ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
89 წლის ასაკში გარდაცვლილი ლეგენდარული "ორერას" წევრი და ხელმძღვანელი - გენო ნადირაშვილი უკანასკნელ გზაზე დღეს გააცილეს. მომღერალი საბურთალოს სასაფალოზე დაკრძალეს.
რობერტ ბარძიმაშვილის მიერ 1958 წელს შექმნილ კვარტეტს, სახელად "ორერა", გენო ნადირაშვილი რამდენიმე წელში შეუერთდა. სიმღერის გარდა უკრავდა საყვირსა და კონტრაბასზე. მისი მსუყე ხმა დაუვიწყარია, არ შეიძლება სხვაში აგერიოს. ერთხელ მოსმენილი გამახსოვრდება და თუ სატელევიზიო ჩანაწერები ნანახი გაქვს, იცი, ვინ იყო გენო ნადირაშვილი. ეს ისე, ახალი თაობისთვის.
მეგობარს კი "ზმნასთან" მეორე ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე იხსენებს.
ნანი ბრეგვაძე: დრო მიდის და იმ ქვეყნად ყველანი მივდივართ. "ორერადან", თითქმის, აღარავინ დარჩა. გენოს წასვლა ძალიან მეწყინა, შესანიშნავი პიროვნება იყო. იცით, როგორი ადამიანი იყო? სცენაზე რომ "ორერასთან" ერთად გავდიოდი, გენოს უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ მე მათთვის უბრალოდ მომღერალი არ ვიყავი. ჩემი დედოფალი გამოვიდაო - ასე მეგებებოდა სცენაზე და დიდი ტაშის შემდეგ, პატივით გამაცილებდა. ნამდვილი ჯენტლმენი იყო, სცენაზეც და ცხოვრებაშიც. გადასარევი ტემბრი ჰქონდა, შესანიშნავად მღეროდა. მისი ნამღერი სხვაში არ აგერეოდათ. უპატიოსნესი ბიჭი იყო. იმ 15 წლის მანძილზე, რაც მე "ორერაში" ვმღეროდი, მისგან არაფერი საწყენი არ მიმიღია.

- იუმორი?
- კვარტეტში ზურა იაშვილს, ბუბას და გენოს არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდათ. ქართველს იუმორი აქვს. ამის გარეშე არ არსებობს. იუმორის პარალელურად, ძალიან მოწესრიგებული და მობილიზებული იყო, სულ გამოწკეპილი.
- გამოწკეპილი ზუსტად მისი დამახასიათებელია...
- ნაკლს ვერ უპოვოდით. გამწკეპილი და ფორმაში იყო სულ.

- "ორერას" როგორ გაიხსენებთ?
- "ორერა" ქართველმა მიიღო და შეიყვარა. საბჭოთა კავშირში ნომერ პირველი კვარტეტი იყო და ეს რობერტ ბარძიმაშვილის დამსახურება გახლდათ. საოცრად დისციპლინირებული კაცი იყო. დილიდან საღამომზე არჩევდა სიმღერებს, მოჰყავდა კომპოზიტორები, მეტი არაფერი აინტერესებდა. შემდეგ უკვე კვარტეტი 10-12 წევრით შეავსო და ანსამბლად გადააქცია. მე მარტო ერთი ქალი ვიყავი მათ შორის.

- და ხელის გულზე გატარებდნენ.
- ნამდვილად! ვერაფერს ვიტყვი... რობერტ ბარძიმაშვილი მკაცრი იყო და ამან ძალიან კარგად იმუშავა ანსამბლის წარმატებაზე. მე, როგორც მომღერალი, იმ დროს ჩამოვყალიბდი. ჩვენი ბიჭები, ყველანი არაჩვეულებრივი პიროვნებები იყვნენ.

- 70-იან-80-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო მუსიკალური ფილმი "ორერა სრული სვლით." რა გახსოვთ იმ დაუვიწყარი დღეებიდან?
- საოცარი დრო იყო. ცუდი მხოლოდ ის მახსენდება, რომ ერთი თვით ოკეანეში მივცურავდით. რომ არა ეს ბიჭები, ვერ გავძლებდი. ამდენი ხანი წყალში ყოფნა რთულია, ცუდად ვიყავი. საღამოობით ვმღეროდით. ეს იყო ჩვენი გართობა. ხმელეთზე ჩავდიოდით, ფილმს იქაც ვიღებდით. ავსტრალიაში ჩავედით. დაუვიწყარი იყო. რა კარგია რობერტის გამჭრიახობა, რომ ფილმად გადაიღო და ეს მუსიკალური ფილმი დარჩა. საერთოდ, საქართველო სიმღერის ქვეყანაა. მუსიკის და სტუმრის მიღების ქვეყანაა, სიყვარულის ქვეყანაა. ახლა არეულია ყველაფერი. მაგრამ იმედით უნდა იცხოვრო. ცუდი წავა, კარგი მოვა, ადიხარ და ჩამოდიხარ.

- ბოლოს როდის ნახეთ გენო ნადრიაშვილი?
- ორი წლის წინ თბილისობაზე ერთად გამოვედით. შლაპა ეხურა, უცნაურად, მაგრამ ლამაზად ეცვა. მერე დამირეკა და იმდენი ვეფერეთ ერთმანეთს. ისე მინდოდა მოსულიყო ჩემთან. აცხონოს უფალმა... მშვიდობით, გენო...

06/30/2026