საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღეს დაიწყება ნატა ვიბლიანის დაკითხვა. ქალი, რომლის ისტორიამ სრულიად ქვეყანა შოკში ჩააგდო. მან უნდა უპასუხოს ადვოკატის ყველა შეკითხვას, რათა ამ საზარელ ისტორიას დაუსჯელი არ დარჩეს კრიმინალები, რომლებიც წლებია უდარდელად აგრძელებდნენ ცხოვრებას.
"მე რომ ნატა ვიბლიანის სიმართლის არ დამეჯერებინა, დღეს მე მისი ადვოკატი არ ვიქნებოდი" - ამბობს ტარიელ კაკაბაძე ტვ პირველის ეთერში.
სწორედ ის დაიცავს ნატა ვიბლიანის ინტერესებს, იქნება მისი ადვოკატი და საზოგადოებას ჰპირდება, რომ მალე ყველაფერს ნათელს მოჰფენს.
ტარიელ კაკაბაძე: როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი ამბობდა სიმართლეს და არაფერს იტყუებოდა, მე გადავწყვიტე დამეცვა მისი ინტერესები. თავად სვანები მთხოვდნენ, რომ მე ჩავრთულიყავი ამ საქმეში და დამეცვა ნატას ინტერესები.
ეს საქმე კუთხური შუღლის გასაღვივებლად არ უნდა იქნას გამოყენებული. სვანები არიან მოწადინებულნი, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. ვისაც შესაბამისი მტკიცებულებებით, ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენა დაუმტკიცდება, დაისჯებიან. სწორედ სვანებისგან ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას. რამდენიმე ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, მთელ კუთხეზე ნეგატიური საუბარი, სირცხვილია. ყველას მოეხსენება, თუ როგორი ამაყი და ღირსეული ხალხი ცხოვრობს სვანეთში ისტორიულადაც.
შემზარავია ის, რასაც ნატა ვიბლიანი ყვება. ამ ყველაფერს ჰქონდა სისტემატიური ხასიათი და არაერთი ადამიანის მხრიდან. წარმოიდგინეთ, როგორი ზიანი მიაყენეს ბავშვის განვითარებას, ფსიქო ემოციურ მდგომარეობას და ჩამოყალიბებას იმ ამაზრზენმა დანაშაულებმა, რომელიც მის მიმართ წლების მანძილზე იქნა ჩადენილი.
აქ მხოლოდ გაუპატიურებაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია მუქარაზე, რასაც ხასიათი, როგორც ქალბატონი ნატა ჰყვება, არაერთგზის ჰქონდა. 14 წლის ასაკში ამშობიარეს და ბავშვი წაართვეს. არავინ იცის, დღეს ეს ბავშვი სად არის.

დღემდე ემუქრებიან ნატას და გარკვეულ ბრალდებებს აჟღერებენ.
მე მინდა, განვაცხადო, რომ პირადად მე არ დავუშვებ, რაიმე ფორმით, ზეწოლა მოახდინონ ნატაზე. ყველა იმ პირს გამოვავლენ, ვინც მას ემუქრება. არავის არ ჰქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გადაურჩება. ყველა მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.
აქ რაიმე უკანონო და ძალადობრივი მეთოდებით არ უნდა მოხდეს შურისძიება, სამაგიეროს გადახდა და ასე შემდეგ.
- ეს საზარელი ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა, რაც ცხადია, ართულებს გამოძიებას.
- ძალიან დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული წლების წინ მომხდარი დანაშაულის გამოძიება. 30 წელზე მეტია გასული კონკრეტული ფაქტების შემდეგ და ეს ფაქტები უნდა იქნას აღდგენილი. ეს, ამ კუთხით, უპრეცენდენტოდ რთული საქმეა. თუმცა არ არსებობს გამოუძიებელი სისხლის სამართლის საქმე. დიდი შეცდომაა ტელევიზიით ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების დაანონსება, რომელიც უნდა ჩატარდეს.
21 ივლისს ნატა დაიკითხება. ის მზად არის. არ სჭირდება მომზადება, ვინაიდან ის ჰყვება მშრალ ფაქტებს. ის დაასახელებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც ცალკე საგამოძიებო მოქმედებები დასჭირდება.
მე იმედი მაქვს, დადგინდება, ვინ იყო ის მორიგე ექიმი, ვინც ამშობიარა ნატა ვიბლიანი. სწორი გამოძიებით, ამ ექიმის ვინაობის დადგენა შეიძლება და მისგან კონკრეტული ინფორმაციის მოწოდებაც.
ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გამოსაძიებელი სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, იმდენად პრინციპული საქმეა, ამ საქმის გამოუძიებლად დატოვება, უბრალოდ არ ეპატიება არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებას. ამას საზოგადოება ნამდვილად არ დაუშვებს.
ცოტა ხანში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდი. ახლა კარტებს ვერ გავხსნი. როდესაც უტყუარი ფაქტები მექნება და ყველაფერი გადამოწმდება, მერე ვისაუბრებთ ყველაფერზე. საზოგადოებასთან დასამალი არაფერი გვაქვს.
07/21/2026