
09/15/2026
XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ბობოქარი, გარდამტეხი და დრამატული პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირი არსებობის უკანასკნელ ეტაპს გადიოდა, საქართველო კი თავისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობით, ბალტიისპირეთის ხალხებთან ერთად, თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ახალგაზრდობისა და სტუდენტობის როლი. ამ სტატიაშიც სტუდენტების ბრძოლას ვიხსენებთ.
ეპოქის სული მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში
იმ რთული და საინტერესო დროის სულისკვეთების შესაგრძნობლად, გაგახსენებთ, მუხარან მაჭავარიანის მიერ 1990 წელს გამოქვეყნებულ ლექსს. მასში პოეტი დაუნდობლად აშიშვლებდა წარსულს, აწმყოს და მომავლის მთელ იმედებს კი ახალგაზრდებს უკავშირებდა.

„ადამიანებს მადიანად ხრავდა ჯალათი,
ღრანჭი ღეჭავდა საქართველოს სამოცდაათი,
ცხადი რომ გახდეს რას ვიტანდით და რას ვითმენდით,
საკმარისია ათასცხრაასოცდაჩვიდმეტი.
უხმოდ ბღაოდა არემარე შესაბრალისი,
სდუმდა დიდგორი, სდუმდა კრწანისი.
ბოლოს და ბოლოს როგორც ერთმა ბრძანა ტბილელმა
მოთმინებასაც ხომ თავისი აქვს მოთმინება?
და ამოინთხა გულში წლობით ჩაღვრილი ბოღმა,
და ქედუხრელი დატრიალდა ხელახლა მოყმე;
დღეს ამ ნიაღვარს თუ ბიჭი ხარ წინ დაუდექი,
ახალგაზრდობა, ვენაცვალე, გრგვინავს უტეხი!“
უნივერსიტეტის კედლებიდან დაწყებული ბრძოლა და საერთაშორისო სოლიდარობა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზაზე, რომლის კულმინაციაც 1991 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და ამის შემდგომ გამოცხადებული აქტი იყო, სტუდენტების ჩართულობა გადამწყვეტი და თან სიმბოლური გახლდათ. ისტორიულმა პროცესმა ხომ სათავე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან აიღო, ადგილიდან, საიდანაც თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა მოუწოდა საყვარელ სტუდენტებს იარაღის აღება და სამშობლოს დაცვა. თუმცა, ამ სტატიაში ჩვენ „ბოროტების იმპერიის“ დასაწყისს კი არა, დასასრულს ვიხსენებთ.
ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით სტუდენტობის ბრძოლამ, საერთაშორისო მასშტაბითაც მიიქცია ყურადღება. 1989 წლის 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციისა და მასობრივი რეპრესიების ფონზე, საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვა „მცირე ერებმა,“ რომლებმაც იმპერიული ზეწოლა საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი.

1989 წლის 8 დეკემბერს, ჩეხოსლოვაკიის სტუდენტთა წარმომადგენლებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს -კლუბს პრაღის გაფიცულ სტუდენტთა მიმართვა გადასცეს. ჩეხმა ახალგაზრდებმა ქართველებს 9 აპრილის ტრაგედია მიუსამძიმრეს და თან მხარდაჭერა გამოუცხადეს:
„ისევე როგორც თქვენ, ჩვენც, ჩეხმა სტუდენტებმაც გადავწყვიტეთ გამოვსულიყავი ძალადობის წინააღმდეგ - შიშველი ხელებით. ბედნიერები ვართ, რომ პირველ გამარჯვებას სისხლის გარეშე მივაღწიეთ.“
ქართველმა სტუდენტებმა პრაღელ ახალგაზრდებს შემდეგი პასუხი გაუგზავნეს (თბილისი, 1989 წლის 10 დეკემბერი):
„ძვირფასო მეგობრებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ თანაგრძნობისა და კეთილგანწყობისთვის, რომელიც ჩვენდამი გამოხატეთ. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ხშირად ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დიდ ერებს არც კი ვახსოვართ. ადამიანმა უბედურება საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადა, ალბათ სხვისას ვერც კი გაიგებს. ამიტომაცაა, რომ ჩვენ, მცირერიცხოვან ერებს, უფრო გვესმის ერთმანეთის. თქვენ ნახევარი, ჩვენ კი ორი საუკუნეა, რაც ეროვნული ჩაგვრის მძიმე უღელი გვადგას. თავისუფლების წყურვილმა ახლა ჩვენი სულები ისეთი შემართებით აანთო, ვერც ერთი იმპერია წინ ვეღარ აღუდგება ტანკებით და ორლესული ნიჩბებით. ყოველი ჩვენგანი დიდი გულისყურით და იმედით უყურებს თქვენს ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებებს. დაე, მალე მოსულიყოს ის დრო, როცა გამარჯვებულნი სიხარულის ოდას ერთად ვიმღერებთ.“
ეს ორი ისტორიული გზავნილი ცხადყოფს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა საბჭოთა კავშირის შიგნით და აღმოსავლეთ ევროპაში - ერთიანი, ჰუმანური და ზოგადევროპული ღირებულება იყო.
განხეთქილება ეროვნულ - გამანთავისუფლებელ მოძრაობაში და 1990 წლის სტუდენტური შიმშილობა
უკვე 1990 წელს, საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები აღარ იყო ისეთი ბობოქარი, როგორიც 1989-ში ან 1988 წელს. არჩევნები ახლოვდებოდა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა კი პირადი ამბიციებისა თუ სტრატეგიული ხედვების ნიადაგზე ორად იყო გაყოფილი, რაც ბანაკებს შორის მწვავე ურთიერთდაპირისპირებაში გამოიხატებოდა. ამ დროს, 1990 წლის 31 მაისს, რამდენიმე სტუდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შიმშილობა გამოაცხადა და მოითხოვა, საქართველოს უზენაეს საბჭოს (რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური და საბჭოთა იყო ), დაუყოვნებლივ განეხილა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი.

შიმშილობა დაიწყეს: გაგა არაბულმა, ემზარ გოგუაძემ, სოსო გოლიაძემ, ლევან სვანიძემ, ნუგზარ წიკლაურმა და ჯურხა ჯაფარიძემ. ისინი უპირველესად შეშფოთებას გამოთქვამდნენ ეროვნულ-გამანთავისუფელებელ მოძრაობაში განხეთქილებისა და ურთიერთდაპირისპირებების გამო, იმის გამო, რომ ერთნი არჩევნებისთვის იბრძოდნენ, მეორენი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ , მესამენი სხვა პრინციპულ აზრზე იდგნენ და სვამდნენ შეკითხვას: მაშ, როგორ მოვიქცეთ? როგორ გავუხსნათ ჩაკეტილი სივრცე ეროვნულ აღმავლობას, როცა პირველი სიგნალი ლიტვიდან მოვიდა, მერე ლატვია, ესტონეთი...
ამ შეკითხვაზე პასუხი მიმართვაში ჩამოაყალიბეს:
„ბუნებაში ყველაფერს თავისი აყვავებისა და დაცემის დრო აქვს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარეგნული ელვარების მიუხედავად, უკვე შეინიშნება ამ მოძრაობის შენელების სიმპტომები..
საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, არ არსებობს რაიმე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აუცილებლობას, დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ აღიარებდეს სამშობლოს თავისუფლების იდეას. მაშ რატომ უნდა გვაეჭვებდეს დღევანდელი უზენაესი საბჭოს სამომავლო გადაწყვეტილება?“
სტუდენტების შიმშილობის აქციას დიდი გამოხმაურება ჰქონდა, საზოგადოების წრამომადგენლები, სხვადასხვა ჯგუფები სოლიდარობას უცხადებდნენ, მათ მოთხოვნას ხმას უერთებდნენ. ზოგს (ეროვნულ მოძრაობაში, უფრო „ეროვნული კონგრესის“ მხარეს) არ ესმოდა, ეს ახალგაზრდები რატომ მოითხოვდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას კომუნისტების უზენაესი საბჭოსგან. მოშიმშილეებს კი, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე (სადაც იმავე გაზაფხულზე გააკეთეს ოფიციალური განაცხადი), ეჩქარებოდათ.

ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელობაც კი ვეღარ აიგნორებდა საზოგადოებრივ განწყობებს. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ქვეყანაში სრულიად სხვა პოლიტიკური რეალობა იყო. საქართველოს რესპუბლიკის საბჭოთა ხელისუფლების პირველი პირი მოშიმშილეებს შეხვდა, მოსთხოვათ შიმშილობის შეწყვეტა და დაპირდათ, რომ რიგგარეშე სესია მათ მოთხოვნებს განიხილავდა. შედეგად, დროის მოთხოვნებზე მორგებულმა საბჭოთა უზენაესმა საბჭომ სუვერენიტეტის განმტკიცების გარანტიების შესახებ დადგენილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი სრულ დამოუკიდებლობის გამოცხადებისგან ძალიან შორს იყო, მან დაადასტურა, რომ სტუდენტური ენერგია და პრინციპული პოზიცია, გვიანდელ საბჭოთა სისტემასაც კი, სისტემას აიძულებდა რაღაც ანგარიში გაეწია მისთვის.
გააზიარე სტატია