ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დანიელ ღაღაშვილის შესრულებულ "ნატვრის ხეს" რომ უსმენ, მუსიკის ჯადოსნურობაში კიდევ ერთხელ რწმუნდები. რწმუნდები იმაშიც, რომ როცა სიმღერის ნიჭი გაქვს, ასაკი არაფერ შუაშია. 9 წლის ბიჭი ისე ზუსტად გრძნობს და მღერის ყველა ფრაზას, თანაც ისე ორგანულად და ბუნებრივად, რომ თვალს ვერ წყვეტ. სუფთა ხმითა და ზომიერი ემოციურობით გიყვება ნატვრის ხის სევდიან ამბავს...
ამ საოცარი სიმღერის ავტორი რომა რცხილაძეა. დანიელი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ რომას შესრულება, ასჯერ მაინც აქვს მოსმენილი.
დანის ამ სიმღერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თვითონ ბედნიერია. ტიკ-ტოკის თაობა "ნახვებს" მარტივად ითვლის. სამაგიეროდ, დედა, მომღერალი ირინა ბაიარამაშვილი შვილის ამღერებას ისე ემოციურად უდგება, რომ სიამოვნებას სრულად ვერ იღებს.
ირინა ბაირამაშვილი: დანის ყოველი ნამღერი დიდ ნერვიულობად მიჯდება. მღელვარებისგან, მის შესრულებას, კარგად ვერ ვაკონტროლებ. მეუღლეს ვთხოვ, დუეტის ჩაწერისას, ვიდეო მე არ გადამიღო-მეთქი, რადგან დანის სიმღერის დროს, ემოციებს ვერ ვთოკავ, ძალიან ვღელავ.

- ირინა, რა ასაკიდან მღერის დანი? ასეთ დონეზე რომ შეესრულებინა, მანამდე რა შრომა დაგჭირდა?
- სამი წლიდან, სმენით, მღეროდა. მაგრამ მაშინ გამომიცხადა, სიმღერა არ მინდაო. მას შემდეგ ხმა აღარ ამომიღია, არ დამიძალებია. არ გინდა - ნუ გინდა-მეთქი. პროტესტი რომ არ გასჩენოდა, შევეშვი, თუმცა ჩემს კონცერტებზე დამყავდა. ერთ-ერთ კონცერტზე, სცენაზე ამოსვლის სურვილი გაუჩნდა. მერე მითხრა, მეც მინდა სიმღერაო... მე რობერტ ბარძიმაშვილის ტუდიაში დავდიოდი და ჩემი პედაგოგი უნიჭიერესი ნანა გოგიშვილი იყო. დანი 8 წლის ასაკში მივიყვანე მასთან და ნანას გული დაწყდა, ადრე რატომ არ მომიყვანეო? ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთი წელი, ნანა მასწავლებელთან, საგარეჯოდან სტაბილურად დავდივართ-მეთქი, თუმცა მას შემდეგ რადიკალურად განსხვავდება დანის შესარულება. რეზულტატი გვაქვს და ვცდილობთ, პედაგოგს მივყვეთ.

- სოციალურ ქსელში გაქვთ კონტენტი - ირინა და დანი, სადაც უკვე ხუთი სიმღერა დაგროვდა თქვენს ანგარიშზე. როგორ ქმნით ამ კოლაბორაციას - ციფრულ სამყაროს და შემოქმედებას ერთად?
- სამ შვილთან ერთად, რთულად წარმომედგინა, რომ მე ამისთვის მომეცალა. თუმცა, როცა ამის იდეა მომაწოდეს, მეუღლემ აიტაცა, საგარეჯოში დიდ სახლში ვცხოვრობთ, ბუნებაში ვართ, აქვეა ტყე და ამაზე კარგ ადგილას, სად უნდა გადაიღოთ კონტენტიო. მე ყველაფერს დანის ვუთანხმებ - გინდა სოციალურ ქსელში გავაკეთოთ გვერდი და ავტვირთოთ შენი სიმღერები-მეთქი? მინდაო. ასე დავიწყეთ.
პირველი იყო "ატოტილი ტირიფი", ჩავწერეთ და სოციალურ ქსელში "გავარდა". "ნატვრის ხე" მეხუთე სიმღერაა. დანის სიმღერებს, ანუ მის შესრულებებს შორის, დიდი განსხვავებაა. ბევრად გაიზარდა. დანიელი ჩემსავით ემოციური შემსრულებელია. ნამღერში ემოციას დებს და გრძნობით ასრულებს. სხვა ინტერესიც აქვს, ბაზიერობა ხიბლავს და ამაზე ფიქრობს. და როცა იქით აქვს გონება მიმართული, ასეთ დროს, შესრულებაც არ გამოდის ისეთი, როგორიც მინდა. სიმღერისას ზოგჯერ შეიძლება მიმინომ წაიღოს მისი გონება.


- როგორი ბიჭია?
- დანიელი უფროსი შვილია. ძალიან ემოციური ბავშვია, ძალიან. სიმღერაში ეს თვისება ძალიან ადგება. გაბედულია, ლაპარაკი უყვარს, აზროვნებს. თავიდან ბოლომდე მორიელია, არაფერს ეპუება. ზარმაცია, როგორც ყველა ხელოვანი, თუმცა თავის თავზე მუშაობს, როგორც პედაგოგი ამბობს.
სიმღერა უყვარს, ნანა მასწავლებელზე გიჟდება. ის მისთვის მეტრია, ყველაფერს უჯერებს. მე არ მისმენს, ნანა და მამა მისთვის კუმირები არიან.
სხვათა შორის, მამა გვირჩევს კონტენტის რეპერტუარს. დანიელმა მთელი ოჯახი ჩაგვრთო. ჩემს ქმარს მანქანაში ქართული სიმღერები აქვს. მეც ქართულ სიმღერებს ვმღერი. დანის მამის გავლენით უყვარს რომა რცხილაძე. ზოგადად, მამა სამივე შვილისთვის კულტია.

ახლა ჯექსონის ფილმის პრემიერაზე იყო წასული და მის სიმღერაზეა შეშლილი.
სიმღერა უყვარს, ეს ლტოვა მასში დევს. ეს სიყვარული გენეტიკურად ჩემგან აქვს, მაგრამ მასაც აინტერესებს. და სანამ უნდა, მეც ხელს ვუწყობ. მერე, გარდატეხის ასაკში, ხმა როგორ გაივლის მუტაციას, არავინ იცის, ამიტომ ახლა ვმღერით. ეს ის თაობაა, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგები.
- მოსწონს სოცქსელში პოპულარობა?
- დედა, ამდენი ნახვა მაქვს, დედა, უკვე ამდენზე ავიდა ნახვები - იტყვის ხოლმე. დიდად ამაზე აქცენტს არ ვაკეთებინებ, არ მინდა, რომ წარმოდგენა შეექმნას, რომ ძალიან მაგარია. ჯერ მომღერალი არ არის და არც ძალიან მაგარია. უბედნიერესი ვარ, მაგრამ ჯერ მომღერლობამდე გზა აქვს გასავლელი.
- რომას ფეისბუქზე გაზიარებული ჰქონდა დანის "ნატვრის ხე"... როგორ შეაფასა?
- ძალიან ვისიამოვნე, რა კულტურით მღერის, რა შესრულებააო, რომამ მომწერა. დანის ნამღერი რომ გააზიარა და მომწერა, ისე ვიტირე, მთელი ღამე არ მეძინა. შვილის წარმატება ყოფილა უსაზღვრო ბედნიერება. შენი წარმატება ვერც მივა იმ განცდასთან, რაც შვილის წარმატებას მოაქვს. ორი დღე ისეთ ემოციებში ვიყავი, ყველაფერზე ვტიროდი.
მომწერა სრულიად უცხო ადამიანმა: არ დაიჯერებთ, ირინა და მთელი საღამოა ერთმანეთის მიყოლებით ვუსმენ თქვენს დუეტს. რაღაცნაირი სევდიანი პერიოდი მაქვს და ყოველი ბგერა, ჩათვალეთ, თითო აბია. არ მეგონა, შესრულება ასე თუ იმოქმედებდა. მადლობა თქვენ მისი ამქვეყნად მოვლინებისთვის. გაუხეშებულ სამყაროში სითბოს რომ გვაგრძნობინებს მისი გულწრფელი ხმაო.

დანიელმაც მოისურვა ჩვენთან საუბარი და მე და ირინას სიამოვნებით ჩაგვერთო. თან სპეციალურად "ზმნასთვის" თავის მიმინოსთან ერთად გადაიღო ფოტოები და გამოგვიგზავნა.
- დანი, შესრულებისას დედას ისე გახედავ, ჩანს, რომ მას დიდ პატივს სცემ და მისი აზრი გაინტერსებს. გამოვიცანი?
- დიახ, დიახ ასეა. დიდი მადლობა. მიყვარს სიმღერა, ბაზიერობა, სპორტი, მოგზაურობა. მიყვარს "ნატვრის ხე", რადგან მე რა ნატვრაც მქონდა, ამისრულდა. კიდევ მიყვარს რომა რცხილაძე, სულ მის სიმღერებს ვუსმენ. მისი "ჭადრაკის დაფა" ძალიან მიყვარს. "ნატვრის ხე" კი, მინიმუმ, ასჯერ მაინც მაქვს მოსმენილი.
- ეს შენს ნამღერს ეტყობა. ზუსტად ასრულებ, როგორც ავტორს აქვს დაწერილი და ჩაფიქრებული, ზუსტად ისე.
- მადლობა ასეთი შეფასებისთვის. დუეტს ვიმღერებ.
- დედასთან თუ რომასთან?
- დედა მიყვარს, მაგრამ რომა რცხილაძესთან მინდა დუეტი.
- გინდა შენი პროფესია მომღერლობა იყოს?
- მინდა. სცენაზე დგომა მომწონს, ოღონდ მინდა "რანინაში" მივიღო მონაწილეობა, სხვაგანაც შეიძლება...
- სახლში მიმინო გყოლია. მომიყევი ამ თავგადასავალზე...
- ბევჯერ ვნახე ბაზიერებზე ვიდეო. მერე გავიცანი ლევან დობორჯგინიძე - ბაზიერების კლუბის პრეზიდენტი. მან გვითხრა, რომ ბაზიერობა უძველესი სპორტის სახეობააო. გურიაში ბევრი ბაზიერი ცხოვრობს. მერე ლევანმა მოგვიყვანა პატარა მიმინო და მე ვზრდი. მიმინოსი არ მეშინია, თუ ჩემთან, საგარეჯოში ჩამოხვალთ, გაჩვენებთ, რომ არ მეშინია. უნდა მოვათვინიერო. ნათლიამ სპეციალური ხელთათმანი შემიკერა.

- დანი, ნატვრის ხეზე მღერი. შენი ნატვრა რა არის?
- ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს ჩემი ოჯახი. გავხდე მომღერალი, მაგარი ბაზიერი და მოჭიდავე, ოღონდ თავისუფალ ჭიდაობაში. კიდევ იცით, ჩემი ოცნება რა არის? მე რომ მოვათვინიერებ მიმინოს, მერე მოგიყვან შევარდენსო - ლევანმა გამახარა. მერე ქორს და არწივსაც მოგიყვანო. თან ვიმღერებ და თან ხელში მეჭირება ჩემი მტაცებელი ფრინველი. მე შევარდენი უფრო მიყვარს და იცით, რატომ? ნადირობის დროს იყენებენ, როცა შევარდენი რამე ფრინველს დააცხრება, კლანჭებით აიტაცებს...

- ირინა, რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. რადგან ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, გავაგრძელებთ. ჯერ ზღვა სიმღერები აქვს სასწავლი, წინ ბევრი საშრომი და რეპეტიციაა... მე ისე ვრნერვიულობ დანისთან ერთად სიმღერის დროს, ღელვისგან ლამის გული წამივიდეს.
ჯერჯერობით, სიმღერა მისი ჰობია. თუ უნდა პროფესიად აირჩიოს. მე მინდა იყოს უშუალო, უბრალო, თავმდაბალი და იმ საქმეზე შეყვარებული, რასაც აირჩევს. მიზანდსახული ბავშვია. მიმინო რომ აიჩემა, იმდენი გვეჩიჩინა, სანამ არ მოგვაყვანინა სახლში. უყვარს ბუნება, ცხოველები და ფრინველები. ახლა სრულად გადართულია მიმინოზე.
ჯექსონის ბობოქარ სიმღერაზე - i ll be there-ზეა შეყვარებული. თუ გამოგვივიდა, დავდებთ ამ სიმღერის ჩანაწერსაც. მთავარია, ხასიათზე იყოს. როცა ამის განწყობაზეა, მხოლოდ მაშინ ვამღერებ. არაფერს ვაძალებ.
ხან ვფიქრობ, ეს რა გავაკეთე, რატომ ვამღერებ-მეთქი, ისე განვიცდი, პირი მიშრება, ხელები მიკანკალებს. დანიმ რომ წარმატებას მიაღწიოს და პროექტში გავიდეს, მე ალბათ, საკაცით გამიყვანენ. ისედაც ემოციური ვარ, მაგრამ დანიმ სულ შემშალა.
ყველას მადლიერი და მადლობელი ვარ, პირველ რიგში ღმერთის. მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის...

06/18/2026