვენი ნერვული სისტემა ამ ორკესტრის მუსიკოსი და დირიჟორი ერთდროულად. ის თუ არ დირიჟორობს, მაშინ ორკესტრში ზის, უკრავს და მუსიკა მაინც ჟღერს.
ყველაფერს მოევლება.
ერთადერთი შეცდომა არაფრის კეთებაა, თუ რამის შეცვლა გინდა!
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!
თქვენი ჰაუსი"
12/21/2025