Logo

კულტურა

"თან განდეგილი, თან ხალხის დუღილით მცხოვრები..." - ბესიკ ხარანაული 86 წლის გახდა

"თან განდეგილი, თან ხალხის დუღილით მცხოვრები..." -  ბესიკ ხარანაული 86 წლის გახდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

11 ნოემბერს ბესიკ ხარანაული 86 წლის გახდა. მასზე უკეთ მის დაბადების დღეს ვერავინ აღწერს.

"მე დავიბადე, გამოველ მზეზე,
მაგრამ მზის ნაცვლად ხმელი ფოთოლი
ბზინავდა მაღლა,
და მზედ იმიტომ მოჩანდა მხოლოდ,
რომ ტრიალებდა შავი ცის ფონზე.

დიახ, მზე იყო ხმელი ფოთოლი,
მაგრამ არ იყო იგი ედემის;
მას ჩვენი ქუჩის მტვერი ეყარა
და ეტყობოდა ნაფეხურები.

მზე არ მათბობდა, რადგან არ იყო
ის შემოსილი ოქროსფერ მატყლით,
მზე - თავმომწონე კაცმა ატყორცნა
ფეხით კონსერვის თეთრი კოლოფი.

შეხედა კაცმა და გაუკვირდა,
რომ თავისქალა ბრუნავდა ცაზე
და საუბარი სპორტის შესახებ
შეცვალა ყოფნა-არყოფნის თემით.

ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე
თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი,
მე დავიბადე."

ბესიკ ხარანაული

***

ხან თიანეთშია, თავის სოფელ ლეშაში, ხან - დედაქალაქში. ჩივის იმაზეც, რომ უკვე ძველებურად დაუღალავი აღარ არის მისთვის ესოდენ საყვარელი საქმიანობა. სამი-ოთხი გვერდის წერა მღლის და ვბრაზობო, მითხრა ადრე ინტერვიუში.

დღესაც დავურეკე, მისალოცად. ვირუსიანს ეძინა... ამიტომ ჩემთვის მოცემული სამი წლის წინანდელი ინტერვიუდან ამონარიდს შემოგთავაზებთ.

ბესიკ ხარანაული: როგორც ნათქვამია, თუ გინდა დიდხანს იცოცხლო, მწარეც უნდა ჭამოო. ყველას უნდა სიცოცხლე, მათ შორის - მეც. 

- ასაკში ტკბება სიცოცხლე?

- გააჩნია რაკურსს, საიდან უყურებ სიბერეს. ახალგაზრდის რაკურსიდან ტკბილად ჩანს, ჩემგან სხვაგვარია.

- „ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი, მე დავიბადე...“

- მხოლოდ ეგ ერთი სიმართლე მაქვს ნათქვამი. ვერავინ შემედავება.

რა გითხრათ ჩემს განწყობაზე? ჩვენ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ, როგორც არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენც ისე ვართ. გავერთობით ხოლმე და ზოგად პრობლემებზე ვლაპარაკობთ. აბა, ნახე კონკრეტულ ხალხს როგორ უჭირს? არ არის საშუალება, რომ კონკრეტული სიკეთე გააკეთო.

როცა ქვეყნის სატკივარი გტკივა, უფრო უმწეო ხარ, ვიდრე მხოლოდ საკუთარი წუხილისას. ადრე ქუჩაში რომ მივდიოდი, ადამიანები უბრალოდ დადიოდნენ. ახლა ჩემში გადიან და სადღაც აგრძელებენ გზას. ასაკთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულებები. სადარდებელი, რომელიც შეიძლება არ გეხებოდეს, ყველგანაა, თბილისშიც და სოფლადაც. შენ შეიძლება კარგად ხარ, მაგრამ შენი კარგად ყოფნა სად წაიღო, არ იცი. მე თუ არ მარგია, შენი კარგად ყოფნა რა არის? პროზასაც ვწერ, ლექსებსაც. წერის დროს არაფერი მახსოვს და კიდევ კარგი, ეს თვისება აქვს წერას, ყველაფერს გავიწყებს. მაგრამ იმდენ ხანს რომ ვეღარ ვმუშაობ, ეგ მაღიზიანებს.

ბესიკ ხარანაული

***

"ზმნის" მეშვეობით იუბილარს დაბადების დღეს გიორგი კეკელიძე ულოცავს.

"ბესიკ ხარანაული მნიშვნელოვანი ავტორია. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ქართული ლექსის ერთი ფართო კალაპოტი გაჭრა სხვა რამდენიმე ავტორთან ერთად, სადაც ახლა არაერთი ნიჭიერი პოეტი მიაბიჯებს. დაუცხრომელი ენერგიის კაცია - თან განდეგილი, თან ხალხის დუღილით მცხოვრები. ვულოცავ!" - ამბობს "ზმნასთან"გიორგი.

ავტორი: თამარ გონგაძე

11/11/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024