Logo

სასარგებლო რჩევები

“სულ ხელში ნუ გყავს, მიეჩვევა“ - მითი, რომელიც ბავშვის განვითარებას აფერხებს

“სულ ხელში ნუ გყავს, მიეჩვევა“  - მითი, რომელიც ბავშვის განვითარებას აფერხებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„სულ ხელში ნუ გყავს, მიეჩვევა“ — ეს ფრაზა ალბათ ყველა ახალბედა დედისთვის ნაცნობი „კეთილი რჩევაა“, რომელიც თაობიდან თაობას მითის სახით გადაეცემა.

საზოგადოებაში დამკვიდრებული ეს შეხედულება ხშირად მშობლებს აიძულებს, დათრგუნონ ბუნებრივი ინსტინქტი და შვილს ფიზიკური სიახლოვე დააკლონ, რათა ის „დამოუკიდებელი“ გაიზარდოს. თუმცა, რეალობა სრულიად საპირისპიროა: ჩახუტება და სითბო ბავშვისთვის ფუფუნება კი არა, განვითარების აუცილებელი პირობაა.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ახალბედა დედებს, ჰარი ჰარლოუს ცნობილ  ექსპერიმენტს შეახსენებს და ამბობს, რომ სითბო და ჩახუტება ჩვილისთვის ზედმეტი არსდროსაა.

“ხშირად ახალბედა დედებს ესმით ფრაზა: „ხელში არ მიაჩვიო, თორემ სულ ასე მოგთხოვს“. თითქოს ჩახუტება, ფიზიკური სიახლოვე და სითბო ზედმეტი იყოს.

ჰარი ჰარლოუს ცნობილმა ექსპერიმენტმა ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დაამტკიცა, რომ ფიზიკური სიახლოვე და სითბო ბავშვისთვის ისეთივე ბაზისური საჭიროებაა, როგორც კვება და ძილი.

ჰარლოუს სურდა გაერკვია, რა უფრო მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად: კვება თუ ფიზიკური სითბო და კომფორტი.

ჰარი ჰარლოუ

ფოტოზე ასახულია: მავთულის „დედა“ (მარცხნივ): მას ჰქონდა ბოთლი რძით, ის იყო საკვების წყარო, თუმცა იყო ცივი და უხეში.

რბილი „დედა“ (მარჯვნივ): მას არ ჰქონდა საკვები, მაგრამ დაფარული იყო რბილი ქსოვილით, რაც სითბოსა და ტაქტილური კომფორტის შეგრძნებას ქმნიდა.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მაკაკა დროს თითქმის მთლიანად რბილ დედასთან ატარებდა. მავთულის დედასთან ის მხოლოდ საკვების მისაღებად მიდიოდა და მალევე რბილ დედასთან ბრუნდებოდა. განსაკუთრებით შიშის დროს, მაკაკა მაშინვე რბილ დედას ეხუტებოდა დასამშვიდებლად.

ჩვილი

რატომ სჭირდება ბავშვს ხელში ყოფნა?

ნერვული სისტემის რეგულაცია: ჩვილს ჯერ არ შეუძლია დამოუკიდებლად სტრესის მართვა და ემოციური რეგულაცია. დედის გულისცემა, სითბო და სუნთქვა ეხმარება მას კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონის შემცირებაში.

უსაფრთხო მიჯაჭვულობა: როდესაც ბავშვის მოთხოვნას სიახლოვეზე დროულად ვპასუხობთ, მას უყალიბდება განცდა: „სამყარო უსაფრთხოა, მე დაცული ვარ“. ეს არის საფუძველი მომავალში მისი თავდაჯერებულობისთვის, დამოუკიდებლობისა და ჯანსაღი ურთიერთობებისთვის.

ტვინის განვითარება: ტაქტილური (შეხებითი) სტიმულაცია პირდაპირ კავშირშია ნეირონული კავშირების ჩამოყალიბებასთან.

ჩვილი

და ბოლოს, ბავშვი ხელში ყოფნას კი არ „ეჩვევა“, მას ეს სჭირდება გადარჩენისთვის. ჩახუტებით ბავშვს არ ვანებივრებთ, არამედ ვაშენებთ მყარ ემოციურ საძირკველს, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.

სიყვარული და სითბო არასდროსაა ზედმეტი.

სიყვარულის და სითბოს გამოხატვით ბავშვი არ “ფუჭდება”,” - წერს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/03/2026

მარიამ შოვნაძეფსიქოლოგიჩახუტებაჩვილიჰარი ჰარლოუ
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024