
09/30/2026
თანამედროვე ადამიანი ხშირად ცხოვრობს მუდმივი სიჩქარის, მიღწევების დაგროვებისა და საკუთარი თავის სხვებთან შედარების რეჟიმში. თითქოს ყოველთვის მეტი უნდა მოვასწროთ, უკეთესები ვიყოთ და არც დაღლილობის უფლება გვაქვს. შედეგად კი შფოთვა, შინაგანი უკმაყოფილება და ემოციური გადაწვა ყოველდღიურობის ნაწილი სულ უფრო ხშირად ხდება.
რა განასხვავებს ჩვეულებრივ გადაღლას ემოციური გადაწვისგან, როგორ გვაფრთხილებს სხეული და რა შეგვიძლია გავაკეთოთ საკუთარი ფსიქიკური რესურსის დასაცავად?
ამ კითხვებით zmna.ge ფსიქოლოგ ნინი დგებუაძეს დაუკავშირდა.

რა შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე ადამიანის მთავარ ნევროზად?
თუ გასულ საუკუნეში ადამიანის მთავარი ნევროტული კონფლიქტი ტაბუირებულ სურვილებსა და სოციალურ აკრძალვებს შორის გადიოდა, დღეს მოცემულობა ფუნდამენტურად შეიცვალა. თანამედროვე საზოგადოების მთავარი ნევროზი არა აკრძალვა, არამედ „ყოვლისშემძლეობისა და იდეალურობის ილუზიაა“.
ჩვენ ვცხოვრობთ მიღწევებზე ორიენტირებულ კულტურაში, სადაც წარმატება, პროდუქტიულობა და მუდმივი განვითარება თითქმის სავალდებულო ნორმად იქცა.
სოციალური ქსელები და ციფრული გარემო ქმნის იდეალური რეალობის განცდას, სადაც ყველა ბედნიერია, წარმატებული, სრულყოფილი, ლამაზი და ამავდროულად კარიერულადაც ვითარდება.
ამის ფონზე ადამიანს უყალიბდება ე.წ. „არასაკმარისობის განცდა“: „მე საკმარისად ბევრს არ ვაკეთებ“, „მე არ მიმართლებს“, „არ ვარ წარმატებული“, „ყველა ვითარდება ჩემ გარდა“.
ეს მუდმივი შინაგანი მონოლოგი ქრონიკულ შფოთვას წარმოშობს.
შფოთვა ფსიქიკის სიგნალია, რომ საფრთხეში ვართ. ამ შემთხვევაში კი საფრთხედ შეიძლება იქცეს იდეალური ხატის დაკარგვა ან საზოგადოებისგან „გარიყვის“ განცდა.
როდესაც ადამიანი საკუთარ რეალურ შესაძლებლობებს, ემოციურ საზღვრებსა და ბუნებრივ რიტმს უარყოფს, იწყება ნევროტული კონფლიქტი სურვილს შორის, რომ იყოს იდეალური და რეალობას შორის, სადაც ის უბრალოდ ადამიანია.
რა კავშირი აქვს ემოციურ გადაწვასთან მოთხოვნას ვიყოთ წარმატებული, პროდუქტიული და იდეალური?
ამ ნევროტულ განწყობას ხშირად თან ახლავს ემოციური გადაწვა burnout.
ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ფიზიკური გადაღლა და ემოციური გადაწვა.
ფიზიკური გადაღლილობა ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა დახარჯულ ენერგიაზე. კარგი ძილის, დასვენების, გარემოს შეცვლისა თუ უქმე დღეების შემდეგ ადამიანი, როგორც წესი, ძალებს აღიდგენს და ინტერესსა და მოტივაციას იბრუნებს.
ემოციური გადაწვა კი ფსიქოემოციური და ფიზიკური გამოფიტვის მდგომარეობაა, რომელიც ხანგრძლივი სტრესის ფონზე ვითარდება. ასეთ დროს მხოლოდ დასვენება შესაძლოა საკმარისი აღარ იყოს. ადამიანს შეუძლია რამდენიმე დღე დაისვენოს, მაგრამ მაინც დაღლილმა გაიღვიძოს.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საქმე უკვე უბრალოდ დაღლილობასთან აღარ გვაქვს? რა ნიშნები ახასიათებს გადაწვას?
გადაწვას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშანი ახასიათებს.
პირველია ემოციური და ფიზიკური გამოფიტვა — როდესაც ადამიანს აქვს განცდა, რომ ენერგიის რეზერვი თითქმის აღარ დარჩა.
მეორეა დისტანცირება და ცინიზმი. ადამიანი იწყებს გარშემომყოფებისგან ჩამოშორებას, ცდილობს იზოლირებას, ჩნდება აპათია და ზოგჯერ ცინიკური დამოკიდებულებაც.
მესამეა პროფესიული ან პირადი ეფექტურობის განცდის დაკარგვა — ადამიანს უჩნდება განცდა, რომ რასაც აკეთებს, აზრი აღარ აქვს, თავად კი საკმარისად კარგი ან კომპეტენტური არ არის.
გადაწვა ერთ დღეში არ დგება. ეს პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში და საკმაოდ ჩუმად ვითარდება.
ხშირად ყველაფერი ენთუზიაზმითა და ჰიპერაქტიურობით იწყება. შემდეგ ადამიანი საკუთარ საჭიროებებს უგულებელყოფს, ხოლო პროცესის გაღრმავებისას შეიძლება ემოციური და კოგნიტური გამოფიტვაც განვითარდეს.
ხშირად გონების კარნახით რაღაცის გაკეთებას ვცდილობთ, მაგრამ სხეული აღარ გვემორჩილება. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს სხეულის სიგნალების მოსმენა?
როდესაც ადამიანი უკვე ამ წრეშია მოქცეული და შფოთვასა და გადაწვას ებრძვის, სხეულის მოსმენა უმნიშვნელოვანესი ხდება.
ფსიქიკა და სხეული ერთიანი სისტემაა. როდესაც ადამიანი გონებრივად უარყოფს ემოციურ დაღლილობას და მუდმივად აიძულებს საკუთარ თავს გააგრძელოს მუშაობა, სხეული შესაძლოა ერთგვარ „მუხრუჭად“ იქცეს.
ხანგრძლივი სტრესის ფონზე ორგანიზმი ხშირად რჩება მაღალი დაძაბულობის რეჟიმში. ამას შეიძლება თან ახლდეს კუნთების მუდმივი დაჭიმულობა — განსაკუთრებით კისრის, მხრებისა და ყბის მიდამოში, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ზედაპირული სუნთქვა ან გულისცემის აჩქარების შეგრძნება.
სხეული ხშირად სიმპტომების ენით გვესაუბრება.
როდესაც ადამიანი საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას თქვას - „დავიღალე“, შესაძლოა სხეულმა თავად აიძულოს შეჩერება.
სწორედ ამიტომ სხეულის მინიშნებების მუდმივი უგულებელყოფა არ არის სასურველი.
რას ურჩევდით ადამიანს, რომელიც ხვდება, რომ სტრესულ გარემოს ვერ შეცვლის? რა შეუძლია თავად გააკეთოს შინაგანი ბალანსის შესანარჩუნებლად?
პირველ რგიში, უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, რომ გარემოს სტრესორებს ვერ შევცვლით ყოველთვის, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი რეაგირების ფორმა და საკუთარი საზღვრების მართვა.
1) კონტაქტი სხეულთან და სომატური დამიწება.
როდესაც შფოთვა იმატებს, გონება მომავალში გადადის ან კატასტროფულ სცენარებში, სხეული არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ყოველთვის აწმყოშია.
გამოიყენე: სუნთვის რეგულაცია - დიაფრაგმული ( მუცლით ) სუნთქვა. მაგალითად, ოთხ თვლაზე ჩასუნთქვა, ოთხი შეკავება, ექვსი ამოსუნთქვა. ხანგრძლივი ამოსუნთქვა ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც მოდუნებაზეა პასუხისმგებელი.
დამიწება: იგრძენით ფეხისგულებით საყრდენი ( იატაკი ) , შეეზეთ მყარ ზედაპირს, დააკვირდით 5 ნივთს ოთახში, 4 ხმას, 3 შეგრძნებას. ეს გადართავს ტვინს განგაშის რეჟიმიდან რეალობის აღქმაზე.
2) აუცილებელია დააწესოთ საზღვრები და ისწალოთ „არა-ს“ თქმა !
გადაწვა ხშირად იმ ადამიანების ხვედრია, რომელთაც არ შეუძლიათ საზღვრების გავლება. ისწავლეთ პრიორიტეტების დალაგება, ყველა დავალება არ არის გადაუგებელი და ყველა „თხოვნა“ დაუყოვნებლივ არ მოითხოვს თქვენს ჩართულობას. საკუთარ თავს უნდა მისცეთ უფლება, რომ იყოთ არაიდეალური და ზოგჯერ თქვათ უარი სხვების მოლოდინების გამართლებაზე, საკუთარი რესურსის და კარგად ყოფნის ხარჯზე.
3) დაიცავით ციფრული ჰიგიენა და დეტოქსი.
თანამედროვე გონება გადატვირთულია, ინფორმაციული ხმაურით. დააწესეთ მკაცრი ჩარჩოები: არ შეამოწმოთ ტელეფონი გაღვიძებისთანაცე, გამორთეთ არასავალდებულო შეტყობინებები, დაძინებამდე ერთი საათით ადრე არ გამოიყენოთ მობილური.
4) გადადის თვითმხარდამჭერის და თვითთანაგრძნობის რეჟიმზე.
შეცვალეთ შინაგანი დიალოგი და გათიშეთ მკაცრი, კრიტიკოსის ხმა. გადადით მხარდამჭერი დამკვირვებლის პოზიციაში და ნაცვლად ფრაზისა : „მეტი უნდა გავაკეთო, რა დროს ცუდად ყოფნაა ან გადაღლა." დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: „რა მჭირდება ახლა რეალურად? როგორ შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავს ახლა, ამ მომენტში?".თვითანაგრძნობა არ ნიშნავს სისუსტეს, პირიქით ეს არის ფსიქოლოგიური მდგრადოსობის ფუნდამენტი.
5) არაფრის კეთების ლეგალიზაცია
ჩვენს საზოგადოებაში უბრალოდ ყოფნა ითვლება დანაშაულად. ისწავლეთ დასვენების დაგეგმვა ისევე, როგორც საქმის გაკეთებას სწავლობთ. დასვენება არ არის ჯილდო სამუშაოს შესრულებისთვის, დასვენება არის ბაზისური საჭიროება იმისათვის, რომ საერთოდ შეძლოთ ფუნქციონირება.
და ბოლოს, რა იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ყველაფერი მოასწრონ და ყოველთვის პროდუქტიულები იყვნენ?
ჩემი, როგორც ფსიქოლოგის, მთავარი გზავნილია - აღიარეთ საკუთარი ადამიანურობა.
თქვენ არ ხართ რობოტი და არც მანქანა. ამიტომ უნდა დავემშვიდობოთ ილუზიას, თითქოს ვიღაცას შეუძლია 24/7 იყოს პროდუქტიული და ჩვენც აუცილებლად იგივე უნდა შევძლოთ.
შეჩერება, შენელება და დაღლილობის აღიარება მარცხს არ ნიშნავს. პირიქით, ეს საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაა.
რაც უფრო მეტად ვცემთ პატივს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, მით უფრო დიდხანს შეგვიძლია შევინარჩუნოთ ენერგია და საყვარელ საქმიანობასაც უფრო ჯანსაღად მივუდგეთ.
თუ გრძნობთ, რომ თქვენი „შინაგანი კონტეინერი“ ცარიელია, გახსოვდეთ: ცარიელი მდგომარეობიდან არც სხვებისთვის და არც საქმისთვის ბევრი აღარ დაგრჩებათ გასაზიარებელი.
საკუთარ რესურსზე ზრუნვა ეგოიზმი არ არის.
მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ ჩვეულებრივი და არაიდეალური. ხოლო თუ ხედავთ, რომ საკუთარი ძალებით მდგომარეობასთან გამკლავება გიჭირთ, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს.
ფსიქოთერაპიულ სივრცეში საკუთარ თავსა და სხეულთან ხელახლა დაკავშირება ხშირად შეიძლება გახდეს ის გარდამტეხი წერტილი, საიდანაც უფრო ცოცხალი და დაბალანსებული ცხოვრება იწყება.
გააზიარე სტატია