Logo

საზოგადოება

"ვახუშტი კოტეტიშვილის ოჯახში სტუმრად ვიყავით. შემდეგ დავიშალეთ და გამთენიისას ეს საშინელი ამბავი მოხდა" - ირაკლი კოსტავას კოკო გამსახურდია იხსენებს

"ვახუშტი კოტეტიშვილის ოჯახში სტუმრად ვიყავით. შემდეგ დავიშალეთ და გამთენიისას ეს საშინელი ამბავი მოხდა" - ირაკლი კოსტავას კოკო გამსახურდია იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მერაბ კოსტავას ვაჟის, ირაკლი კოსტავას შესახებ, ფეისბუქზე, მოგონებას წერს კონსტანტინე გამსახურდია. მას მეგობარი მისმა დაბადების დღემ მოაგონა. ეროვნული გმირის ვაჟი 1961 წლის 9 მარტს დაიბადა. ირაკლი კოსტავა იმ ცნობილ სამეგობროში იყო, მოგვიანებით "თვითმფრინავის ბიჭები" რომ ეწოდათ...

მერაბს მკაცრი სახე ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბავშვური ღიმილი... გულიანი სიცილი იცოდა - მანაც და ირაკლიმაც. ირაკლი ძალიან გულწრფელი იყო და გარეგნულადაც ჰგავდა. ქუჩაში აჩერებდნენ ხოლმე და ეკითხებოდნენ, მერაბ კოსტავას შვილი ხომ არ ხარო?

ირაკლიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მერაბს გულაგში შიმშილობის 90-ე დღე ჰქონდა, როდესაც მისი ვაჟის, ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. შიმშილისგან დაუძლურებულ-დაოსებული გამოიყვანეს და შვილის სიკვდილი მიახალეს. მერე ისევ კარცერში დააბრუნეს.

მერაბ და ირაკლი კოსტავები

კონსტანტინე გამსახურდია: დღეს ირაკლი კოსტავას დაბადების დღეა. ადამიანისა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თავის თაობაზე და მომდევნოთა თვალშიც თავისი ნიჭიერებით, ექსტრავაგანტურობით და თვითმყოფადობით სრულიად გამორჩეულ სახედ დამკვიდრდა.

ჩვენ ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. რუსუდანი მათემატიკაში გვამეცადინებდა ორივეს. ხშირად მივყავდით მშობლებს გაუქმებულ ქართულ ტაძრებში, სადაც ისინი ლოცვებს აღავლენდნენ, სანთლებს ანთებდნენ და გალობდნენ ქართულ საგალობლებს. ხშირად სათევზაოდაც მივყავდით მშობლებს და მერაბი ბადეს ისროდა ხოლმე არაგვზე, ქსანზე, ხრამზე. ირაკლიც შეყვებოდა ხოლმე, არ ეშინოდა დინების.

80-იანებში, მერაბის პატიმრობის უმძიმეს წლებში ვმეგობრობდით ისევ, საერთო ინტერესი ბევრი გვქონდა, ლიტერატურა, ფილოსოფია, მუსიკა. ირაკლი თსუ-ს მათემატიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. ირაკლის მამისეულ სახლში მოდიოდნენ ჩვენი მეგობრები, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, დათო კოსტავა (გამოჩენილი მსახიობის, გრიგოლ კოსტავას ვაჟი, ასევე პოლიტპატიმრის და მერაბის ბიძის) ზურაბ წერეთელი, კახა თოლორდავა, გიორგი თოფურია, გურამ კეკელია, გია მირზაშვილი, დიკა ესაკია, კობა წაქაძე, დათო ცივაძე, გია სიბაშვილი... გამორჩეულნი შინაგანი თავისუფლებით, სიცოცხლის ხალისით, ნიჭიერებით.

კოსტავაკოსტავა

ეს იყო თანამედროვე, ურბანული და “ანდერგრაუნდული” განწყობის, არასაბჭოურად და მეტწილად ანტისაბჭოურად მოაზროვნე, ევროპული მანერების, კარგი დასავლური ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის, ფილოსოფიის და კინოს მოყვარული თაობა, ამავდროულად აკრძალული წიგნების და სხვაგვარად მოაზროვნეთა თვითგამოცემების მკითხველი, თავისუფლების კუნძულების მაძიებელი იქ, სადაც ეს თავისუფლება არანაირად არ იყო. ახალგაზრდები, ვისაც შეეძლოთ ყოფილიყვნენ პატრიოტები და კოსმოპოლიტები ერთსა და იმავე დროს. მათ მე პირობითად ვუწოდე "ვარდისფერი დარდის თაობა" - დაახლოებით ისე, როგორც გალაკტიონთანაა, რომ "სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა”. თავად ირაკლი კი ასე გადმოსცემდა:

"ჩემი ტკივილი,
გარითმული ტვირთი თაობის
გამოეფინა ვარდისფერ ქუჩებს"

დადგა 1985 წელი. იმ საბედისწერო დღეს ერთად ვიყავით სტუმრად ვახუშტი კოტეტიშვილის ოჯახში. შემდეგ დავიშალეთ და გამთენიისას მოხდა ეს საშინელი ამბავი. მერაბს შიმშილობის 90-ე დღე ჰქონდა, როდესაც მისი ვაჟის დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. ის სასჯელს კარცერში იხდიდა.

“კიდევ კარგი, რომ ჩემთვის ირაკლი, გარდაცვლილები არ არსებობენ. და არც კვდებიან, და არც ჰქრებიან, გარდიქმნებიან ღმრთივ საოცრებად, რადგან ისინი მუდამ რჩებიან, ჩემთვის ცოცხლებზე უფრო ცოცხლებად”, დაწერა მან.
დღესაც 24 წლისაა ირაკლი. დაუვიწყარია უსათნოესი და უძვირფასესი მისი სახე.

* * *

თამაში ჰქვია,
თორემ ბრძოლაა,
პირში ფურთხება,
ქვების სროლაა,
უმოწყალო და საშიში,
დაუნდობარი,
ვერავინ გვიშველის,
ნაცნობი, მეგობარი.
ალბათ იმიტომ, რომ
ნათქვამია ყველაფერი,
შუბლზე გაწერია
ოცნება ვარდისფერი
ან თუნდაც ლურჯი,
ოღონდაც მუქი...
ითხოვეთ, ითხოვეთ,
ეძებეთ შუქი.
მზეზე კაშკაშა,
უფრო ნათელი,
უფრო ძლიერი,
უფრო ჯანმრთელი.
ცაში ატანილი
სამების ფერები,
ქვიშაში ჩაფლული
მსუბუქი ბგერები...
ქვიშა კი მძიმეა,
მძიმეა ძალიან,
მჭიდროდ შეკრული
უკარო გალია.
ერთხელ გაიგონებ
იმ ხმას ცხოვრებაში,
მერე სამუდამოდ
გრჩება გონებაში.
თავზე გექმნება წარმოდგენა
დიდი, უაზრო,
რატომ, საიდან,
ეგებ ვცადოთ, ვინმეს ვუამბოთ.
(ირაკლი კოსტავა)

ავტორი: ზმნა

03/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024