ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხანგრძლივი ცხოვრება ვის არ უნდა. დაბერება ნამდვილად ღვთის წყალობაა... გარდა გენეტიკისა, ჯანმრთელობას ხელშეწყობა, ძილი, კვება, სპორტით დატვირთვა სჭირდება.
ჩვენ გვყავს "ასაკიანი" ქალბატონები, რომლებიც ნამდვილად სამაგალითონი არიან. აბა, რას გვირჩევენ, გავიგოთ და გავითვალისწინოთ.
ნანი ბრეგვაძე მალე 90 წლის გახდება. გამოიყურება ბრწყინვალედ. სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს და მცირე ულუფებით იკვებება. დილით მსუბუქად ვარჯიშობს.

ნანი ბრეგვაძე: - ასაკს ვერ ვგრძნობ. ადრე ვდგები, ცოტას გავივარჯიშებ. იოგის სუნთქვითი ვარჯიშით ვსუნთქავ. დიეტა არც ვიცი, რა არის. ორგანიზმი გვკარნახობს როდის, რა ვჭამოთ. მე ცოტა მაკმაყოფილებს. ცოტას ვიკვებები. სუფრიდან ცოტა შიმშილის შეგრძნებით ადექით. ვარ სულ ფორმაში. სახლში თვალებს ვიღებავ და ოდნავ პომადას ვისვამ. პომადა რომ არ წავისვა, ჩამქრალი ვარ.
სულ ვმოძრაობ...
იმედით ვცხოვრობ. არავითარ შემთხვევაში არ ვკარგავ იმედს. ვცდილობ მივყვე დროებას.
უბრალოდ პოზიტივი და პოზიტიური განწყობა. აბა, რა! არ უნდა იყო ბოღმისგან დამხრჩვალი, თავი უნდა გაათავისუფლოთ ნეგატივისგან. ცხოვრებაში ეძებეთ თქვენზე უკეთესი და თქვენც კარგად იქნებით. უკან კი არ უნდა დაბრუნდე, წინ უნდა იყურო და კარგი დაინახო. კარგის დანახვით შენც კარგი გემატება.

გაოცებას იწვევს 97 წლის ლანა ღოღობერიძე, რომელიც ჩოგბურთს თამაშობს, ფილმებს იღებს, წერს და შემოქმედებითად, ძველებურად, აქტიურია. ასეთი მხნეობა, ამ შემთხვევაში, სპორტულმა წარსულმა განაპირობა.
ლანა ღოღობერიძე: - 50-იან წლებში, ახალგაზრდობაში მოთხილამურე და სწრაფად დაშვებაში საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი. ხან პირველ ადგილზე გავდიოდი, ხან – მეორეზე. ჩემი ქმარი, ლადო მესხიშვილი საქართველოში ამ სპორტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

ბაკურიანში, კოხტა გორადან ერთად ვეშვებოდით… ჩემთვის თხილამურებზე სრიალი, ჩოგბურთი და ცურვა მნიშვნელოვანი სპორტის სახეობებია. ზაფხულობით ძალიან ბევრს ვცურავდი. მე და ლადო ერთად ძალიან შორს, საათობით ვცურავდით. ლიძავადან ოქროს ქვიშის სანაპიროებისკენ... დღემდე მიყვარს ცურვა.

ჩოგბურთს კვირაში ორჯერ ვთამაშობ. მოძრაობის გარეშე არ შემიძლია. გამოდის, რომ ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუ ჩოგბურთის თამაში არ შემიძლია, მაშინ სახლში უსათუოდ ვვარჯიშობ. დავდივარ. სანამ ცოცხალი ვარ, ჩოგბურთს ვითამაშებ.


მნიშვნელოვანია სწორი და ცოტა კვება. ადამიანს ბევრად ნაკლები საკვები სჭირდება, ვიდრე ქართველები ვართ მიჩვეული. საერთოდ აღარ მიყვარს ხორცი. თითქმის ამოვიღე რაციონიდან. ბევრი ბოსტნეული და ხილი უნდა მიირთვათ. მიყვარს ნატურალური წვენები.
ჩემი დილის საუზმეა ყავა, ერთი ნაჭერი პური კარაქითა და ყველით.
ადამიანი ბუნებრივ მოთხოვნილებას უნდა მიჰყვეს. არ იფიქროთ, რომ თავი დაზოგოთ, დარწმუნებული ვარ, რაც მეტად დაიხარჯები, მით სანტერესოა ცხოვრება და ჯანმრთელიც გამოდის.

06/05/2026