ეს არ გამოგრჩეთ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თამარ დე ლეტე - ვაჩნაძე, მხატვარი, რომელსაც საფრანგეთსა და ბრაზილიაში კარგად იცნობენ, ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის და შანელისთვის ესკიზებს ქმნიდა.

თამარ ვაჩნაძე — ემიგრაციაში წასული თავადის ასული, რომელიც საფრანგეთმა „თამარ დე ლეტეს“ სახელით გაიცნო. იგი არ იყო მხოლოდ მხატვარი, იგი იყო ეპოქის სტილის შემქმნელი:

97 წელი იცოცხლა, საიდანაც თითქმის 80 წელი სამშობლოს გარეშე გაატარა, თუმცა მისი ხელოვნება მუდამ ინახავდა იმ ფესვებს, რომელიც კახეთის მზესა და თბილისურ ეზოებში გაიდგა.
მისი მეუღლე ცნობილი ფრანგი მხატვარი კლოდ დე ლეტე იყო, თუმცა თამარი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმოშობას.
მისი ნამუშევრები დღეს ევროპული მოდერნიზმის საინტერესო ნაწილად ითვლება.
ბევრი წყარო და საოჯახო გადმოცემა ადასტურებს, რომ თამარ ვაჩნაძე, ისევე როგორც სხვა ქართველი არისტოკრატი ქალბატონები (მაგალითად, მერი შერვაშიძე), გარკვეული პერიოდი მუშაობდა Chanel-ის მოდის სახლში. თამარი იქ არა მხოლოდ მოდელად (მანეკენად), არამედ მხატვარ-დიზაინერად და ქსოვილების მოხატვის სპეციალისტად მოიაზრებოდა.
თამარის, როგორც თეატრალური მხატვრის კარიერა ხშირად იკვეთებოდა იმ წრეებთან, სადაც შანელი მოძრაობდა (მაგალითად, სერგეი დიაგილევის "რუსული ბალეტი"). შანელი ხშირად ქმნიდა კოსტიუმებს ბალეტისთვის, ხოლო თამარი — დეკორაციებსა და ესკიზებს. მათ საერთო ესთეტიკური ხედვა აკავშირებდათ: სიმარტივე, დახვეწილობა და გრაფიკულობა.

სან-პაულუს თეატრში წარმოშობით ქართველი ხელოვანი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა. თამარმა "ტრისტანი და იზოლდას" საბალეტო წარმოდგენაზე ქართული შტრიხების შეტანა გადაწყვიტა — მთავარი გმირი ქალისთვის ქართული ჩიხტიკოპი გამოიყენა, ხოლო დანარჩენი პერსონაჟები ხორუმის მოცეკვავეების კოსტიუმებით შემოსა.
ეს დასტურია იმისა, რომ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ვაჩნაძეს საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს.
თამარის შემოქმედებით ნიჭს ფართო გასაქანი პარიზში მიეცა, როცა დედამ ლუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში შეიყვანა. გარდა ამისა, მომავალი ხელოვანი ხატვას, ჯირითობას და ფარიკაობასაც ეუფლებოდა. თუმცა, მის ძირითად საქმიანობად მაინც ცეკვა რჩებოდა.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ნოე ჟორდანიას შვილზე იყო დაქორწინებული. დე ლეტე-ვაჩნაძემ პარიზში ყოფნისას ცეკვის დახმარებით გაიცნო მომავალი ქმარი, საფრანგეთის ქართული ანსამბლების პიანისტი, რეჯები, რომელიც ნოე ჟორდანიას შვილი იყო.
1983 წელს, როცა თამარს საფრანგეთში ბინადრობის მოწმობა გადასცეს, მხატვარმა საბუთში "საბჭოთა ლტოლვილის" ნაცვლად მოითხოვა, მასში "ქართველი ლტოლვილი" ჩაწერილიყო. ასეც მოხდა.
საგულისხმოა, რომ დე ლეტეს შვილი, ზოლტან ჟორდანია, დედამისს უწოდებდა "უსამშობლოდ დარჩენილს, ერთგულს საკუთარი ფესვებისა".

ბიოგრაფია
***
თამარ დე ლეტეს დიდმა ბებიამ, ეროვნებით ფრანგმა, სუზან იოანესმა (დაიბადა 1858 წელს), ვანო ჯორჯაძეზე იქორწინა. მათი ქალიშვილი ლელია (დაიბადა 1884 წელს), რომელიც გიორგი ვაჩნაძეს გაჰყვა ცოლად, 1905 წელს მეუღლესთან ერთად კაზაკებმა მოკლეს. მათ ერთადერთი ქალიშვილი, 1903 წელს თბილისში დაბადებული სუზი დარჩათ, რომელიც ფრანგმა ბებიამ სუზანა იოანესმა გაზარდა. სუზი ვაჩნაძე 1922 წელს ბათუმში დაქორწინდა პეტრუს ფონ ლეტე (ლეტაი) დარანიოშ რაკოშზე. მათ ორი შვილი, 1922 წელს საქართველოში დაბადებული ჩანკო და 1925 წელს ირანში, თავრიზში დაბადებული თამარი ჰყავდათ. თამარმა, სუზან იოანესის გარდაცვალებიდან (1946) მალევე, 1947 წელს იქორწინა რეჯებ ჟორდანიაზე. თამარ ვაჩნაძე დე ლეტე 1952 წელს დედასთან, სუზი ვაჩნაძესთან და შვილთან ზოლტან ჟორდანიასთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა, სადაც მისი მამა თავს აფარებდა. იგი საბოლოოდ და ოფიციალურად რეჯებ ჟორდანიასთან 1959 წელს განქორწინდა.
თამარ ვაჩნაძე დე ლეტე ფრანგულ შემოქმედებით ელიტას განეკუთვნებოდა და 1950-იან წლებში სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა. იგი ქმნიდა ესკიზებს, აფორმებდა თეატრალურ დადგმებს, იღებდა ანიმაციურ ფილმებს.
მან უარი თქვა როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე და მუდმივად საქართველოში დაბრუნების სურვილი ამოძრავებდა. 1963 წელს თამარ ვაჩნაძე დე ლეტე ისევ საფრანგეთში, პარიზში დაბრუნდა და კრისტიან დიორის საქვეყნოდ განთქმული სამოდელო სახლისთვის შესანიშნავ ესკიზებს ხატავდა. მისი უნიკალური მემკვიდრეობა 300-ზე მეტ ესკიზს, 30 ტილოს, 100-ზე მეტ XIX საუკუნის ფოტოს, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს.

ქართველი მხატვრის ნამუშევრები საფრანგეთში, ატლანტის ოკეანეს პირას გაშენებულ სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში აღმოაჩინეს, სადაც რეჯებ ჟორდანიას შთამომავლები - მარი და ზოლტან ჟორდანიები ცხოვრობდნენ. 2022 წელს საქართველოს დაუბრუნდა არა მარტო კრისტიან დიორის, არამედ პარიზისა და სან პაულოს თეატრებისთვის შექმნილი 300-ზე მეტი ესკიზი, 30 ტილო, 100 ზე მეტი XIX საუკუნის უნიკალური ფოტო, XVIII საუკუნის ტილოები, ხელნაწერები და სხვა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა.
02/14/2026