Logo

სვეტიცხოვლობა- გაცხადება საკრალური ადგილისა, სადაც უფლის კვართია დამარხული

სვეტიცხოვლობა- გაცხადება საკრალური ადგილისა, სადაც უფლის კვართია დამარხული

10/14/2026

ტექსტის ზომა

14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა, მცხეთობაა. ეს თარიღი წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ერის ქრისტიანულად მოქცევის 1700 წლის იუბილეა. ამაში დიდი წვლილი მირიან მეფესა და დედოფალ ნანას მიუძღვის, რომლებმა ნინოს ღმერთის ჯერ თავად ირწმუნეს სასწაულებრივად და მერე ქვეყანაც მოაქციეს...

ისტორიის დოქტორი, ხატმწერი მაკა ჩხაიძე კვართის მნიშვნელობასა და სვეტიცხოვლობაზე საუბრობს.

მაკა ჩხაიძე: ქართველებს უდიდესი მისია დაგვაკისრა ღმერთმა. ქრისტიანულ სიწმინდეთაგან თუკი რამ არსებობს ყველაზე წმინდა, სასურველი და აღმატებული, ეს არის უფლის კვართი. უფლის სხეული ამაღლდა ზეცად და დედამიწაზე თავის სხეულთან თანაშეზრდილი, საკვირველი კვართი დატოვა, რომელიც არის სახე-სიმბოლო, როგორც ქრისტეს სხეულისა, ასევე ქრისტეს ერთიანი განუყოფელი ეკლესიისა, შეურყვნელი სარწმუნოებისა.

კვართი

აი, ამის მცველად გამოარჩია და დაადგინა უფალმა ქართველი ერი. და ამის აღმნიშვნელი დღესასწაულია სწორედ სვეტიცხოვლობა, როცა ხდება ამ საკრალური ადგილის ერისთვის განცხადება, სადაც არის დამარხული ეს უდიდესი სიწმინდე.

კვართი

მთა ქართლისა, სადაც არმაზის კერპია, არის დასაბამი საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ის ხდება დასაბამი, უკვე ქრისტიანობის. აქვეა უფლის კვართი დაკრძალული. ესეც არის საოცარი განგება უფლისა. აი, აქ დაასახლა ეს ქართველთა მოდგმა. აქ მისცა დედაქალაქი.

უფალმა იცოდა, რომ აქ უნდა დაკრძალულიყო მისი კვართი და ეს ერი მომავალში კვართის მცველი უნდა გამხდარიყო. კვართის სიმბოლოდან გამომდინარე - რას ნიშნავს კვართის მცველობა?

კვართი - ეს არის ერთიანი, დაურღვეველი ქრისტეს სხეული, ერთიანი დაურღვეველი ეკლესია და სარწმუნოება; ანუ კვართის მცველობა, ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოების მცველობა.

მთელი ჩვენი ისტორია - 1700 წელი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ვემსახურებით ამას, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს კვართის მცველები. ყოველი ქართველი, რომელიც მოკვდა ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის, ის აღასრულებს თავის მისიას. მან დაიცვა ის, რისთვისაც ის უფალმა დაადგინა. და რისთვისაც გავხდით ღვთისმშობლის წილხვედრილები. ღვთისმშობლისგან მფარველობა იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ მისი ძის ერთგულები და ჭეშმარიტების მცველები.

კვართის მცველობა ეს არის როგორც ეკლესიის ერთგულება, ასევე არის ქართველთა ერთობის დასაბამი, საბაბი და მიზეზი.

გილოცავთ სვეტიცხოვლობას, რომლის დროსაც გაცხადდა ეს საიდუმლო ქართველი ერისთვის.

მაკა ჩხაიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026