კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
5 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში პრემიერა გაიმართა. 87 წლის რობერტ სტურუამ "ოცნება" აიხდინა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანი" (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) დადგა. სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული. დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის.
საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრი დაესწრო. თინათინ რუხაძე სპექტაკლს ასე აფასებს:
"ეს შესანიშნავი სპექტაკლი ბატონი რობერტ სტურუას მრავალწლიანი შრომის შედეგია. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ რეჟისორს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის თანამედროვე კონტექსტში მასშტაბურად გადააზრებისა და სათანადო დონეზე წარმოჩენისთვის. მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს. სასიხარულოა, რომ მომავალში "ვეფხისტყაოსნის" შემდეგი ნაწილის სასცენო ვერსიასაც ვიხილავთ".

თავად რეჟისორი ამბობს, რომ "გამოვიდა ის, რაც მუზების კანახით უნდა გამოვიდეს. ასე კი არ არის, რომ ყველაფერი ჩაფიქრებულია. თვითონ არ ვიცი, რას ვაკეთებ. ეს არის პოეტური თარგმანი. გენიალური პოეტის ნაწარმოები თეატრის პოეზიაში გადავიყვანე."
მოკლედ, სპექტაკლმა ორი დღეა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ნაწილი თვლის, რომ მაესტრომ შეძლო და "კუდი მოიქნია", მეტაფორებითა და ფილოსოფიური გადაწყვეტით "სარკეში" ისევ ჩაგვახედა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს გენიალური და ხელშეუხებელი პოემის შეურაცყოფაა...

რეჟისორი დემეტრე დგვეფაძე თავის პოსტში კი დეტალურად აღწერს იმ შეგრძნებას, რაც მას სპექტკლმა გაუჩინა.
"ბევრი ვიფიქრე, ეს პოსტი დამეწერა თუ არა. თუმცა ის, რაც გუშინ ვნახე სხვა გამოსავალს არ მიტოვებს. გულგრილი ვერ დავრჩები და უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლი ამ დიდ მოვლენას ქართულ თეატრში. თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი გრძნობები და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ რობერტ სტურუას ბოლო სპექტაკლთან - "ვეფხისტყაოსანთან" დაკავშირებით.

გამოგიტყდებით, ძალიან დიდი მოლოდინებით წავედი თეატრში, ბილეთები დადებისთანავე შევიძინეთ და მთელი გულით ველოდი 5 აპრილს. ჩემი მეგობრებისთვის არახალია ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება სტურუას, როგორც რეჟისორისადმი. ახალგათავისუფლებულ ბათუმში ნანახი "კავკასიური ცარცის წრე" იყო ის სპექტაკლი, რომელმაც განსაზღვრა ჩემი მომავალი და მაჩუქა ოცნება, რომელსაც თეატრი ჰქვია. სტურუას ბოლო სპექტაკლებიდან გამომდინარე პრაგმატული ეჭვი მქონდა, რომ დიდი მოლოდინები მაინც არ უნდა შემქმნოდა, თუმცა რეჟისორის ოპტიმიზმი და იდეალიზმი მაიძულებდა მეფიქრა, რომ როგორც თავად სტურუამ თქვა, მისი "გედის სიმღერა" მორიგი სასწაული იქნებოდა და ამით მოაჯახუნებდა თეატრის კარს, რომელშიც ეპოქა შექმნა. მაგრამ მოვტყუვდი.
სცენაზე ვიხილე თეატრის გარყვნა. "ვეფხისტყაოსანი" უდიდესი ქმნილებაა, რაც კი ოდესმე შეუქმნია ქართველ ადამიანს. ის, რაც სტურუამ დადგა არის ღირებულებებისგან დაცლა, კულტურის მიწასთან გასწორება, მორიგი სნობური ღლიცინი მაყურებელზე (რაც რეჟისორს ახასიათებდა ისედაც ბოლო სპექტაკლებში). სპექტაკლში რამდენჯერმე ხაზგასმით ისმის ფრაზა "ეს რუსთაველის თეატრია" გულისტკივილით მივლიდა თავში, რომ რუსთაველის თეატრისგან აღარაფერია დარჩენილი. ავთანდილი, რომელიც რატომღაც იდიოტს თამაშობს (დიახ, ლევან ხურციას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი ავთანდილამდე, უბრალოდ სასაცილო იყო მისი უბადრუკი შესრულება); როსტევანი რომელიც მთელი სპექტაკლი (მაპატიეთ გამოთქმისთვის) გოჭივით ჭყვიტინებს და სცენაზე გორავს უაზროდ; თინათინი, რომლის გამეფებაც მაყურებელსაც ეჭვს გვრის და მისგან გაჟღერებული "ლეკვი ლომისა სწორია" აბსოლუტურად ნისლს ჰფენს მის პიროვნებას;

ბოლო სცენა კი ავთანდილთან თქვენთვის მომინდია შესაფასებლად (თუ ოდესმე ნახავთ). ეს სამი პერსონაჟი რეჟისორს ჩვენს სახედ წარმოუდგენია, რაც ასევე შეურაცხყოფად მივიღე. "ვეფხისტყაოსანში" თამაში არის ღირებულებითი მისია, ეს არ არის პოემა, რომელიც ღრიალით, ჭყვიტინით, პათეტიკითა და ფსევდოთეატრალური ზეაწეული "ელიტური", "აკადემიური" ღლაბუცით უნდა დაიდგას მაყურებელთან. ეს არის მართლა "ხელიხელსაგოგმანები" პოემა, რომელშიც ჩვენი გენეტიკური კოდია და დაუშვებელია მისი შეურაცხყოფა იმ გზით, რა გზითაც ეს სტურუამ გააკეთა.

საყურადღებოა კონტექსტიც, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. განათლების დეფორმის მარშზე ვიყავით მე და მარიამი, როცა პირველად ვნახე "ვეფხისტყაოსნის" დიიდი აფიშა რუსთაველის თეატრთან. მარიამმა მითხრა, რომ “ვეფხისტყაოსანი” რეალურად იქ ვერ მოხდება იმიტომ, რომ “ვეფხისტყაოსანი” აქ არის, ქუჩებში, ჩვენ ვართ “ვეფხისტყაოსანი”. მაშინ გამეღიმა ამ სიტყვებზე, თუმცა სპექტაკლის მერე მივხვდი, რომ იყო ამ სიტყვებში ძალიან ნათელი სიმართლე. ჭეშმარიტად "ვეფხისტყაოსნის" ღირებულებების მატარებელ ადამიანებს დღეს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ, გვარბევენ, გვაშავებენ, ქუჩაში გვასისხლიანებენ, სასამართლოებში დაგვარბენინებენ ცრუ ბრალდებების გამო. ჭეშმარიტად "ვეფხისტყაოსნის" ღირებულებების ადამიანები სინდისის პატიმრები არიან, რომლებიც ბოლომდე უარს ამბობენ პრინციპების წინააღმდეგ წასვლაზე და ითმენენ უსამართლობას.
რეჟისორი, რომელმაც წყენა ვერ გადალახა და თეატრი განსაცდელის დროს მიაგდო ყველა ჯერზე, ამ სპექტაკლს ვერ დადგამს ღირსეულად! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ქოცების მიერ საქართველოს რუსიფიკაციის მეთოდი არის ჩვენი კულტურის შეურაცხყოფა, ჩვენი იდენტობის მოშლა, ქართველების წარმოჩენა, როგორც ტაკიმასხარა მემწვადეების, რაც ძალიან კარგად გამოიხატა სტურუას ბოლო სპექტაკლში.
დაბოლოს, სიბრაზემ არ გამიშვა, რომ "პაკლონზე" საერთოდ ტაში დამეკრა, არათუ წამოვდგარიყავი. ტაში მხოლოდ მაშინ დავუკარი, როცა სცენაზე რობერტ სტურუა გამოვიდა. ამით თითქოს მადლობა გადავუხადე იმისათვის, რაც პირადად ჩემთვის გააკეთა თავის დროზე; ასევე პატივისცემა გამოვხატე იმის გამო რომ ამდენი მსახიობი, ამხელა "თეატრალური ელიტა", მინისტრები, ქოცები, მაყურებელი დაარწმუნა, რომ გენიალურ რაღაცას აკეთებდა და ამისათვის საკმაოდ მსუყე დაფინანსებაც მოიპოვა.

"შაბაშ ქართულ თეატრს" - ამ სიტყვებით მოგვილოცა რობერტ სტურუამ ქართული თეატრის დღე და ეს შაბაში მიაწება მაყურებელს შუბლზე. უბრალოდ, ის რეალობასაა მოწყვეტილი და აღარ იცის, რომ თანამედროვე ქართული თეატრი, მაყურებელი გაიზარდა და აღარ იღებს შაბაშებს" - წერს დგვეფაძე.
"რომ არ გამოვიდეს, ჩემი მარცხი კი არა, შოთას გამარჯვება იქნება, ეს მაჯობებს" - ამბობდა რობერტ სტურუა სპექტაკლის დადგმის პროცესში.
04/08/2026