Logo

საზოგადოება

"სუფთა ჰაერი", რომელიც ანა კალანდაძის ლექსმა მოიტანა - ისტორია ლექსზე "მოდიოდა ნინო მთებით"

"სუფთა ჰაერი", რომელიც ანა კალანდაძის ლექსმა მოიტანა - ისტორია ლექსზე "მოდიოდა ნინო მთებით"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, არაფერი უხდება ისე, როგორც ანა კალანდაძის ულამაზესი ლექსი – "მოდიოდა ნინო მთებით"… 

ლექსი 1945 წელს არის დაწერილი და მის ავტორსაც, მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის დედოფალი უწოდეს, საკმაოდ რთული შემოქმედებითი გზის გავლა მოუხდა, ისეთივე ქარიშხლიანის, მისი თოვლიანი ჯავახეთის ტყეებში რომ "ბღაოდნენ."

წმინდა ნინოს ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანებას ვუმადლით. საკუთარი ნაწნავებით შეკრული ჯვრით მომავალი 14 წლის ასულის ისტორია, ძალზე ამაღელვებელია, განსაკუთრებით ბავშვისთვის, როცა ამ ამბავს გიყვებიან. საინტერესოა ის გადმოცემა, რაც საქართველოს გაქრისტიანებასთან არის დაკავშირებული, რომელიც შორეულ, თუ ახლობელ ექოდ მოსდევს ანას ამ ლექსს. ეს არის თხოთის მთის მისტერია, როდესაც მირიან მეფეს მზე დაუბნელდა, ევედრებოდა თავის ღმერთებს (კერპებს) რომ განათებულიყო, მაგრამ ამაოდ, შემდეგ გაიხსენა ნინოს ნაქადაგები ღმერთი – იესო, მას შეევედრა და მზეც აინთო.

წმინდა ნინო

ანა კალანდაძე და პოეტი ვახტანგ ჯავახაძე მეგობრობდნენ. ანას, საკუთარი ლექსების გამოქვეყნებაზე, არასდროს უაქტიურია. ჭეშმარიტი ხელოვანი ხომ ასეა, ქმნის და მის შემდგომ ბედზე არ ფიქრობს... ანას შემთხვევაში, პირიქითაც კი ყოფილა - არ ჰყვარებია, როდესაც მის ლექსებს ეცნობოდნენ. ერთ-ერთი, ვისაც პოეზიის დედოფლის პოეზია სააშკარაოზე გამოჰქონდა, სწორედ ვახტანგ ჯავახაძე იყო, რომელიც იმ ხანად გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვრული ლიტერატურის რედაქციას რედაქტორობდა.

გთავაზობთ 93 წლის პოეტის მოგონებას ანას დაუვიწყარ ლექსზე.

ვახტანგ ჯავახაძე

ვახტანგ ჯავახაძე: – 1946 წლის 25 მაისს ანა კალანდაძემ მწერალთა კავშირში პირველი ლექსები რომ წაიკითხა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, "მოდიოდა ნინო მთებით" სწორედ იმ ლექსებში იყო. დიდი პოეტი იყო, რომლის ძირითადი წყაროც რელიგიური და ისტორიული თემები იყო.

წარმოიდგინეთ, 1946 წელი, სოციალისტური იმპერიალიზმის პრინციპებზე დაწერილი ლექსები და უცებ, მოულოდნელად "მოდიოდა ნინო მთებით"! იცით, როგორი შეგრძნება იყო? თითქოს ფანჯარა გაიღო და სუფთა ჰაერი შემოვიდა ოთახში!

ეს ლექსი არ აუკრძალავთ, თუმცა 1946 წელს მოსკოვში მიიღეს დადგენილება ლიტერატურის შესახებ და ანას ლექსებს დიდხანს არ ბეჭდავდნენ. 1951 წელს დაიბეჭდა კალანდაძის ორი ლექსი ლენინზე.

1960 წელს, ლექსები ჩემთან რომ მოიტანა, ლირიკული ლექსების გვერდით, იყო ლექსები ლენინზე, სტალინზე და მე ისინი ამოვიღე. მაშინ კარგად არ ვიცნობდი ანას. სიტუაციაც დამთბარი იყო და ამ ლექსების ამოღება გავბედე, სულ 15 ლექსის.

გავიდა წლები და მითხრა, შენ რომ ლექსები ამომიღე, ისეთი შეგრძნება მქონდა, პატიმარს სიკვდილი რომ აქვს მისჯილი, სახლში წადიო, რომ გამოუცხადებენ და რომ არ სჯერა, აი, ასეთიო.

ანა კალანდაძე

მე, ანა კალანდაძის რძალი და ანას ძმისშვილი რამდენიმე წელია ვმუშაობდით ანას დღიურებზე, სამ ტომად გამოსაცემად.

ამ დღიურებში ძალიან საინტერესო ფაქტებია ანა კალანდაძეზე. ის ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა. რაც კი მასთან მილაპარაკია, ამ დღიურებში გადავწყდი. 

მე და ანა იტალიაში გახლდით საბჭოთა კავშირის პოეტთა შეკრებებზე. სასტუმროში, ჩვენი ოთახები გვერდიგვერდ იყო. დილით, საუზმეზე ჩასვლის წინ, კარზე მივუკაკუნებდი. ანა ყოველთვის იგვიანებდა ჩამოსვლას. ძალიან მიკვირდა, რადგან პუნქტუალური იყო და მისი ეს დაგვიანებები, მაოცებდა. ახლა, დღიურებზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე დღიურებს წერდა. ცხრა დღე დავყავით იტალიაში და ყველაფერი აქვს აღწერილი, სად ვიყავით, რა საუბრები გვქონდა და ასე შემდეგ. ისეთი ისტორიები გამახსენა, რომ არც მახსოვდა.

ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ისეთი ფაქტებია მწერალთა (და არა მხოლოდ) ცხოვრებიდან, სხვაგან რომ ვერ წაიკითხავთ.

ხშირად იწვევდნენ, უამრავი შეხვედრები ჰქონდა. ბევრი რამ მისი დღიურებიდან გავიგე. ანა კალანდაძის ცხოვრების მატიანეა. 72 საერთო რვეულია. ზღვა მასალაა...

მოგონები აქვს ილო ფხოველზე, კაცზე, რომელიც უყვარდა...

ავტორი: თამარ გონგაძე

06/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024