კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
6 იანვარი გურამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების დღეა. ან რა არის 77 წელი მიწიერი ცხოვრებისთვის? ცოტაა, მით უფრო შემოქმედი ადამიანისთვის, არტისტისთვის, რომელსაც ასე უყვარს ადამიანები და ქალაქში კოლორიტად ითვლება. კი ამბობდა, სიბერის მეშინიაო, მაგრამ მის კამპანიაში ყოფნა იმდენად დიდი დღესასწაული იყო, რომ სიბერე რას დააკლებდა...
"ლორთქია" 2008 წლის 6 იანვარს წავიდა...
გურამ ლორთქიფანიძე: მე აქ დავიბადე, ამ სახლში, მელიქიშვილის ქუჩაზე გავიზარდე.
ბევრჯერ მქონდა ბინის შეცვლის საშუალება უკეთესი პირობებით. ვერ შევძელი ამ საერთო ეზოსა და აივნის მიტოვება.


იცით, როგორ გავიზარდე? აივანზე გადმოვდგებოდით - ასანთი მომეცით, მარილი გაქვთ? ეზო იყო ერთი ოჯახი, სადაც ყველას ერთმანეთი ტკიოდა და უხაროდა. ამ ეზოების დაკარგვამ თბილისი გააცია.ხიბლი და ლაზათი დაუკარგა ...
... პატარაობაში აივნის მოაჯირს ვერ ვწვდებოდი. მერე, მე და თემურ ნაცვლიშვილი აივნის ბოძებთან ვდგებოდით და აღვნიშნავდით, ვინ რამსიმაღლე იყო. ახლაც ეტყობა ნაჭდევები. თემო გაიზარდა და აღარ არის. მე ხომ გავიზარდე და ახლა უკან-უკან მივდივარ, ვდაბლდები...
***
მე ასეთი ბუნება მაქვს - მიყვარს სიმღერა, ოხუნჯობა, მისვლა-მოსვლა. ვგიჟდები, ჩემთან რომ ვინმე მოდის. დედაჩემის და მამაჩემის დროსაც ჩვენთან იკრიბებოდნენ მათი მეგობრები და მეც შევინარჩუნე ეს ტრადიცია.

ჩემთან ურთიერთობა ძალიან, ძალიან ადვილია. ცხოვრება ისედაც რთულია და შენ თუ კიდევ გაურთულე ვინმეს, არაფერი გამოგივა. შენი ჭირი სხვას არ უნდა მოახვიო. პირიქით, უნდა ეცადო, რომ სხვას გაუადვილა ცხოვრება. კიდევ ერთი - იუმორი რომ კაცს არ ახლავს, დაღუპულია.
როცა მარტო ვარ, სულ სხვა ადამიანი ვარ - ცოტა მძიმე კაცი ვარ, ბევრ რამეზე ვფიქრობ, მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ვხდები იოლი, დამყოლი. მძიმე წუთების გადატანაში იუმორი მეხმარება. რა თქმა უნდა მეგობრებიც, მაგრამ გაჭირვება მაინც მარტომ უნდა გადალახო...
***
მგრძნობიარე ვარ, სიამაყე უცხოა ჩემთვის. რომ მადღეგრძელებენ, თავი სად წავიღო, არ ვიცი. მერიდება, დედას გეფიცებით, გავდივარ ხოლმე ოთახიდან...
***
მე ვიცი, რომ სიყვარული არსებობს და ამას ზედმეტი ემოციები არ სჭირდება. სიყვარული ყველა ამბავს უნდა ახლდეს, ღმერთმა ერთი წუთი არ მაცოცხლოს უსიყვარულოდ. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ყველა ასაკის მეგობარი მყავს.
კაცი უნდა გაისარჯო, დაიხარჯო. სხვანაირად რომ მეცხოვრა, შეიძლება მეტი საქმე მეკეთებინა, მაგრამ ჩემი სული, გული, რაც მახლდა, გავეცი და კმაყოფილი ვარ.
***
ჩემს ძირითად პროფესიად თბილისელ მოქალაქეობას ვთვლი. ასე მინდა და ვთვლი, ვარ კიდეც.
...თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიცხოვრე, რადგან ბევრი ლამაზი ეპიზოდი მახსოვს, თუმცა მძიმე დღეებიც მქონდა, რატომღაც ყველას ერიდება, თქვას, რომ ბედნიერია. თითქოს ეშინიათ, რომ ამის აღიარებით ბედნიერებას დაკარგავენ. როცა ბედნიერი ვარ, ამის თქმის არ მეშინია, ისე კი, არც უბედური კაცი ვარ და არც ბედნიერი, სადღაც შუაში ვარ გაჩხერილი.

იცით, ყველაზე მეტად რისი მეშინია? სიბერის! მეშინია, ამაზე მეტად არ დავბერდე... სიბერეზე აღარ მინდა ვიფიქრო. ვითომ გუშინ ვიყავი ორი წლის. წუთია სოფელი...
ისე უნდა იცხოვრო, რომ არავინ არ შეაწუხო და იმ ქვეყნად წასვლის შემდეგ კარგი სახელი დატოვო შენს ქვეყანაში.
01/06/2026