Logo

საზოგადოება

"სვანეთზე და სვანებზე, მეც მაქვს ჩემი ამბავი მოსაყოლი" - დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

"სვანეთზე და სვანებზე, მეც მაქვს ჩემი ამბავი მოსაყოლი" - დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ემიგრანტი ქალის, ნატა ვიბლიანის ამბავი დღეს სოციალურ ქსელებში ყველაზე განხილვად ამბად რჩება.
საზოგადოება ძალადობის მსხვერპლ ქალს თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებს. თუმცა მისი ერთი ნაწილი, პასუხისმგებლობას მხოლოდ მოძალადეებს კი არა, გარშემომყოფებსაც აკისრებს და მიიჩნევს, რომ ასეთი დანაშაულის შორიდან ყურება და ჩუმად ყოფნა, ძალადობაზე არანაკლები დანაშაულია.


მეზობლების, სოფლის მოსახლეობისა და მთლიანად სვანეთის პასუხისმგებლობაზე მოსაუბრეებს ეხმაურება სოციალური ქსელის საშუალებით ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.


დეკანოზი მომხდარი ამბის კუთხურობის ხაზგასმის წინააღმდეგია და ამბობ, რომ ტრაგედია ყველგან შეიძლება მოხდეს და მასზე პასუხისმგებლობის მთლიან კუთხეზე დაკისრება არასწორია.

"ნატა ვიბლიანის, საქმეს, მთელი ნიაღვარი მოყვა სვანების ლანძღვის. რასაკვირველია დანაშაულს ჰყავს , კონკრეტული ჩამდენი პირები, და ასეთი დამნაშავეები სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ამასთანავე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ ასეთი ამბები მსოფლიოს ყველა კუთხეში ხდება. და თუ მსგავსი მოხდება გურიაში, მთელ გურიას არ უნდა გადაგვიარონ და გაგვატოლონ დამნაშავესთან.

სვანეთზე და სვანებზე, მეც მაქვს ჩემი ამბავი და მოსაყოლი 31 წლის წინანდელი ამბავი.

1995 წელი იყო, მრევლთან ერთად წავედით ზემო სვანეთში, მოსალოც-მოსანახულებლად. კალაში კვირიკობას. მესტიის ცენტრში ავტობუსი გავაჩერეთ და შემთხვევით გამვლელ ახალგაზრდა კაცს, მაშინ ალბათ ასე 20-22 წლის იქნებოდა, უშგულისკენ მიმავალი გზის სწავლება ვთხოვეთ, არც დაფიქრებულა, არც სახლში დაუბარებია, ამოვიდა ავტობუსში და წამოგვყვა, მოგვატარა კალა და უშგული, გვაჩვენა რაც სანახავი იყო, საღამოს იქ უნდა დავრჩენილიყავით, კიდევ 2 ახალგაზრდა ბიჭი შემოგვიერთდა.

ცოტა ხანში ჩვენმა მასპინძელმა აიტეხა, ავედით ავტობუსში და მესტიაში წავიდეთო, გაგვიკვირდა , არც გეგმაში იყო... მოკლედ არ დაგვაყენა და წამოვედით, ასე უკითხავად მიგვიყვანა საკუთარ სახლში, მახსოვს საოცარი დედა ჰყავდა, ერთ ავტობუს ხალხს გვიმასპინძლა, ღამე გაგვათევინა და რომ მოვდიოდით გვითხრა, გუშინ იმიტომ წამოგიყვანეთ, იმ ბიჭებს ცუდი განზრახვა ქონდათ, ვუთხარი ჩემი სტუმრები არიანო და არ გაითვალისწინესო. არ მინდოდა იქ რაიმე უსიამოვნებას გადაჰყროდით და გამოგარიდეთო. ახლა თქვენ რომ წახვალთ , მე იმ სოფელში უნდა ავიდე და სვანი კაცისთვის მიუღებელი საქციელის გამო პასუხი უნდა მოვთხოვო იმათო. ვთხოვეთ არ წასულიყო მაგრამ ალბათ მაინც წავიდოდა....

რა დამავიწყებს იმ ოქროსავით კაცის სახელს და გვარს, მრავალჯერ გამხსენებია ეს ამბავი. როცა სვანეთზე და სვანებზეა ლაპარაკი ჩემთვის ეს ის, დღემდე დაუვიწყარი კაცი მახსენდება, თამაზ ნიგურიანი. მახსოვს მამიდა ჰყავდა მონაზონი. დედა მესტიაში ტაძრის მედავითნე. მოკითხვა და სიყვარული, შორეულ 1995-ში, შორეულ მესტიაში კაცს, ადამიანს თამაზ ნიგურიანს," - იხსენებს დეკანოზი.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ნატა ვიბლიანის საქმემ არ უნდა გაყოს ერთმანეთისაგან სვანეთი და დანარჩენი საქართველო"- მესტიის მკვიდრის ვიდეომიმართვა

ნატა ვიბლიანის ბაბუა - ასტამარი, მედიატორი ყოფილა" - დალი გულედანი-ყარაულაშვილი

"პირველი ძალადობა ბოსელში იყო..." - ამბის დეტალები, რომელმაც მთელი საქართველოში შეძრა

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

07/26/2026

დეკანოზიკონსტანტინე პაიჭაძენატა ვიბლიანისვანებზე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024